ავტორი:

ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება

ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება

29 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, ხელისუფლებას აქვს შანსი, ნიკა მელია ციხიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოუშვას. ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ 29 აპრილის სხდომაზე ევროპარლამენტარების მხრიდან მელიას მათი თავდებობით გათავისუფლების საკითხი დადგეს.

ადვოკატმა დღეს მელია რუსთავის პენიტეცნიურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კონდახიშვილმა აღნიშნა, ნიკა მელია იმედოვნებს, რომ შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამნისტიის კანონში მოძალადე პირები არ აღმოჩდნენ.

"ნიკას პოზიცია არ შეცვლილა, განსაკუთრებით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ის წუხს ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, ვინაიდან მოლოდინი აქვს, რომ "ოცნება“ იმდაგვარ კანონპროექტს დააინიცირებს, რომელზე დათანხმებაც ელემენტარულად შეუძლებელი იქნება, მაგრამ იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამნისტიის კანონში მოძალადე პირები არ აღმოჩდნენ და ინდულგენცია არ მიიღონ. ეს არის მისი დღევანდელი პოზიცია.

29 აპრილს გვაქვს სასამართლო პროცესი, სადაც ფაქტია, რომ ხელისუფლებას მელიას ყოველგვარი პრობლემის გარეშე ციხიდან გამოშვების გასაღები და ინსტრუმენტი აქვს. ნიკა მელიას საქმე პოლიტიკური აქტის მატარებელია, რაზეც თვითონ ხელისუფლება და ევროკავშირი აწერს ხელს. ამ ფონზე წარმოუდგენელია, ნიკა მელიას ციხეში, უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვება. შესაძლებელია თავდებობის საკითხი დადგეს, რაც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, 29 აპრილს შეიძლება ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდეს სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება ჩვენს ტაქტიკას, მას შემდეგ გადავწყვეტთ, რაც ევროპარლამენტარების თავდებობიდან გამომდინარე მოცემულობა გვექნება“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურას "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს

"ვიდეოში მონაწილე პირები არ არიან შსს-ს თანამშრომლები... ამ "ფეიკ ნიუსის" გავრცელება ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას" - უწყების განცხადება

2012 წლამდე პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დააკავეს