პოლიტიკოს სალომე სამადაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან საარჩევნო რეფორმის თაობაზე უმეტესწილად კონსენსუსი მიღწეულია, თუმცა არის განსხვავებული პოზიციებიც.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხვალ ოპოზიცია მიაწვდის საკუთარ ხედვებს საერთაშორისო პარტნიორებს და ამის შემდეგ დაიწყება უკვე კონსულტაციები, როგორც ვენეციის კომისიასთან, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან.
„საკითხების უდიდეს ნაწილზე მივაღწიეთ შეთანხმებას, თუმცა რჩება კონკრეტული საკითხები, სადაც გავუცვალეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება პოზიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ხვალ დილით მივაწვდით ჩვენს ხედვას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, როგორ ვაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას, რამდენად ვხედავთ შანსს, რომ კონსენსუსის გზით იყოს მიღებული შესაბამისი ცვლილებები და ამის შემდეგ დაიწყება უკვე კონსულტაციები როგორც ვენეციის კომისიასთან, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. კარგია, რომ ბევრ რამეზე შევთანხმდით, მაგრამ არის კონკრეტული საკითხები, სადაც აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განსხვავებული პოზიციებია, მათ შორის იმ საკითხზე, თუ რას გულისხმობს მედიატორ შარლ მიშელის დოკუმენტი, როდესაც საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის სრულ განახლებაზე.
„საკითხები, რომელზეც ჯერ საერთო ხედვამდე ვერ მივედით, ზოგიერთი მათგანი ვფიქრობ, შესაძლებელია შეთანხმდეს კანონპროექტის განხილვის პროცესში, მეორე მოსმენისას. რაც შეეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ განსხვავებული ხედვები გვაქვს მათ შორის ის საკითხზე, თუ რას გულისხმობს შარლ მიშელის დოკუმენტი, როდესაც საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის სრულ განახლებაზე. ჩვენ ბევრ რამეზე ვთანხმდებით ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობს კონკრეტული საკითხები, სადაც ჯერჯერობით განსხვავებული ხედვები გვაქვს“, - განაცხადა სამადაშვილმა.