ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ლეგენდარულ მსახიობთან დაკავშირებულ როლებს, მის გამონათქვამებს, ხუმრობებს იხსენებს.
ცნობილია, რომ კავსაძეს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა გივი ბერიკაშვილთან. სწორედ ამ ორი ლეგენდის შესახებ წერს მომღერალი მამუკა ონაშვილი, რომელიც ბერიკაშვილის ავადმყოფობის პერიოდს იხსენებს:
"გივი რომ სავადმყოფში იწვა საერთოდ არ მოშორებია მის საწოლს. პატარა ბავშვებივით იყვნენ. ხარობდნენ, მხირულობდნენ რაც კახის შეეძლო ყველაფერს აკეთებდა ოღონდ გივის სახიდან ღიმილი არ მოშლილიყო. გივიც ბოლომდე არ კარგავდა იმედს ამბობდა: "რას ამბობ კახი რა დროს სიკვდილია ჯერ კიდევ მაქვს შენთვის ნერვები მოსაშლელიო." ასე იყვნენ ერთად ბოლო წამამდე.
კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი სამაგალითო მეგობრობა სამაგალითო სიყვარული.. მათ მაგალითზე თაობები უნდა აღიზარდონ.. როგორც კახი ამბობდა: "გივის სიკვდილმა ჩემი ნახევარი გული თან გაიყოლაო." აწი თქვენი მეგობრობა იქ გაგრძელდება. სამწუხაროა, ეს თაობა ნელ-ნელა გვტოვებს.." - წერს ონაშვილი.