ავტორი:

"მისი მხრიდან ეს ფერისცვალება უხერხულია... მიჩნდება ეჭვი, რომ ახალი დავალება მიიღო" - როგორ ეხმაურებიან მელიას მიმართვას უმრავლესობასა და ოპოზიციაში?

"მისი მხრიდან ეს ფერისცვალება უხერხულია... მიჩნდება ეჭვი, რომ ახალი დავალება მიიღო" - როგორ ეხმაურებიან მელიას მიმართვას უმრავლესობასა და ოპოზიციაში?

"დავაინიცირებთ კანონპროექტს, მივიღებთ ამნისტიის აქტს და ამით ყველა შევასრულებთ ნაკისრ ვალდებულებას,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომ ამნისტიის კანონის გამოთხოვის შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის გირაოს ნაცვლად საპატიმრო დატოვოს.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამნისტიის აქტი შეთანხმების ნაწილია და ვინმეს, მათ შორის ნიკა მელიას ნებაზე დამოკიდებული არ არის.

“ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი შეთანხმების არის ამნისტიის აქტი, რომლითაც პარტიები კისრულობენ ვალდებულებას და იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დეპოლარიზაციას, ადამიანის ბედით მანიპულირებას და ეს ნიშნავს იმას, რომ ამნისტია უნდა გამოიცეს. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ვინმეს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ნიკანორ მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული მისი იმპლემენტაცია”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება იმას, ვის შეეხება ამნისტიის აქტი, როგორც ოხანაშვილი ამბობს, “ამნისტიის აქტში მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი”.

“ყველა პირი არის თანასწორი კანონის წინაშე. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ვინმეს შესაძლო დანაშაული უნდა ეპატიოს, პარტიებაზე მაღლა არ შეიძლება დადგეს კონკრეტული პრივილეგია თანამდებობის სახით. ამიტომ ჩვენ ან ვპატიობთ სავარაუდო დანაშაულს ნიკანორ მელიას და სხვა პირებს, თუ ეს დაუმტკიცდებათ, ან არ ვპატიობთ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევროპარალმენტარების მხრიდან ნიკა ნელიასთვის გირაოს გადახდა დაუშვებელია, რადგან ეს შეთანხმებიდან გასვლა იქნება.

როგორც იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას მხრიდან პოზიციის ცვლილება ეჭვს ბადებს, რომ “მან ახალი დავალება მიიღო”.

"ვფიქრობ, პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელია, როდესაც ვინმე არის არათანმიმდევრული. “ნაციონალური მოძრაობა” და ნიკა მელია გამოირჩევიან ზუსტად იმით, რომ არათანმიმდევრულად და უპასუხისმგებლოდ უდგებიან ნებისმიერ პროცესს, რაც ქვეყანაში ხდება. ასე რომ, ეს ფერისცვალებაც უხერხულია მისი მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, ამ წინადადებაზე დათანხმება თავის დროზე იქნებოდა სწორი. ახლა კი მიჩენს ეჭვის საფუძველს, რომ მან ახალი დავალება მიიღო და იმის ფარგლებში მოქმედებს.

ამნისტიის კანონი არ არის გირაოს ალტერნატივა. ამ საკითხებს უნდა შევხედოთ კომპლექსურად. ეს იქნება შეთანხმების გასვლა. ეს დაუშვებელია. მსგავს განცხადებებს აკეთებენ სასოწარკვეთილი ადამიანები ან ისინი, ვისაც სურთ რაიმე სახის დაზიანება შეიტანონ მოლაპარაკების ფორმატში და შედეგებში",- განაცხადა იოანათამიშვილმა.

"ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიას შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში იყო პირდაპირი და ირიბი მცდელობები, რომ პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე გადატანილიყო, რაც მისი თქმით, არასწორია.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, აბსოლუტურად გასაგებია ამ შემთხვევაში მისი პოზიცია, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში მზად არის, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.

“ევროპული საქართველო“ ამ შეთანხმების მონაწილე არ ვართ, რადგან მივიჩნევდით და მიგვაჩნია, რომ არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ამიტომ, ვერაფერს მოვიმოქმედებთ ვერც ნიკა მელიას ამ მოწოდებაზე და ვერც ახლა. რაც შეეხება ჩემს კომენტარს მელიას ამ პოზიციაზე, აბსოლუტურად გასაგებია ამ შემთხვევაში მისი მოტივაცია, რომ ამ ფონზე იმ ამნისტიით, რომელიც მისთვის მიღებელია, ამის გაფორმება არ მოხდეს ისე, რომ ეს მისთვის გაკეთდა. სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში იყო პირდაპირი და ირიბი მცდელობები პასუხისმგებლობის მასზე გადატანის, რაც არასწორია. ვინც თვლის, რომ ეს ამნისტია ქვეყნისთვის საჭიროა, ჩვენ ამ კონტექსტში არ მივიჩნევთ, თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მელიასკენ არ უნდა იშვერდეს ხელს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.

ღარიბაშვილი, კობახიძე, თალაკვაძე და კალაძე პატრიარქთან - რა ფოტოს ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - ევროსასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს "ნაცმოძრაობა"

"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება