ავტორი:

"აცრა უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებას ნიშნავს" - რას ყვებიან ვაქცინირებული ქართველები

"აცრა უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებას ნიშნავს" - რას ყვებიან ვაქცინირებული ქართველები

მსოფლიომ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრება სტრესში გაატარა - მათ, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო ახლობლების დაკარგვას გადაურჩნენ, ამის შიში ყოველდღიურად თან სდევდათ; დაავადება მძიმე მიმდინარეობით დაამარცხა ბევრმა ინფიცირებულმა; ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა და გართობის სივრცეები შეეზღუდათ, სახლებში მოუწიათ გამოკეტვა...

ამასობაში, სწრაფი ტემპებით შეიქმნა ვაქცინები, დაიწყო აცრები და ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ისრაელი, კორონავირუსს უკვე ემშვიდობება...

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით ამჟამად 45 000-მდე ადამიანია აცრილი, "ფაიზერის" ორი დოზით უკვე აიცრა თითქმის 3 000 ადამიანი. მათი უმრავლესობა 65 წელს გადაცილებული ადამიანები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.

როგორ შეცვალა ვაქცინაციამ ამ ადამიანების ცხოვრება? - "ფაიზერის" ვაქცინით აცრილები Allnews.ge-ს თავიანთი გამოცდილების შესახებ უამბობენ.

ეთერ ცირეკიძე, 68 წლის, ეკონომისტი, პენსიონერი:

"რომ არა სტრესი, ვაქცინას არც გავიკეთებდი. მთელი ეს პერიოდი, რაც კორონა შემოვიდა, დაძაბული ვიყავი. რამდენი რამე გაუქმდა, რამდენი რამ ვერ გავაკეთეთ ამ პანდემიის გამო... თითოეული ჩემი დახველება, ან მეზობლის, შვილის, მეგობრის თუ შვილიშვილის გაციება, შიშს იწვევდა, აბა, არ დაემართოს კორონა, არ მოხდეს ფატალური შემთხვევა და ა.შ. სულ სტრესის ქვეშ ვიყავით. ძალიან ველოდი ამ ვაქცინას. სიმართლე რომ ვთქვა, "ასტრაზენეკამ" ცოტა შეგვაშინა იმ ამბის გამო, რაც მოხდა, თუმცა გადავწყვიტე, რომ თუკი "ფაიზერის" ვაქცინა შემოვიდოდა, აუცილებლად გავიკეთებდი.

"ფაიზერის" შემოსვლისთანავე ჩავეწერეთ - 12 აპრილს პირველი დოზა გავიკეთე, 5 მაისს კი მეორე მიწევს

რა თქმა უნდა, ვაქცინაზე ინფორმაცია მოვიძიე, თუმცა რომ ვთქვა, ამ ვაქცინის შემადგენლობას ღრმად ჩავყევი-მეთქი, არა. ვენდე იმ ხალხს, ვინც ეს ვაქცინა გააკეთა, ვენდე ჩვენს მთავრობას, რომ შემოიტანეს. ასევე, დარწმუნებული ვარ, ვაქცინის გაკეთება აუცილებელია, რომ ამ პანდემიამ გადაიაროს, თორემ ბოლო დროს ყოველდღიური ინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება; გაღარიბდა ქვეყანა და ხალხი; ერთმანეთს ვერ ვხვდებით, გვეშინია ერთმანეთის დანახვაც, ფანჯრიდან ხომ არ შეხედავ ყველას და ტელეფონით და ვიდეოთვალით ხომ არ დაელაპარაკები?!

ბედნიერი ვიყავი, რომ გავბედე და გავიკეთე, ძალიან მომეშვა. იმავე დღეს რომ ყოფილიყო მეორე დოზის გაკეთების საშუალება, მაშინვე გავიკეთებდი. აცრის დღეს თითქოს, ხასიათი დამიმძიმდა, ცოტა შეცხელებაც იყო, თუმცა სიცხე არ მქონია. იმის მერე წესებს მაინც ვიცავ, არც გავდივარ სახლიდან, მინდა, მეორე დოზის გაკეთებას ნორმალურად შევხვდე, რადგან ინფექცია უკვე ძალიან გამრავლდა.

აქამდე ჩემს და-ძმასთან და ჩემს შვილთან თავისუფლად ვერ მივდიოდი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვირუსს ჩემს ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან არ მივიტან და სტუმრად უკვე თამამად მივალ. შვილიშვილები მყავს, მაგრამ ყველა ვცდილობთ, ერთმანეთს მოვერიდოთ და ახლა ცოტათი ხომ მაინც მოეშვება ეს მორიდება?

უკვე ვიცი, რომ ვაქცინა გაკეთებული მაქვს და ამ ვერაგი დაავადების გადამტანი მე არ ვიქნები

- გვეუბნება ეთერ ცირეკიძე და კითხვაზე, რას ეტყოდა მათ, ვინც ვაქცინის გაკეთებაზე თავს იკავებს, გვპასუხობს:

"ის ასაკოვნები, ვინც თავს იკავებს, ძალიან დიდ სისულელეს აკეთებენ. მე არ ვარ კომპეტენტური, არ ვარ ექიმი, არ ვარ მედიცინის მუშაკი, მაგრამ ძალიან კარგად მოვისმინე ექიმების მოწოდებები, რომ ხალხმა ვაქცინა გაიკეთოს. მეტი რა უნდა უთხრა ხალხს?

საქართველოში, დაავადებულების რიცხვი 300 000-ს აცდა, 4 000-ზე მეტი გარდაიცვალა. რამდენი მილიონი ვაქცინაა გაკეთებული მსოფლიოში და რამდენია გარდაცვლილი? რაღაცით ხომ უნდა იმსჯელო ადამიანმა? ნებისმიერ წამალს, რომელსაც ვსვამთ, უარყოფითი ჩვენებები, გვერდითი მოვლენები აქვს. მგონი, უნდა განსაზღვრო და აწონ-დაწონო, რომელი ჯობია შენთვის, შენი ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, შენი ქვეყნისთვის და ბოლოს და ბოლოს, შენი მსოფლიოსთვის! ჩემი მსჯელობა ასეთი იყო - სწორედ ამიტომ გავიკეთე ვაქცინა“.

ირინა ღოღობერიძე, 70 წლის, თეატრის კრიტიკოსი:

"შიში ნამდვილად არ მქონია, რადგან საერთოდ, ეს არ მჩვევია - საკმაოდ ბევრი გვაქვს გამოვლილი ამისთვის ცხოვრებაში. ჩემი ცხოვრების დევიზია, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. რა თქმა უნდა, პანდემიამ ძალიან შეცვალა ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ აღმოვჩნდით აბსოლუტურად სხვა განზომილებაში - ყველამ ვირტუალურ სივრცეში გადავინაცვლეთ.

მე თეატრის კრიტიკოსი ვარ, ჩემი პროფესია ძალიან მოძრავია, ვართ მოდებული მთელ საქართველოს, სადაც თეატრია, სადაც რაიმე ფესტივალი მიმდინარეობს და სადაც პრემიერაა - ეს ყველაფერი განსაკუთრებით ახლა, გაზაფხულის პერიოდში დამაკლდა, როცა თეატრი ძალიან მძიმედ და რეგულაციების დაცვით, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს...

რაც შეეხება იზოლაციას, სახლში არის ოჯახი, ტელეფონი, კომპიუტერი, შემიძლია, ყველას დავეკონტაქტო, დაველაპარაკო, არის წიგნები, რომელიც არ წამიკითხავს და თაროებიდან ისინი გადმოვიღე, არის ინტერესები ცხოვრებაში, რომლისთვისაც მანამდე დრო არ მქონდა. რა თქმა უნდა, ჩვეული ტემპი და ცხოვრების ხალისი არ არის, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში ჩავარდნა ნამდვილად არავის უნდა მოუნდეს.

თავიდანვე ვიცოდი, ის, რომ უნდა ავცრილიყავი, ისევე, როგორც ჩემმა მეუღლემ. მე ექიმებში ვარ გაზრდილი და შეჩვეული ვარ, პრევენციულ ზომებს რომ გთავაზობს ექიმი და თვლის, რომ ეს აუცილებელია, ე.ი. უნდა შეასრულო. რა თქმა უნდა, თავიდან გარკვეული სკეპსისი და სიფრთხილე მქონდა, მეორე დოზის მიღების დროსაც მქონდა ფიქრები, რა და როგორ იქნებოდა, გამოიწვევდა თუ არა დისკომფორტს. თუმცა, არც კი მიფიქრია, რომ არ ავცრილიყავი, რადგან აცრა ჩემთვის უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებას ნიშნავს.

პირველ ჯერზე უფრო მეტი სიფრთხილით და ინტერესით მივდიოდი, მაგრამ ძალიან მშვიდად და წყნარად ჩაიარა. მარცხენა ხელზე მხოლოდ პატარა დისკომფორტი მქონდა, სადაც აცრა გამიკეთეს, ოდნავ ვგრძნობდი დაბუჟებას, ასევე, მესამე თუ მეოთხე ღამეს მქონდა შემცივნება, თუმცა ექიმს გაფრთხილებული ვყავდი და მომზადებული ვიყავი - დავწექი, თბილად გადავიფარე, მოვადუნე სხეული და მაქსიმუმ 5 წუთში ამ შეგრძნებამ გამიარა... წაიკითხეთ ვრცლად

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

"საქართველოში ძალიან რთულია ამ ტიტულის მიღება, რადგან ძლიერი მეტოქეები უნდა დაამარცხო" - გაიცანით 16 წლის მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ოსტატის წოდება მოიპოვა

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა