ავტორი:

"მისი განცხადება ადასტურებს, რომ ასეთ ცვლილებებს აღარ გაატარებს... "ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა" - როგორ აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტოს არგამოყენებაზე?

"მისი განცხადება ადასტურებს, რომ ასეთ ცვლილებებს აღარ გაატარებს... "ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა" - როგორ აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტოს არგამოყენებაზე?

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი. პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა "ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას".თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

„ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თვლის, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუსტე გამოავლინა.

როგორც ვაშაძე წერს, „მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების!“

"მომავალ კვირაში დარეგისტრირდება ჩვენი კანონი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმებაზე! "ქართულ ოცნებას" მოუწევს პასუხის გაცემა საჯარო დებატებში ანტიდემოკრატიული კანონის მიღებაზე!", - წერს ვაშაძე "ფეისბუქზე".

ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის შეფასებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი “ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებასა და კანონებზე ვეტოების დადებას დაიწყებს.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას სულ მცირე ადმინისტრაციული სანქციების გაზრდასთან დაკავშირებულ პროექტზე გამოიყენებდა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უფლებრივი თვალსაზრისით მდგომარეობას აუარესებს, რადგან საჯარიმო სანქციები იზრდება და თუ აქამდე მოსამართლეს ერთ ან 2-დღიანი პატიმრობის გამოყენება შეეძლო, ახლა 5-დღეზე ნაკლებს ვეღარ გამოიყენებს.

“სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო შემდეგი: - პრივილეგია ბოლოჯერ მოგეცით და ამის შემდეგ ასეთი რამ აღარ იქნება! მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. პრეზიდენტის განცხადება ადასტურებს, რომ ის ასე მარტივად, ასეთ ცვლილებებს “ქართულ ოცნებას“ აღარ გაუტარებს. აღნიშნული კანონის მიღება ლოგიკაში არ ჯდებოდა, მით უფრო ახლა, როცა შერიგების, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის და შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზაციის კონტექსტში ვიმყოფებით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პოლიტიკოს სალომე სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ის იმედგაცრუებულია. როგორც სამადაშვილმა განმარტა, მას შემდეგ რაც კანონი ძალაში შევა, აუცილებლად მოახდენენ ინიცირებას ცვლილებების “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში.

„"შემიძლია ის ვთქვა, რომ ვართ იმედგაცრუებული, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა. როდესაც კანონი ძალაში შევა, ჩვენ ჩვენი მხრიდან აუცილებლად გავუკეთებთ ინიცირებას შესაბამის ცვლილებებს კანონში. აუცილებლად ვუზრუნველყოფთ, რომ ამ ცვლილებების განხილვა წარიმართოს ფართო საზოგადოებრივი თანამონაწილეობის პირობებში, მათ შორის პარლამენტში. ვფიქრობ, მითუმეტეს უნდა გამოეჩინა პრეზიდენტს მეტი პოლიტიკური ნება და ესარგებლა ვეტოს უფლებით. მისი დისკრეციული უფლებაა ვეტოს გამოყენება, შეუძლია ამ უფლებას ინტერპრეტირება გაუკეთოს ძალიან ვიწროდ ან უფრო ფართოდ. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, ვიწრო ინტერპრეტაცია მიეცა, ამ დისკრეციული უფლებამოსილებისთვის და განეცხადებინა, რომ მას იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა იმისთვის, რომ ვეტო გამოეყენებინა. თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდა”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას არ სჭირდება არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ხოლო პრეზიდენტის არგუმენტები აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი იყო.

“რაც ახლა ვიხილეთ, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან როგორც შინაარსით, ისე ფორმით, არის უტიფრობის დემონსტრირება, საოცარად შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის - ივანიშვილის რეჟიმის, მთლიანად მისი გარემოცვის, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისგანაც, რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის და მერე ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო.

ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუნდაც იმ მოტივით, რომ პოლიტიკური კონსულტაცია და განხილვა არ იყო, ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"იმედია, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა" - გიორგი ვაშაძე

"პარლამენტში შემოსვლა, შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს, შთაბეჭდილება მაქვს, რომ "ნაცმოძრაობაში" ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა" - სალომე სამადაშვილი

როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და რას ამბობს საქმის პროკურორი