ბოლო რამდენიმე დღეა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთი სახე გამოჩნდა - კლიმენტი კეკუტია, რომელმაც ბიზნესსაქმიანობა რუსეთში, ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე, მის სახელზე რამდენიმე კომპანია ფიქსირდება.
კლიმენტი კეკუტიას საქართველოში ცხოვრების პერიოდზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ის მარტვილში, ერთმანეთთან დაპირისპირებული სასულიერო პირების გარემოცვაში აღმოჩნდა და მას შემდეგ საზოგადოების ინტერესის საგანია.
მარტვილში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ბზობის საზეიმო აღნიშვნაზე, რომელიც სალხინოში ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, დადიანების ეზოში მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დაბარებული მრევლი სხვადასხვა ეპარქიიდან შეიკრიბა და ადგილობრივებსა და ჩამოსულებს შორის კონფლიქტი დაიწყო.
ეკლესიის ეზოში მეუფე პეტრე ცაავასა და მეუფე სტეფანეს მხარდამჭერებს შორის არსებული დაძაბულობა, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მეუფე სტეფანეს მომხრეებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენიც შეუერთდა, რომელსაც მღვდლებმა წარსული კიდევ ერთხელ გაახსენეს. არსებული ინფორმაციით, კეკუტიამ სალხინოს ეკლესიას ხატი შესწირა, თუმცა, რამდენიმე თვეში, მონასტერში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და საჩუქარი ისევ წამოიღო.
კიდევ ერთი ვერსიით, მას სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის მიმართაც ჰქონდა ბინზესინტერესები, ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება სურდა. ასევე, დაინტერესებული იყო დადიანების სასახლის ღვინის მარნით, სადაც დღემდე წლების დაძველებით საკოლექციო ოჯალეში ინახება. თავად კეკუტია მომხდართან კავშირსაც უარყოფს და სალხინოს რეზიდენციის მიმართ ბინზესინტერესებსაც.
მისი თქმით, ეს მოწყობილი პროვოკაცია იყო.
"ეს საქართველოს ძალიან დიდი საგანძურია, როგორ შეიძლება ეს მე მინდოდეს. ამას ისინი ავრცელებენ, ვისაც, ალბათ, უნდა ან უნდოდა. დალაგდება ყველაფერი", - აღნიშნა კეკუტიამ.
თუმცა, რუსული მედიის ცნობით, მას რუსეთში 1995 წლიდან აქვს ბიზნესი, მათ შორის რამდენიმე წარუმატებელი გამოდგა, თუმცა დღემდე წარმატებით მუშაობს მის მიერ 2015 წელს მოსკოვში დაარსებული ღვინის კომპანია "ოჯალეში", რომლის დამფუძნებელი 100 %-იანი წილის მფლობელიც თავად არის. აღნიშნული დასახელების ღვინის რეალიზაციაზე მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში მონოპოლია სწორედ კეკუტიას კამპანიას აქვს აღებული.
მისი წილების ფიქსირდება კიდევ რამდენიმე ბიზნესში, თუმცა რუსული მედია ასევე წერს, რომ მას პრესაში გამოჩენა დიდად არ უყვარს, შესაბამისად მისი ოჯახის შესახებ ინფორმაცია და საახლობლო წრე გასაიდუმლოებულია.
rbc.ru-ს მიერ შედგენილ დოსიეში, სადაც კეკუტიას ბიზნეს საქმიანობის ჩამონათვალია, წერია, რომ მან მოსკოვში შპს "ЛОРДФЛЕКС" დააფუძნა. მისი საქმიანობის ძირითადი დანიშნულება - სამშენებლო ლითონის კონსტრუქციების, პროდუქტებისა და მათი ნაწილების წარმოება, ასევე შავი და ფერადი ლითონების ნაწილებისა და ჯართის დამუშავება, ასევე საბითუმო ვაჭრობა იყო.
თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, 2016 წელს შპს დაიხურა. პარალელურად, მისი გვარ-სახელი ფიგურირებს მოსკოვში მდებარე შპს "Кеса"-სთან, რომელიც ქსელური სავაჭრო ობიექტი იყო, ფილიალები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჰქონდა, თუმცა 2016 წელს ობიექტი გაკოტრდა და ეს შპს-ც დაიხურა.
ამ ეტაპზე, კლიმენტი იანეს ძე კეკუტიას სახელზე მხოლოდ ღვინის კომპანია ფიქსირდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მას სხვადასხვას სახელზე აქვს ბიზნესი გაფორმებული, როგორც ეს რუსეთში მიღებულია.