შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიური კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში მონაწიილე პირები უწყების თანამშრომლები არ არიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, სათაურით - "ცეკვა და იარაღის სროლა - სამართალდამცველების გართობა ავტობანზე”. აღნიშნულ ვიდეოში მონაწილე პირები არ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი დანაყოფის თანამშრომლები.
ვიდეო სოციალური ქსელი “ტიკ-ტოკის” მომხმარებელმა გასულ წელს, საკუთარ გვერდზე გაავრცელა. აღნიშნული პირები ერთ-ერთი კერძო დაცვის კომპანიის იმერეთის რეგიონის თანამშრომლები არიან და ავტომობილიც ამავე კომპანიას ეკუთვნის.
იმის გამო, რომ ტელეკომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში არ მონაწილეობენ პოლიციელები და სამართალდამცველი უწყების თანამშრომლები, მასალის მსგავსი “შეფუთვით” გავრცელება გადამოწმების გარეშე, არის ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად მოტყუებას, დეზინფორმაციის გზით პოლიციის იმიჯის შელახვას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას" - ნათქვამია გტანცხადებაში.