ამ დროისთვის ჩინური "სინოფარმის" ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პირველ ეტაპზე ჩინური "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაციის გავლა 50 ათას ადამიანს შეუძლია.
"დღეს დილისთვის იყო 6705 ჯავშანი. ჩვენ 100 ათასი დოზა გვაქვს, რომელიც ორჯერადად უნდა გაკეთდეს. 50 ათას ადამიანს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია. პორტალი 15 მაისამდე იყო ჩაკეტილი, დღეს გადაწყდება რომელ რიცხვამდე გავხსნით, ვიმსჯელებთ როგორ გავაფართოვოთ ხელმისაწვდომო",- აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, ჩინური "სინოფარმის" ვაქცინაზე აქტიურობა მაღალია.
"საკმაოდ მაღალია აქტიურობა, 6705 დარეგისტრირებული ერთბაშად არ არის პატარა. ჯერ კიდევ ნაკლები აქვს ხალხს ინფორმაცია. ამ ეტაპზე, თავისუფლად შეიძლება 50 ათასი ადამიანის დარეგისტრირება", - აცხადებს გამყრელიძე.
ცნობისთვის, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" აცრაზე რეგისტრაციის პორტალი 27 აპრილიდან გაიხსნა. ამ დროისთვის პორტალის -https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/register თანახმად, თბილისში ჩინურ ვაქცინაზე "სინოფარმზე" სარეგისტრაციო ადგილები შევსებულია.