"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა ისტორიული და რევოლუციურია, ამიტომ მისი "თამარ ჟვანიამდე დახურდავება და დაყვანა არასწორია". ელისაშვილის თქმით, ისეთი რეფორმა გატარდება, რომ თვითმმათველობის არჩევნებისთვის "ჟვანია აღარ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე და ახალი დამტკიცების წესი ამას გამორიცხავს."
ელისაშვილის თქმით, "აირაის" ორგანიზებით, საარჩევნო რეფორმაზე ორი შეხვედრა უკვე გაიმართა ოპოზიციის მონაწილეობით.
"მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დეტალების დაზუსტება და კიდევ უფრო გაკეთილშობილება ამ საშვილიშვილო რეფორმის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არაფერი შეუთანხმებელი და გაურკვეველი არ არის საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის და ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ისტორიულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ნდობის პრობლემას მოხსნის.
თუმცა რევოლუციურს რაც ხდის ამ ცვლილებებს, არის ორი კომპონენტი - ელექტრომთვლელი მანქანები, რომლებიც არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში უკვე ზუსტ შედეგს გვეტყვიან და მეორე - იქნება თუ არა საჩივრები, რამდენიმე დღეში, ცესკო მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 10 პროცენტს გადაითვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყალბება უბრალოდ აზრს დაკარგავს.
შეიძლება ვიღაც იდიოტი, გულანთებული რომელიმე პარტიის აქტივისტი ან კომისიის წევრი ყრიდეს ძველი ინერციით ბიულეტინებს, მაგრამ უბრალოდ აზრი დაეკარგება, ამაო გარჯა იქნება,"- განაცხადა ელისაშვილმა.