უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა. მსოფლიოს რიტმი მთლიანად შეიცვალა, ადამიანები შიშმა და გაურკვევლობამ მოიცვა. სწორედ ამ, ყველასთვის მძიმე პერიოდში, სოფო შევარდნაძემ წიგნზე მუშაობა დაიწყო, რომელშიც საკუთარი განცდები და საინტერესო ადამიანების აზრებს, პროგნოზებს მოუყარა თავი.
თავად ავტორი, ვირუსოლოგები, მხატვრები, ეკონომისტები და ფუტუროლოგები, ნობელის პრემიის ლაურეატები და ბესტსელერების ავტორები პასუხს სცემენ ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ კითხვებს და წარმოგვიდგენენ მითითებებს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ახალ რეალობას და ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ.
როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი და როგორ შეცვალა პანდემიამ თავად ავტორის ცხოვრება - ამის შესახებ სოფო შევარდნაძე Ambebi.ge -ის ესაუბრა.
როდის და როგორ გაჩნდა წიგნის დაწერის იდეა?
გასული წლის მარტში, როდესაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა და ცხადი გახდა, რომ მალე დაიწყებოდა „ლოკდაუნი“, მოსკოვში ვიყავი. რა თქმა უნდა, ასეთ მძიმე ვითარებაში ჩემს ოჯახთან ყოფნა მინდოდა, ამიტომ სასწრაფოდ გადმოვფრინდი თბილისში. მაშინდელი რეგულაციებიდან გამომდინარე, 2 კვირა თვითიზოლაციაში გავატარე. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, უამრავი შეკითხვა დამებადა, პასუხები კი არ ჩანდა. მარტო დავრჩი ჩემს თავთან, ჩემს ისტორიებთან, ჩემს წარსულთან და პასუხგაუცემელ შეკითხვებთან, რომლებზე ფიქრისთვისაც ადრე არც დრო მქონდა და არც სურვილი.
ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ის შეკითხვები, რომლებიც პანდემიის დასაწყისში ყველას გვაწუხებდა, დამესვა იმ ადამიანებისთვის, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. შევადგინე სხვადასხვა ფასების გამორჩეული წარმომადგენლების სია, რომლებთანაც ადრეც მქონდა საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა. ესენი არიან _ მეცნიერები, ხელოვანები, ნობელის პრემიის ლაურეატები... ჩემდა გასაკვირად, მათი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დიდი სიამოვნებით დამთანხმდნენ. ამავე პერიოდში ერთ-ერთმა გავლენიანმა გამომცემლობამ შემომთავაზა წიგნის დაწერა და მივხვდი, რომ დრო იყო, ამ ერთ დიდ გაურკვევლობაზე თავიანთი საქმის ავტორიტეტულ პროფესიონალებთან ერთად მესაუბრა.
წიგნზე მუშაობა რეალობისთვის თვალის გასწორების მცდელობა იყო?
არა მხოლოდ. როდესაც ამ თემაზე სხვებს ვესაუბრებოდი, ერთმანეთს აზრებს, გრძნობებს, შიშებსა თუ პროგნოზებს ვუზიარებდით, დავასკვენით, რომ ახლა ვცხოვრობთ დროში, რომელსაც გაურკვევლობა ჰქვია - ის, რისიც ადამიანებს ყველაზე მეტად გვეშინია. ჩემი წიგნი იმ პასუხების ძიების მცდელობაა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ უჩვეულო რეალობაში.
თქვენ თავად როგორ შეძელით ამ გაურკვევლობაში ცხოვრება, რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში?
ვფიქრობ, ჯერ კიდევ სავსებით ვერ ვაცნობიერებთ, როგორ შეიცვალა ცხოვრების ყველა სფერო. უნდა გავიაზროთ რომ მსოფლიო, რომელიც წელიწად ნახევრის წინ იყო, აღარ არსებობს. ეს ისეთი დროა, როდესაც თამაშის ახალი წესები უნდა მოვიგონოთ. წიგნშიც ზუსტად ამაზეა საუბარი: როგორი შეცვლილი იქნება მსოფლიო, როდესაც პანდემია დასრულდება. უდავოა, რომ პანდემიამ უკვე მოახდინა ყველა სფეროზე გავლენა, ეს ცვლილებები კი არა თუ შემცირდება, არამედ გაიზრდება და უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება.
ეს წიგნი, პირველ რიგში, თავად მე დამეხმარა, რომ ახალ რეალობაში ცხოვრება მესწავლა. ბევრი რაღაც გადავაფასე, დღევანდელი დღით ცხოვრება დავიწყე და მივხვდი, რომ ასე გაცილებით უკეთ ვმუშაობ. ჩემთვის ეს წელიწადნახევარი როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო, რაც კი ბოლო 15 წლის განმავლობაში მქონია: წიგნი დავწერე, ბავშვი გავაჩინე, ახალი გადაცემების 2 სეზონი ჩავწერე და 2 ახალი პროექტი წამოვიწყე.
როგორ შეძელით ეს ყველაფერი?
ყველაფერი დღის რეჟიმის შეცვლით დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დატვირთული გრაფიკით ვცხოვრობდი, კვირაში რამდენჯერმე სამუშაო მივლინება მქონდა, საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის დრო აღარ მრჩებოდა. ახალი რეალობის წინაშე რომ დავდექი, მივხვდი, დღის რეჟიმი უნდა შემეცვალა. დილით ადრე ვიღვიძებ, დღის პირველ ნახევარში ვმუშაობ, შემდეგ ფიზიკური აქტივობით ვარ დაკავებული. საღამოს საათებში ხშირად ვუთმობ გარკვეულ დროს მეგობრებს და მათთან საუბრის დროს საქმეებზე აღარ ვფიქრობ. მივხვდი, რომ ურთიერთობები უფრო სიღრმისეული გახდა, ვიდრე აქამდე იყო.
თუმცა ჩემი რეჟიმი ერთი თვეა ძირეულად შეიცვალა, მას შემდეგ რაც დედა გავხდი, სამუშაოს შემდგომ, ყველა თავისუფალ დროს ჩემს შვილთან ვატარებ და მართალი გითხრათ მუშაობის დროსაც ხშირად მეფიქრება მასზე.
რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ახალი რეალობა?
ადამიანების ორი კატეგორია ვნახეთ - ერთნი, რომლებმაც უცნაური და რთული რეალობა თავის სასარგებლოდ შემოაბრუნეს და მეორენი, რომლებიც უიმედობას დანებდნენ. იმედი მაქვს ეს ადამიანები გაუმკლავდებიან სიძნელეებს, იპოვიან ძალას საკუთარ თავში რომ არსებული რეალობა სასიკეთოდ გამოიყენონ. წიგნში არის კონკრეტული მითითებები, თუ როგორ მოვახერხოთ ახალ გარემო პირობებთან სწრაფად ადაპტირება; ახალი ცხოვრების დაწყება.
როგორია მკითხველის გამოხმაურება?
ძალიან დადებითი. მოსწონთ ის პროგნოზები, რომლებსაც ჩემი წიგნის გმირები აკეთებენ, ასევე ჩემი პირადი განცდები, რომლებსაც ძალიან გულწრფელად აღვწერ და ბევრმა თავისი თავი ამოიცნო ჩემს განცდებში. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი საქართველოში დაწერიდან ერთი წლის შემდეგ გამოიცა, მაინც აქტუალურია, რადგან ჩვენ იმავე რეალობაში ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ ვებრძვით პანდემიას და მისით გამოწვეულ შედეგებს. ვფიქრობ, წიგნი ასევე საინტერესო იქნება წლების შემდეგ, როცა გავიხსენებთ, რას ვფიქრობდით, რა მოლოდინები გვქონდა და ჩვენი პროგნოზებიდან რა გამართლდა.
ჟურნალისტიკიდან მწერლობამდე - როგორი იყო თქვენთვის ახალი გამოცდილება და ხომ არ აპირებთ ახალ წიგნზე მუშაობის დაწყებას?
გულწრფელად გითხრათ, როცა ეს წიგნი დაიწერა, ხმამაღლა ამ ფრაზის წარმოთქმა - მე წიგნი დავწერე - ძალიან მეუხერხულებოდა, თუმცა ჩემმა გამომცემელმა დამარწმუნა, რომ დიახ, ნამდვილად დავწერე. ამ წიგნში გადმოცემულია ის განცდები, რაც პანდემიის დროს დამეუფლა - ეს არის ერთგვარი ლირიკული დღიური ადამიანისა, რომელმაც მისთვის აქტუალური საკითხები სხვადასხვა დარგის გამორჩეულ პროფესიონალებთან ერთად განიხილა. რაც შეეხება მომავალს, ვიმედოვნებ, სხვა წიგნებიც იქნება, ოღონდ უფრო მხიარულ თემებზე, რაზეც უკვე დავიწყე ფიქრი და მუშაობა. მანამდე კი სიამოვნებით ვეცნობი წიგნის შესახებ ქართველი მკითხველის აზრს და მიხარია, რომ დადებითი გამოხმაურებებია.