ჩვენში დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ოთხფეხა მეგობრებს უვლიან, მათზე გამორჩეულად ზრუნავენ, ცივ ნიავს არ აკარებენ, წარმოიდგინეთ, სამოსსაც კი საგანგებოდ ურჩევენ, თუმცა ამის პარალელურად, სამწუხაროდ, არიან ისეთები, ვისაც ძაღლზე ზრუნვა შეიძლება, უბრალოდ, მობეზრდეთ და სახლიდანაც გააგდონ.
დიზაინერ და-ძმას - თეკლა და თემურ თვალავაძეებს 6 დეკორატიულ ოთხფეხა მეგობარზე აქვთ პასუხისმგებლობა აღებული. მათ შორის არიან: მალტეზე, ბივერიორკი, მეტისი, პომერალური შპიცი, იორკშირ ტერიერი... ჰოდა, რა დიზაინერები იქნებოდნენ, მათთვის სპეციალური მოდელები არ შეექმნათ და ცუგები ლამაზ ტანსაცმელში არ გამოეწყოთ. ამან კი შემდგომ იმისკენაც უბიძგათ, რომ მათ ბრენდს "თემო ჩერი“ უკვე სხვა ძაღლებზეც ეზრუნა და სამოდელო სახლში ძაღლების ხაზი "თეკლას ფეთს“ შეექმნათ.
თეკლა თვალავაძე:
- მე და ჩემს ძმას ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე. ვმუშაობთ ფალიაშვილზე, ჩვენს შოურუმში. თავიდან დავიწყეთ ჩვეულებრივი სამოსით, კოლექციებს ადამიანებისთვის ვკერავდით. ცხადია, ახლაც ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ვკერავთ საკმაოდ ძვირფასი ქსოვილებით. კოლექციის შექმნის შემდეგ ქსოვილის ნარჩენები გვრჩებოდა, სულ ვფიქრობდით იმაზე, რა დანიშნულებით გამოგვეყენებინა. ერთხელაც, მორჩენილი ქსოვილებისგან ჩვენ ძაღლებს სამოსი შევუკერეთ, რამაც მოწონება დაიმსახურა. ამან კი იდეა მოგვცა, ძაღლების სამოსის ხაზიც შეგვექმნა.
ეს პამდემიამდე იყო, თუმცა ამ კრიზისულ და რთულ სიტუაციაში ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნილება უფრო გაიზარდა. დღეს უკვე ბევრი ადამიანი ინტერესდება ძაღლის სამოსით, ჩვენ მიერ შექმნილი მოდელებით და თავიანთი ოთფეხებისთვის ტანსაცმელს გვაკერინებს. ვკერავთ კაბებს, შარვლებს, შორტებს, საწვიმრებს, ქურთუკებს, ლაბადებს, მაისურებს, პერანგებს, ქუდებს. ჩვენი მოდელები კი საკუთარი ოთხფეხა მეგობრები არიან. მოკლედ, ასე დაწყებული საქმე ნელ-ნელა გაიზარდა.
- და ასე აღმოჩნდით აქ ძაღლის სამოსის პირველი დიზაინერები და თქვენს ბრენდს ეს ხაზიც დაამატეთ ისე, როგორც ეს მსოფლიოს ცნობილ სამოდელო სახლებს აქვთ...
- ასე გამოვიდა, რაც ძალიან მოგვწონს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.
- ამდენი ძაღლი რატომ გყავთ?
- ჯერ ერთი, ოჯახში ყველას ძალიან გვიყვარს. ამასთანავე, 16 წლის წინ პირველად გვაჩუქეს ძაღლი, შემდეგ კიდევ გვაჩუქეს, ერთმანეთშიც შევაჯვარეთ და ასე დაგროვდნენ. თავდაპირველად 8 გვყავდა, მაგრამ 2 მოგვიკვდა.
- ძვირი ღირს თქვენთან ძაღლისთვის შეკერილი ტანსაცმელი?
- მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირადღირებულ ქსოვილებს ვიყენებთ, ვცდილობთ, ფასი არ იყოს მაღალი, ხარისხიანი და ღირებული ქსოვილი იმისთვისაც არის კარგი, რომ სამოსი რბილი და კომფორტული იყოს, რომ ადვილად შეეგუონ.
რაც შეეხება ფასს, თვითონ მომხმარებელს შეუძლია, გვითხრას, რა თანხის დახარჯვას აპირებს. ქსოვილები აბსოლუტურად სხვადასხვანაირია. ალბათ საწყისი ფასი ასე, 25 ლარიდანაა. მაგალითად, "პალტოს“ შანელის ქსოვილით ვკერავთ და არის რამდენიმე მოდელი. ბევრი რამ შესრულებულ სამუშაოზეცაა დამოკიდებული, ზოგჯერ რთული დასამუშავებელია რაღაცები. რაც პატარაა მოდელი, უფრო მნიშვნელოვანი საქმეა და ამ დროს ხარისხიც საყურადღებო რამ არის...
- ადრე ჭირდა საქართველოში ძაღლების სამოსის უცხოეთიდან შემოტანა. ახლა ეს უკვე ადვილია, მაგრამ უცხოურ პროდუქციას კონკურენციას უკვე თქვენი ნახელავიც უწევს. კლიენტი ბევრი გყავთ?
- კი და ინდივიდუალურადაც ვკერავთ. პანდემიისას დისტანციურად ვმუშაობდით - მომხმარებელი გვიგზავნიდა ძაღლების ზომებს, არჩევდა მოდელს, ქსოვილს, ზოგჯერ თვითონ ვთავზობთ და ასევე ქსოვილის ფერებს. თუ ზამთარია, კომბენიზონია საჭირო. ამ სამუშაოს შესრულებას ერთი დღე სჭირდება. საზაფხულო სამოსის, მაგალითად, კაბას, მაისურს ნახევარ დღეშიც ვკერავთ.
- ე.ი. ადამიანებსაც ასაქმებთ, ხომ?
- კი და მე თვითონაც ვკერავ. ასევე ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ ზოომაღაზიასთანაც. იმისთვის, რომ ცხოველის სამოსზე იმუშავო, საჭიროა, იმ ცხოველს თავად კარგად იცნობდე. ამიტომ, როგორც გითხარით, დიდი ხანია, ძაღლები გვყავს და ეს ყველაფერი საქმეში დიდად გვეხმარება და გვადგება.
როგორც დეკორატიული, ისე მოზრდილი ძაღლებისთვისაც ვკერავთ.
ახლა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას ვამზადებთ. ცხადია, სეზონს ვითვალისწინებთ... წარმოიდგინეთ, ძაღლისთვის ჩექმაც კი შეგვიკერავს.
- ძაღლები ადვილად ეგუებიან ტანსაცმელს?
- თავიდან აპროტესტებენ, მაგრამ მერე ხვდებიან, რომ ამის გარეშე გარეთ ვერ გავლენ. თან, ეჩვევიან კიდეც და უხარიათ ჩაცმა, რადგანაც ეს იმის ნიშანიცაა, რომ გარეთ უნდა გაიყვანო. მიუხედავად იმ მოსაზრებისა, რომ ცხოველებს ჩაცმა არ სჭირდებათ და ამიტომ, ნუ აწვალებთ, არ ვეთანხმები. დეკორატიული ოთხფეხა მეგობრები მცივანები არიან და ზამთარში მათ ჩაცმა სჭირდებათ. ის კი არა, ჩემს ძაღლს პაჩკაც კი შევუკერე... ერთხელ კლიენტმა ძაღლისთვის "საქორწილო კაბის“ შეკერვაც მოგვთხოვა, "გოგოს ვათხოვებო“ და შევუკერეთ. ასეთებიც ხდება. ახლა ჩვენსას ვაქორწინებთ და "საქორწინო სამოსს“ მასაც შევუქმნით...
- ე.ი. ძაღლები სახლში ყველა ერთად გყავთ?
- აგარაკი გვაქვს და ზაფხულობით იქ არიან. თბილისში კი განაწილებულები გვყავს. ნაწილი ჩემს ძმასთან არის, ნაწილი - ჩემთან, ნაწილი დედას ჰყავს. დედა გიჟდება ისე უყვარს ისინი. კახეთში აგარაკზე ეზოში ვუშვებთ ხოლმე და იქ თავისუფლად, თავიანთ ჭკუაზე არიან.
- შესრულებული სამუშაო და თავად მუშაობის პროცესი ემოციურად რას განიჭებთ?
- მე და ჩემი თანამშრომლები, ვინც კოლექციას ვქმნით, უნდა ნახოთ, როგორი გაღიმებულები ვართ და როგორ ველოდებით, როდის მოირგებს ესა თუ ის ძაღლი ჩვენს ნახელავს. თავად მუშაობის პროცესიც ძალიან სასიამოვნოა... ახლა ძაღლის ჩასასმელ ჩანთებსაც ვკერავთ, კინოლოგის ჩანთებს. ამის მოთხოვნილება, ინტერესი და სურვილი ჩვენს კლიენტებს გაუჩნდათ.
მოკლედ, თავიდან ეს ყველაფერი ჰობი იყო, ახლა უფრო სერიოზულ საქმეში გადაიზარდა.
- ამ ბაზარზე, ადრე, როგორც დიზაინერები, არ შემიმჩნევიხართ...
- სამი წელია, რაც საქართველოში ვმუშაობთ, მთელი ცხოვრება უცხოეთში მოდის სფეროში ვსაქმიანობდით. მოკლედ, დავბრუნდით სამშობლოში, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მის გარეშე საბოლოოდ გაჭირდა სხვაგან ყოფნა. იტალიაში რომ იგებდნენ ქართველები ვიყავით, დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ ამბავს. ვმუშაობდით ასევე დუბაიში, ლონდონში, რუსეთშიც. ხომ ვამბობ, ძალიან გვიყვარს ეს საქმე..
- თქვენს საქმეში რა სურვილები გაქვთ?
- გვინდა, ახლა ძაღლის პატრონებისთვის და ძაღლებისთვის საერთო ხაზზე ვიმუშაოთ, მათი ტანსაცმელი ერთი და იმავე ქსოვილისგან შევკეროთ. ძალიან მინდა, რომ ჩვენი პროდუქციით უცხოეთშიც გავიდეთ.
ამასთანავე, მინდა, ადამიანები მეტად დაინტერესდნენ ცხოველებით. ქუჩაში ნუ გააგდებენ ოთხფეხებს... ქუჩაში უამრავი ძაღლია და ასევე მინდა, შევძლო მათი გამოკვების საქმეშიც მეტად აქტიურად ჩავერთო, დავეხმარო მათ. ვწუხვარ, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, ვინც ცხოველებს ძალიან ცუდად ექცევა, ქუჩაში აგდებს, აწამებს. თუ ძაღლს აიყვან, ქუჩაში რატომ უნდა გააგდო?! თუ მოგბეზრდა, პატრონი მაინც უპოვე, ვინც მოუვლის. ეს იგივეა, როდესაც ადამიანები საკუთარ შვილებზე უარს ამბობენ. ძაღლებიც ცოცხალი არსებები არიან. მათზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა. თუ ეს არ აქვთ გააზრებული, ძაღლი შინ არ უნდა მიიყვანოთ და ბავშვებსაც უნდა აუხსნან ამ მიმართულებით ბევრი რამ. ასე რომ, ვაკეთოთ სიკეთე და როგორც შეგვიძლია ვიზრუნოთ სხვებზეც.