ავტორი:

"გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? თუ მოვანანიებინებთ, კარგი არ იქნება?" - კოკოჩაშვილის ფილმის პროდიუსერი მათ მიმართ კრიტიკასა და სცენარზე

"გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? თუ მოვანანიებინებთ, კარგი არ იქნება?" - კოკოჩაშვილის ფილმის პროდიუსერი მათ მიმართ კრიტიკასა და სცენარზე

"ტერცო მონდო" - ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი უკვე მესამე წელია იღებს. ფილმი ცოტა ხნის წინ დიდი განხილვის საგანი გახდა, როცა საზოგადოებამ შეიტყო, რომ "ტერცო მონდოში" ფრანგ კინოვარსკვლავს ჟერარ დეპარდიეს გადაიღებენ. ადამიანების აღშფოთების მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ დეპარდიე რუსეთის მოქალაქე იყო და ამავე ქვეყნის პროპაგანდისტი. ამასთან, აფხაზეთში ყოფნისას ქართველებს, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო ფრაზებით დაამახსოვრა თავი.

თუმცა ფილმის რეჟისორის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია, მან მსახიობი მისი არტისტული მონაცემების გამო გამოარჩია და არა პოლიტიკური ნიშით, რადგან მის ფილმს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. დავინტერესდით, საერთოდ რაზეა ფილმი, რას და როგორ იღებს რეჟისორი.

AMBEBI.GE-ს ფილმის პროდიუსერი, "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ხათუნა ხუნდაძე ესაუბრა:

- "ტერცო მონდო" სამ მეგობარზეა, რომლებიც პატარაობიდანვე რაიონის სკოლიდან ერთად მოდიან, შემდეგ კი თბილისში გადაინაცვლებენ... საბოლოოდ კი, ეროვნული მოძრაობის დროს, ერთმანეთს პოლიტიკურ ნიადაგზე დაუპირისპირდებიან. 90-იანი წლების დაძაბულ პერიოდში, გოგონა, რომელიც ბიჭების ბავშვობის მეგობარია და ორივეს უყვარს, იღუპება, ბრმა ტყვიის მსხვერპლი ხდება. ამის შემდეგ კი მძაფრად ვითარდება მოქმედება... უნდა აღვნიშნო, რომ აკა მორჩილაძის ამ მოთხრობაში ბატონმა მერაბმა ბევრი რამ გადააკეთა, დაამატა და სცენარი 95-გვერდიანი გახადა... ფილმის დაფინანსებამ 2018 წელს მოგვიწია და მას მერე მესამე წელია, ნაწილ-ნაწილ ვიღებთ,“ - გვეუბნება ხათუნა ხუნდაძე.

მერაბ კოკოჩაშვილი, ლევან წულაძე და დუტა სხირტლაძე ფილმის გადაღებაზე

- ე.ი. ორ ბიჭს უყვარს ერთი გოგო?

- კი და რომ გაიზრდებიან, ნათია ერთს არჩევს. არის თბილისის ომი, პრეზიდენტ გამსახურდიას პერიოდი. ერთ-ერთი მეგობარი - მოხიტო პრეზიდენტის მხარეს აღმოჩნდება და მეორე - ოპოზიციაში. ნათია კი ომის დროს პრეზიდენტის მხარდამჭერებისგან გამოსროლილი ბრმა ტყვიით იღუპება, რომელიც სახლში შეუვარდა. გადის წლები და მოხიტო, ანუ ერთ-ერთი მეგობარი უკვე ევროპაში ცხოვრობს, 20-25 წლის განშორების შემდეგ მასთან აკა ჩადის, რადგანაც მთელი ცხოვრება აწუხებს კითხვა - მეგობარმა ნათია ეჭვიანობის ნიადაგზე ხომ არ მოკლა?! მოკლედ, იმ ერთდღიანი შეხვედრის ამბავში ბევრი მოგონებაა ჩატეული - სამი თაობაა ნაჩვენები - ბავშვობა, ახალგაზრდობა და 50-ს მიახლოებული ადამიანები. ამიტომ რთული გადასაღებია, ეპოქებია წარმოსადგენი. მოქმედება უნდა განვითარდეს გერმანიაშიც, რადგანაც 90-იანებში ხალხი იქ ემიგრაციაში მასობრივად გარბოდა. ერთკვირიანი გადაღება კი სამხრეთ გერმანიაშია დაგეგმილი.

- როდისთვის?

- როგორც კი დაფინანსება იქნება, ალბათ ამ გადაღებას შემოდგომაზე შევძლებთ... საინტერესო მსახიობების ჯგუფია შეკრებილი, მთავარ როლებს, აკას და მოხიტოს დუტა სხირტლაძე და ლევან წულაძე თამაშობენ (აკა ლევანია, მოხიტო - დუტა). ქალის მთავარ როლს ქეთა შათირიშვილი ასრულებს. გვყავს ძალიან კარგი ბავშვები. პატარა ნათიას როლში ჩემი დისშვილი, ნახევრადგერმანელი ლილე ლემანია, კოლორიტული გარეგნობის ბავშვია და სხვა ფილმშიც არის გადაღებული. ბატონმა მერაბმა ლილე კასტინგის გარეშე შეარჩია. ასევე არიან - გივიკო ხახიძე, მსახიობ დათო ხახიძის შვილი, სხვათა შორის, დათოს პრემიერაც ბატონი მერაბის ფილმში "ნუცას სკოლა“ 25 წლის წინ შედგა. ხახიძეს მოხიტოს როლი აქვს, ანდრია თოხაძე არის აკა. ძალიან კარგები არიან. ულამაზესი კადრები გვაქვს ხადას ხეობაში გადაღებული.

მერაბ კოკოჩაშვილი და ლილე ლემანი (ნათია როლის შემსრულებელი)

- და ის ფუმფულა ბავშვებიც, სოფელ ქვეშეთიდან - მარი ნარიმანიძე და ბექა ბუჩუკური, რომლებიც ცოტა ხნის წინ მთელმა საქართველომ თქვენი მეშვეობით გაიცნო, ამ ფილმზე მუშაობისას აღმოაჩინეთ, ხომ?

- კი, ისინი ეპიზოდებში არიან, მაგრამ ძირითად როლებში ეს სამი ბავშვია... ახალგაზრდა გმირების როლებს ასრულებენ ასევე - რუსთაველის თეატრის მსახიობი გიზო ჟორდანია, მას აკას ახალგაზრდობის როლი აქვს შესასრულებელი, არის კიდევ ახალბედა, კარგი მონაცემების მსახიობი - გური ფოჩხუა, ის მოხიტოა ასევე ერთ-ერთ ეტაპზე. ბერძენის როლს თამაშობს ქუთაისელი კარგი მსახიობი ვახტანგ ამანათიძე, რომელიც ზედგამოჭრილი ბერძენია და აღმოჩნდა, რომ მას ისედაც ბერძნული ფესვები აქვს და მისი წინაპრების გვარი, ამანათიდია. მაყურებელი ფილმში აბსოლუტურად სხვანაირ ვასიკო ოდიშვილს იხილავს.

- ჟერარ დეპარდიეს რა როლი აქვს? მის ფილმში მონაწილეობას გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა...

- რაც შეეხება მასთან დაკავშირებით ყბადაღებულ ბრალდებებს, სრული აბსურდი... დეპარდიე იყო რუსეთის მოქალაქე, მაგრამ რუსეთის მთავრობას დაუტოვა ბინა, ყველაფერი და განუცხადა, "სარაიაში" უფრო ვიცხოვრებ, ვიდრე რუსეთშიო და საფრანგეთში დაბრუნდა. ამასთან, დაგმო რუსეთის მოქალაქეობა და დღეს ის საფრანგეთის მოქალაქეა. დეპარდიეს აქვს გერმანელი მწერლის როლი, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს. მის მეუღლეს ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელსაც ემიგრაციაში მოხიტო წერს. ეს მისი თავგადასავალია, მოგონებები. გერმანელი მწერლის ცოლი საქართველოშია და თავის ყოფილ მეგობარს და ბასკ ქალს "სკაიპში" ესაუბრება. თქვენ და ქართველები ერთმანეთს გავხართ, საოცარი ხალხი ხართ! ქართველები ახლაც ომში არიან. სულ თავისუფლებისთვის იბრძვიან და ასეთი შედევრის წერა მხოლოდ ქართველს შეუძლია. შემდეგ ისხამს ქართულ ღვინოს და მას აქებს, ღვინის ღმერთის სადღეგრძელოს სვამს - ღმერთებიც რა უცნარი ჰყავთ ქართველებსო... ამ ადამიანების დიალოგი ფილმში რამდენჯერმე ჩნდება.

- ე.ი. მწერლის როლი აქვს დეპარდიეს?

- კი, მაგრამ მსახიობთან ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა, კონტრაქტზე ხელი მოწერილი არ არის და საქართველოშიც არ ჩამოსულა. აქ არც ჩამოგვყავს, მისი გადაღება გერმანიაში უნდა მოხდეს... რამდენადაც ვიცი, ამაზე პრესაც წერდა და როგორც უკვე გითხარით, მან რუსეთს ყველაფერი მიაყარა და იქ ცხოვრებაზე უარი თქვა. მისმა სამშობლომ მიიღო, უკან დააბრუნა... ფაქტია, რომ ეპატაჟური, უცნაური ადამიანია, მაგრამ ბატრონ მერაბს ტიპაჟი მოსწონს და ეს არის...

- მოვისმინე ბატონი მერაბის კომენტარი, რომ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთს ემიჯნება, მაგრამ დეპარდიესა და რუსეთის ურთიერთობაზე არც ისე სასიამოვნო მოგონებები რომ არსებობს, ამაშია საქმე...

- აფხაზეთის თემა არც მე ვიცოდი და არც ბატონმა მერაბმა. მაშინ საქართველოშიც არ ვცხოვრობდი. ერთი, რაც ვიცოდი, პუტინთან იყო კარგად და მერე მასაც ზურგი შეაქცია. ამიტომაც ჩავთვალე, რომ ყველა ბარიერი მოხსნილი იყო. პოლიტიკურ საკითხებს ასე არ ჩავღრმავებივარ.

- ე.ი. ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა?

- არა, მსოფლიო ვარსკვლავთან ხელშეკრულება რომ გაფორმდეს, მისი ჰონორარი, ანუ 100%-იანი თანხა უნდა გქონდეს. მისი დაფინანსება ქართული ბიუჯეტიდან არ იყო გამიზნული. ფული, რომელიც მოვიგეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთლიანად საქართველოში იხარჯება და პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ქართული ფული საზღვრებს გარეთ გავიდეს - აქ უნდა დარჩეს.

- რა პერსპექტივა აქვს ახლა ამ ყველაფერს?

- ჰონორარი იმის მეხუთედია, რაც უდნა აიღოს და ეს გამოწვეულია ბატონი მერაბის განვლილი ცხოვრებით, ანუ რეჟისორი ვინ არის, ფილმს ვინ იღებს... თქვენ გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა?! თუ ავუხსნით, გავაგებინებთ და მოვანანიებინებთ იმ ნათქვამს, განა ეს კარგი არ იქნება? არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვიცი, პოლიტიკურად რა არის კორექტული. მე პროდიუსერი ვარ. რეჟისორს მოსწონს მსახიობი? თუ შევძელი და ყველა სურვილი შევუსრულე, ეს კარგი პროდიუსინგის მაჩვენებელია. ღვაწლმოსილ რეჟისორს, საზოგადო მოღვაწეს, ერეკლე მეორისა და ჭავჭავაძეების შთამომავალს, ოციოდე წლის ჟურნალისტი რომ ურეკავს და ლამის სახელმწიფო ღალატში სდებს ბრალს, ეს ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს?! დამისახელეთ მერაბ კოკოჩაშვილისნაირი პატრიოტი! ისეთი ბრალდებები გაისმა, რომ თავიდან მართლა ვერ მივხვდი, რა ხდებოდა...

- ფილმის რა ნაწილია ახლა გადაღებული?

- ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია და ერთი მესამედი დარჩება გადასაღები. როგორც გითხარით, ეპოქებია წარმოსადგენი, ასევე წელიწადის სხვადასხვა დრო - ზამთარი, შემოდგომა. სამი ცეკვა დაიდგა, მარტო ამისთვის 5 მუსიკა დაიწერა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ წლის ბოლოს სამუშაო დავასრულოთ. ისეა ყველაფრი აწყობილი, რომ მონტაჟი გადასაღებ მოედანზევე მიმდინარეობს. ფილმის დამფინანსებელი ერთადერთი კინოცენტრია და ვიღებთ მისი ფულით. მერაბ კოკოჩაშვილი ამბობს, რომ - ახლა კინოს გადაღება არის ტანჯვა, მე ასე კინო არ გადამიღია, კაპიკებით ვმუშაობთო, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები და ამ ყველაფერს ვიზიარებ.

"ლუნა ყიფშიძე, გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა

ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე გადაცემის წამყვანი გახდა

"რატომღაც ყველას ჰგონია,  რომ სექსმუშაკი ვარ..." - ალექსანდრა პაიჭაძე