ავტორი:

"თუ "ოცნებამ" შეთანხმება მარცხად აღიარა, მაშინ უნდა გადამდგარიყო კობახიძეც... კიდევ ერთი რამ მაეჭვებს" - ვინ ცდილობს შეთანხმების "გაჭედვას" და რატომ გადადგა თალაკვაძე?

"თუ "ოცნებამ" შეთანხმება მარცხად აღიარა, მაშინ უნდა გადამდგარიყო კობახიძეც... კიდევ ერთი რამ მაეჭვებს" - ვინ ცდილობს შეთანხმების "გაჭედვას" და რატომ გადადგა თალაკვაძე?

როგორც "ქართულ ოცნებაში", ისე მის გარეთ, ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რის თაობაზეც მან 24 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა. "მივიჩნევ, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით, და არა სპიკერის პოზიციაზე", - განაცხადა თალაკვაძემ.

მან მადლობა გადაუხადა გუნდს და თქვა, რომ მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის სპიკერობა მისთვის დიდი პატივი იყო. უკვე გადაწყვეტილია ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს ორგზის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა დაიკავებს.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

- სრულიად მოულოდნელი, მეტიც, გაუგებარი იყო პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარისგან ამგვარი განცხადების მოსმენა, ამის არანაირი წინა პირობა არ ჩანდა... ოპოზიციასთან მოლაპარაკება უშედეგო რომ ყოფილიყო და გადამდგარიყო, მაშინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის შეთანხმებაში, მათ შორის არჩილ თალაკვაძეც არის. ამიტომ მისი გადადგომის მოლაპარაკებასთან დაკავშირება ულოგიკოდ მიმაჩნია. ის არ ყოფილა ცუდი სპიკერი, ამიტომ, ვფიქრობ, ამ გადადგომის უკან შეიძლება სხვა საკითხი იმალებოდეს, ვიდრე ის, რომ მან თავისი მისია შეასრულა და ახლა ვიღაც უფრო ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს საქმე. რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ჩემთვის გაუგებარია. ალბათ, ამის რეალური მიზეზი გამოჩნდება.

თუ "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება მარცხად აღიარა, მაშინ უნდა გადამდგარიყო კობახიძეც, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას საბოლოოდ თალაკვაძე კი არა, კობახიძე იღებს, როგორც პარტიის თავმჯდომარე. კახა კუჭავაზე კი ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს, მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არა მაქვს მის საპარლამენტო საქმიანობაზე...

- ერთი ვერსიით, არჩილ თალაკვაძე შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატი იყოს მმართველი პარტიიდან...

- ჩემი აზრით, რეალური ვერსიაა და ვერ გამოვრიცხავთ, ისევე, როგორც ვერსიას შიდა გადაჯგუფებების შესახებ, ოღონდ ამაში დაპირისპირებას და განხეთქილებას არ ვგულისხმობ. თუ კახა კალაძე უარს იტყვის თბილისის მერობის კანდიდატობაზე, მმართველ ძალას ნამდვილად სერიოზული პრობლემა ექნება. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს უარი უკვე ნათქვამია.

- ევროპელი პარტნიორების მედიაციით მოლაპარაკების შედეგი, როგორც იქნა, დადგა. მინდა გკითხოთ, ამ პროცესში ევროპელების უპრეცედენტო მასშტაბის მონაწილეობაზე... რა შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნით ასეთი დაინტერესების მიზეზი?

- ევროპა ჩვენი ქვეყნით საბჭოთა კავშირის დაშლიდანვე არის დაინტერესებული. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ბალტიისპირეთის ქვეყნებივით სწრაფი ტემპით წავსულიყავით ევროპისკენ. ეს დრო და პერიოდი ხელიდან გავუშვით, თუმცა მას მერე დამოუკიდებლად გვიწევს დასავლეთთან აქტიური ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფალი დეკლარირებულად ყოველთვის აცხადებდა, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია გვსურს, სინამდვილეში ამისთვის ბევრს არაფერს აკეთებდნენ. ამიტომაც დღემდე დავდივართ ერთსა და იმავე წრეზე და ვუშვებთ იმავე შეცდომებს. ევროპის ამ ყურადღებაში, ვფიქრობ, საოცარი არაფერია, მით უფრო, რომ მის ინტერესს დღევანდელ ვითარებაში სხვა ფაქტორებიც დაემატა, მათ შორის ის, რომ რუსეთი არა მარტო ყალიბდება საბჭოთა პოლიტიკის მემკვიდრედ, არამედ მან დაიწყო საკუთარი გავლენებით პირდაპირი ზემოქმედება პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამას ადასტურებს 2008 წლის ომი საქართველოსთან, 2014 წელს ყირიმის მიტაცება, 2020 წელს ყარაბაღის კონფლიქტის შედეგი და ასე შემდეგ... დასავლეთისთვის რეგიონში ჩვენ დავრჩით ერთადერთ საყრდენად.

გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ამიტომ დასავლეთი ცდილობს ერთგვარი სარტყელი შექმნას საქართველოსთვის ახალი საფრთხეების გასანეიტრალებლად. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ფაქტობრივად, გაშიშვლდა და ერთი კაცის - მელიას ციხეში დარჩენა-არდარჩენის საკითხად აქცია, გადავდგამთ ნაბიჯს ევროპისკენ თუ ისევ დავრჩებით საბჭოთა კავშირში. ამ არჩევანზე ევროპიდან არაერთხელ მიგვანიშნეს. მეტიც, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გამაოგნებელი რამ თქვა, რაც ამგვარი სიმძაფრით მანამდე, ალბათ, არც მოგვისმენია. მან ერთმანეთის გვერდით ახსენა სააკაშვილი და პუტინი და განაცხადა: "ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს გაერთიანებული საერთო პოზიციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული. ეს არის სააკაშვილისა და პუტინის ინტერესი.

ის ცდილობს ერთიანობა დაარღვიოს ოპოზიციაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი ცდილობს რადიკალიზაციას და პროვოკაციას, რომლითაც გამარჯვებული მხოლოდ ვლადიმირ პუტინია, რაც, ვფიქრობ, სირცხვილია"... მეტი რაღა უნდა გვითხრან, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა სწორი დასკვნები გამოიტანონ? სამწუხაროდ, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

როგორც კი შეთანხმებას ხელი მოაწერეს, მეორე დღესვე დაიწყო კამპანია, უნდა შეეხოს თუ არა ამნისტია 20 ივნისის საქმის ფიგურანტ სამ პოლიციელს. პოლიტიკური პროცესის მასშტაბურობიდან გამომდინარე, არ შეიძლება პოლიტიკოსები ასე იქცეოდნენ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ეჭვს აჩენს.

გავიხსენოთ, რომ გარეშე ძალები ამ ქვეყნიდან არასდროს წასულან. ლაპარაკი იმაზე, პერსონალურად ვინ ვინ არის და ვისთან შეიძლება იყოს კავშირში, გამიჭირდება, მაგრამ როცა ცხადად ჩანს, რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, როცა ამაზე ლაპარაკობენ მეტ-ნაკლებად ობიექტური პირები და ამასვე გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, როცა ასეთი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსისგან სააკაშვილისა და პუტინის დაწყვილება პირველად მოხდა, ამის შემდეგ იფიქრო იმაზე, რომ არჩევნების გაყალბების გამოა ასე შეურიგებელი ის ჯგუფი, რომელიც 1995 წლიდან მოყოლებული აყალბებდა არჩევნებს, ძნელად დასაჯერებელია. ახლა გაახსენდათ, რომ დამოუკიდებელი უნდა იყოს სასამართლო, რომ მიტინგების დაშლას თავისი წესი აქვს და სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას არ უნდა გადაამეტონ? ამის მერე როგორ დაიჯერებ, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ პარტიული ინტერესია? ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო...წაიკითხეთ სრულად

"გიორგი ვაშაძემ ამბიციები ცოტა მოთოკოს - ატყუებს პენსიონერებს, ვითომ რამეს აკეთებს და შოუებს დგამს" - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"