ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის ნიკა მელიას „პოლიტიკური მომენტუმი“ აქვს და ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატობის შემთხვევაში, ის პირველ ადგილზე გავა.
ამასთან, როგორც უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველი გუნდისა და საერთო ოპოზიციური კანდიდატის გარდა არჩევნებზე მესამე კადიდატი იქნება არა დღევანდელი ოპოზიციიდან, არამედ გიორგი გახარიას გუნდიდან.
„ოპოზიციამ უნდა გავისიგრძეგანოთ, ანეკდოტში რომ არის, ბუღალტერია შემეტენაო - ეს 43% ბუღალტერიასავით შეგვეტენა. იმ 43%-სთვის, რაზე ნაკლებიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები დაინიშნოს, თანამშრომლობაა საჭირო. ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით, ეს პროცესი იმედს არ იძლევა.
თითო-თითო კანდიდატი არცერთ შემთხვევაში არ იქნება. პოლიტიკაში არსებობს პოლიტიკური მომენტუმი. ვისაც პოლიტიკა ესმის, დაინახავს, რომ ოპოზიციის ფლანგზე პოლიტიკური მომენტუმი აქვს ნიკა მელიას, ამას კვლევაც ადასტურებს. ნებისმიერ სხვა კანდიდატთან შედარებით დაახლოებით 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს ამ შემთხვევაში.
რაც შეეხება მესამე კანდიდატს, რომელიც ოპოზიციის წიაღში შეიძლება წარმოიშვას, ეს არის თავის მოტყუება. მესამე კანდიდატი არ იქნება არც ზურა, არც გიორგი. მესამე კანდიდატი იქნება გახარიას კანდიდატი, რომელიც არავის ამათ არ იკარებს. გახარიას კანდიდატი თავიდან ბოლომდე კანიბალიზაციას აკეთებს „ოცნების“ ხმების. აქედან გამომდინარე, ამოცანა შეიძლება არ იყოს, რომ მელიამ პირველივე ტურში მოიგოს, მაგრამ მას აქვს რეალური შანსი. მელია თუ იქნება ერთიანი კანდიდატი, ის ყველა შემთხვევაში პირველ ადგილზე გავა. 43%-ზე ნაკლები რომ იქნება „ქართული ოცნება“ მთელი ქვეყნის მასშტაბით და თბილისში პირველ ადგილზე ოპოზიციური კანდიდატი, ეს ნიშნავს ელექტორალური ველის გაშლას. ის, ნახევრად „ქოცური“ ხმები, რომელიც ვიღაცებმა წაიღეს, აუცილებლად წამოვა მელიასკენ, იმიტომ, რომ ხმები გამარჯვებულისკენ იხრება. იმ შემთხვევაში კი, თუ ოპოზიციას ბევრი კანდიდატი ეყოლება, პირველ ადგილზე გავა კალაძე. მას მეორე ადგილზე გასულთან შედარებით ექნება 10-15%-ით მეტი და მეორე ტურს აღარანაირი პერსპექტივა აღარ ექნება“, - განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილს, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია აქაც თუ არ ითანამშრომლებს, ეს მმართველი გუნდისთვის ფორა იქნება.
„მაჟორიტარში თუ არ ვითანამშრომლებთ, ეს იქნება „ქართული ოცნებისთვის“ ფორა. იქ არ არის მეორე ტური, რადგან არაა ზღვარი. თუ ოპოზიცია დაქსაქსული იქნება, პირველ ადგილზე აუცილებლად გავა „ოცნება“. თუ პირველი ტურის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ყველა მაჟორიტარი მოგებული აქვს „ქართულ ოცნებას“. იმის გამო, რომ ოპოზიციიდან 8-10 მერი იქნება წარმოდგენილი, „ქართული ოცნების“ მერები, 10-15%-ით იქნებიან წინ. ამიტომ, ზღაპრების არითმეტიკის მოყოლას დავანებოთ თავი“, - განაცხადა უგულავამ.
უგულავა გამოეხმაურა ასევე ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლას და აღნიშნა, რომ ისიც და გიორგი გახარიაც „ქართული ოცნების“ თავის ტკივილია“.
რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს და მის პერსპექტივებს არჩევნებში, უგულავას თქმით, გახარიას კანდიდატი სხვა პატარა ოპოზიციური პარტიის კანდიდატს აჯობებს.
„გახარიას კანდიდატი ვინ ეყოლება, არ ვიცი, მაგრამ გახარიას კანდიდატის რეიტინგი, ნებისმიერი პატარა ოპოზიციური კანდიდატზე უფრო დიდი იქნება. გახარია დაახლოებით ისე პოზიციონირებს, როგორც 2017 წელს „ნაცმოძრაობისთვის“ „ევროპული საქართველო“ იყო. დაახლოებით ასეთია გახარიას პარტია „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა უგულავამ.