ავტორი:

27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა - ვინ არის ვიტალი ბუტერინი და რა კავშირი აქვს რუსეთთან

27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა - ვინ არის ვიტალი ბუტერინი და რა კავშირი აქვს რუსეთთან

27 წლის ვიტალიკ ბუტერინი, რუსული წარმომავლობის, კანადაში მცხოვრები ინოვატორია, რომელმაც 2013 წელს, ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში შექმნა კრიპტოვალუტა - ეთერიუმი, დღეს კი, აღნიშნული ვალუტის წყალობით, მილიარდერი გახდა.

როგორც CNN წერს, ეთერიუმი ბაზარზე 2015 წელს ჩაეშვა. ბუტერინი კი ამ დროისთვის თავის საჯარო ანგარიშზე 333 500 ეთერიუმს ფლობს. ამ ვალუტაზე ბოლო დროს მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, მისი ერთი ერთეულის ფასი 3 482 დოლარია, შესაბამისად, პროგრამისტის ქონება დაახლოებით, 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბუტერინი არის Bitcoin Magazine-ის თანადამფუძნებელი, ეს არის გამოცემა, სადაც ქვეყნდება პუბლიკაციები ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების შესახებ 2012 წლიდან. 2014 წელს ის მოხვდა თიელის სტიპენდიანტებს შორის, სტიპენდია დააწესა მილიარდერმა პიტერ თიელმა, რათა ინოვატორი ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვისაც აუდიტორიაში ყოფნას, რაიმის შექმნა ურჩევნია, თავიანთი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.

სტიპენდია ერთ ახალგაზრდაზე 100 000 დოლარს ითვალისწინებს. სწორედ ეს იყო ის თანხა, რომელიც ბუტერინმა საწყის კაპიტალად გამოიყენა.

ახალგაზრდა მილიარდერი სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია, მაგალითად Twitter-ზე 1,4 მილიონი გამომწერი ჰყავს მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არასდროს არაფერს წერს და არ აქტიურობს.

ბუტერინი რუსეთში, ქალაქ კოლომნაში, დმიტრი ბუტერინისა და ნატალია ჩისტიაკოვას ოჯახში დაიბადა. მამა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი იყო. რუსეთში ექვსი წლის ასაკამდე ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ, ოჯახი ემიგრაციაში კანადაში წავიდა, ცხოვრებისა და მუშაობის უკეთესი პირობებისთვის.

17 წლის იყო, როდესაც მამამ ბიტკოინების შესახებ უამბო. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ვატერლოოს უნივერსიტეტში სწავლობდა და გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული ნიჭით მათემატიკაში. იყო კრიპტოგრაფ იან გოლდბერგის კვლევის ასისტენტი.

2014 წელს უნივერსიტეტში სწავლაზე უარი თქვა. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ გაჩერდა, მიიღო თიელის სტიპენდია და შექმნა კრიპტოვალუტა, რამაც დღეს უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია.

  • ბუტერინმა კარგად იცის ეთერიუმის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ თავისი მშობლიური ქვეყნისთვის. 2017 წლის 2 ივნისს ის პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მედია მაშინ წერდა, რომ საუბარი შეეხებოდა ეთერიუმის პოტენციალს და რუსეთის მხარდაჭერას აღნიშნული კრიპტოვალუტის განვითარებაში, ასევე კავშირს რუს პარტნიორებთან. შეხვედრის შემდეგ, ბუტერინმა აღნიშნა, რომ საუბარი იყო მოკლე და სასარგებლო.

"ჩვენ ვცდილობთ ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი შევქმნათ ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური სოციალური სისტემისთვის“, - ეს განცხადება კრემლმა აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.

როგორც CNN წერს, ეთერიუმზე მოთხოვნის ზრდას ექსპერტები სხვადასხვა მიზეზებს მიაწერენ. მათ შორის იმ ფაქტსაც, რომ ციფრული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობის სფეროში აღნიშნულ კრიპტოვალუტას იყენებენ და შესაბამისად, მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

"ჩემი ვაჟი აიძულეს... მას სცემენ და აწამებენ" - რას აცხადებენ დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას მშობლები?