ქართველმა პოლიტიკოსმა ხათუნა ხოფერიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ინიციატივით მიმართა, რათა გამოიყენოს ექსკლუზიური უფლება და 9 აპრილს დაღუპულ გმირებს ოფიციალურად მიანიჭოს ეროვნული გმირის სტატუსი.
განცხადებაში ჩამოთვლილია 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანი, სიის პირველ ნომრად კი მოხსენიებულია ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და 9 აპრილის მოვლენების მონაწილე ირაკლი ბათიაშვილი.
"ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გაქვთ ექსკლუზიური უფლება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, რადგან 9 აპრილის გმირებს, დღესაც მოიხსენიებს ხალხი, როგორც ეროვნულ გმირებს! ქალბატონო სალომე, თქვენ მოგიწიათ ძალიან მძიმე ტვირთის აღება საკუთარ თავზე, როდესაც შეწყალებით გამოგაშვებინეს და პოლიტპატიმრებად შერაცხეს ქვეყნისა და ხალხის, კანონისა და სამართლის წინაშე დამნაშავე პირები! მე გთავაზობთ, მიიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ეროვნულ მოძრაობას, ქართულ ტრადიციებს, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს და უტეხ ქართულ სულს! დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ეს საქართველოს!" - ნათქვამია განცხადებაში.
AMBEBI.GE ხათუნა ხოფერიას ესაუბრა:
"ეს იდეა მას მერე მოვიდა, რაც 9 აპრილის შემდეგ იმ ადამიანების სტატუსით დავინტერესდი, რომლებმაც 32 წლის წინ, ამ დღეს საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს იმპერიაზე გამარჯვება.
როცა ვამბობ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ჩემს განცხადებაში ჩამონათვალში, ნახავდით, პირველ ნომრად ირაკლი ბათიაშვილი მიწერია. ვცდილობ, არ გამოვყო ირაკლი, ღმერთმა დიდხანს აცოხოხლოს, მაგრამ 32 წლის წინ, რუსეთის იმპერიამ ჩვენს გმირებთან ერთად, ირაკლი ბათიაშვილიც მოკლა. რომ არა შემთხვევითობა მორგში, პრაქტიკულად, ჩვენ დღეს ირაკლი ბათიაშვილი, ცოცხალი ეროვნული გმირი არ გვეყოლებოდა.
ვფიქრობ, ამ ადამიანებს სათანადოდ ვერ ვაფასებთ, კი ვაფასებთ ისე, როგორც ქართველებს გვჩვევია - ვიყენებთ 9 აპრილს. სინამდვილეში, ქართულმა გონმა, რასაც სოციუმი ჰქვია, იაზროვნა და მათ ყველას ერთად დაარქვა ეროვნული გმირები. ახლა, 9 აპრილს, როცა რიყეზე ვიყავით შეკრებილები და მათ იხსენიებდნენ, ყველა ასე საუბრობდა - ჩვენი გმირები, ჩვენი ეროვნული გმირები...
მერე დავინტერესდი, ჩავიხედე და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს ამ ადამიანებისთვის ოფიციალურად არ მიუნიჭებია ეს სტატუსი. აქედან წამოვიდა ეს სურვილი, რომელიც იმანაც გამიმძაფრა, როდესაც მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში ღირებულებების დისკრედიტაცია ხდება. მას შემდგომ, რაც ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და ზოგიერთებმა ამ ქვეყანაში გადაწყვიტეს, რომ ჟორიკა რურუასთვის პოლიტპატიმარი დაერქმიათ, მე აღარ მინდა, რომ მერაბ კოსტავა მოვიხსენიო როგორც პოლიტპატიმარი, ჩემთვის მერაბ კოსტავა არის ეროვნული გმირი. არც ირაკლი ბათიაშვილი მინდა მოვიხსენიო, როგორც პოლიტპატიმარი, რომელსაც მიუსაჯეს და აპირებდნენ, სამუდამოდ მჯდარიყო ციხეში.
მინდა, რომ ის იყოს ეროვნული გმირი და არავის მივცე ქვეყანაში იმის უფლება, რომ ღირებულებების და ცნებების აღრევა მოახდინოს. მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს მივცე იმის საშუალება, რომ გამოასწოროს ეს შეცდომა. ვფიქრობ, ახლა მას ეძლევა უნიკალური შანსი, რომ ჩემი ქვეყნის ისტორიაში დარჩეს იმ პრეზიდენტად, რომელმაც საქართველოს 22 ადამიანს ეროვნული გმირის სტატუსი მიანიჭა".