დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ შეიზღუდა მოსახლეობაში სწრაფი ტესტების გაკეთება.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაგვიანდა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების მოწოდება, რის გამოც სწრაფი ტესტი სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე მხოლოდ სიმპტომების მქონე ადამიანებს უტარდებათ, თუმცა მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა 2-3 დღეში მოწესრიგდება.
"პატარა ცვლილება დროებით იქნა შეტანილი - სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ პსრ-ზე ტესტირებას. მოგეხსენებათ, სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა პასუხს, ხოლო პსრ-ს სჭირდება 24 საათი, დაახლოებით. განსხვავება ეს არის, რომელიც 2-3 დღეში სრულად მოწესრიგდება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან განმარტა, ქვეყანა მიმდინარე კვირას უკვე მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს.
"განსაკუთრებით ბევრია ხარჯვა ანტიგენზე დამყარებული ტესტების. მილიონ ნახევარია კიდევ ნაყიდი. ხვალ უნდა შემოვიდეს, დაახლოებით, 400 ათასი ტესტი, შემდეგ კიდევ 400 ათასი, ანუ პირველი მილიონი უნდა შემოვიდეს ამ კვირაში, ამიტომ ვფიქრობ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.