ავტორი:

"რაღაც დამთავრდა, ის ემოცია და ვნება აღარ იყო... მეორედ არავითარ შემთხვევაში არ დავოჯახდები" - ეკა ჩხეიძე პირად ცხოვრებასა და ახალ საქმიანობაზე

"რაღაც დამთავრდა, ის ემოცია და ვნება აღარ იყო... მეორედ არავითარ შემთხვევაში არ დავოჯახდები" - ეკა ჩხეიძე პირად ცხოვრებასა და ახალ საქმიანობაზე

მსახიობმა ეკა ჩხეიძემ ახალი საქმიანობა დაიწყო და ამჯერად ტელეწამყვანად მოგვევლინა. მას ახალი გადაცემა – "ყვითელი ყუთი" მიჰყავს. როგორ მოერგო ახალ ამპლუას და როგორია მისი პირადი ცხოვრება, ეკა AMBEBI.GE-ს უამბობს:

– ქალბატონო ეკა, რაც თეატრები დაიხურა, როგორ გაატარეთ ეს პერიოდი?

– ეს თვეები, რაც თეატრი გაჩერდა უსაქმურობამ გამაგიჟა. არ მიყვარს, როდესაც საქმეზე არ ვფიქრობ, როცა არ მეჩქარება. აღარ ვიცოდი, რა მეკეთებინა. ახლა კი აღადგინეს თეატრი, მაგრამ საშინელი რეგულაციები გვაქვს. სულ ვფიქრობდი – თუ არა თეატრი, რა შეიძლება ვაკეთო. მივხვდი, რომ დროა, რაღაც ახალი დავიწყო. ტელევიზიასთან ხშირი შეხება მაქვს – გახმოვანება, სერიალი, ყველა გადაცემაში ვარ ნამყოფი, მაგრამ წამყვანობაზე არასდროს მიფიქრია, ამიტომ როგორც კი შემოთავაზეს, დავთანხმდი. ეს საქმე ჩემს პროფესიასთან ახლოა, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, საკმაოდ კარგი გარემოა, საინტერესო სამუშაოა. თუმცა ჩემთვის ახალი ნაბიჯი და გამოწვევაა. ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება. თეატრი რომ ყოფილიყო, ალბათ, არასდროს ვიფიქრებდი გადაცემაზე, თუმცა, ძალიან მიყვარს სიახლეები. ყველა სიახლეში კიდევ ახალი აღმოჩენებია. ახალი მეგობრების შეძენაც მიყვარს და ცხოვრების გახალისება-გაფერადება... ვფიქრობ, საინტერესო პროექტი იქნება, რესპონდენტები ხალხისთვის კარგად ცნობილი ადამიანები იქნებიან და ისაუბრებენ ისეთ თემებზე, რომლეზეც აქამდე არ უსაუბრიათ.

თქვენც ყოველთვის გულახდილი რესპონდენტი ხართ, არის თემები რაზეც არ გისაუბრიათ?

– არის ჩემს ცხოვრებაში საკითხები, რაზეც არასდროს მისაუბრია. დაფარული ამბები ყველას აქვს. მაგრამ მე თუ ვთანხმდები ინტერვიუს, ძალიან გულწრფელობით გამოვირჩევი, ან არ ვამბობ, ან არ ვიტყუები, არ ვთამაშობ.

ახალ საქმიანობამდე, თქვენი პირადი ცხოვრებაც ერთგვარად შეიცვალა – მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობთ, როგორი მოგწონთ მარტო ცხოვრება?

– მარტო ცხოვრება გადასარევია. ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ, რადგან საკუთარი თავისთვის დიდი დრო მაქვს, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, როცა მინდა, ვდგები-ვწვები, გარეგნობაზე ვზრუნავ, ცოტა მოწოდებასავით ჟღერს, მაგრამ ასეა...

მეუღლე გზღუდავდათ ამ ყველაფერში?

– არ მზღუდავდა, მაგრამ შინაგანი პასუხისმგებლობა მაწუხებდა – როგორც ცოლს, გევალება. კმაყოფილი ვარ, რომ არავის ცოლი არ მქვია. საერთოდ არ გვქონია კონფლიქტი, ეტყობა, რაღაცის შეცვლა გვინდოდა. ერთნაირი იყო ეს ოცი წელი, მივხვდით, რომ რაღაც დამთავრდა, ის ემოცია და ვნება აღარ იყო. არც მესამე ადამიანი ყოფილა ჩვენ შორის. უბრალოდ, რაღაც მომწიფდა, ან სიყვარული მოძველდა. იმისთვის, რომ კარგი ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა, დროულად დავიშალეთ. ახლა კარგი მეგობრები ვართ, ორი შვილი და ოცი წელი გვაკავშირებს. აღარც მახსოვს როდის იყო ჩემი ქმარი, აღარც ის გრძნობა მაქვს, უბრალოდ, ძალიან ახლობელ ადამიანად, ოჯახის წევრად აღვიქვამ.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მეორედ დაოჯახებაზე არ ფიქრობთ...

– რატომ უნდა დავოჯახდე? რა ძალა მადგას. მეორედ არავითარ შემთხვევაში არ დავოჯახდები. კაცს უნდა მოუარო, კაცის მოვლილი ქალი გინახავს? ღმერთმა არ დამაჭირვოს... სამზარეულოში ტრიალი არ მიყვარს. კაცი რომ მოვა და სადილს არ დაახვედრებ, რაღაც უნდა მოუმაზდო. ახლა, როცა მომინდება დავალაგებ, თუ მინდა დილით გავალ, ღამით შემოვალ და ვერავინ დამირეკავს, სახლში მოვედი და რატომ არ დამხვდიო. არც კაცის პერანგები მაქვს გასაუთოებელი. შევეჩვიე და მომწონს, როგორც ვარ. ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ მინდა.

თავიდან არ გაგიჭირდათ მეუღლის გარეშე ცხოვრება?

– თავიდან გამიჭირდა, ჩემთვის ახალი მდგომარეობა იყო. ახლა უფრო ლაღად ვცხოვრობ და მომწონს, ჩემი თავის პატრონი რომ ვარ და არა სხვაზე დამოკიდებული. ბედნიერება ქმარში არ არის. არ შეიძლება, სხვა ადამიანის იმედად იყო ბედნიერი. უნდა ვეცადოთ, ყველაფერში დავინახოთ დადებითი და მერე უფრო გამოჩნდება ბედნიერი მომენტები, სულ ცუდს რომ ხედავ, აურაც ბინძურდება. მსახიობის პროფესია ძალიან დამოკიდებული პროფესიაა. შესაძლოა, ერთდროულად ბევრი როლი გქონდეს – რეპეტიციიდან გადაღებაზე დარბოდე და ძალიან საჭირო იყო ან თვეები ჩავარდნა გქონდეს, მაგრამ რაღაცების გამოყენება, გადაფასება უნდა შეგეძლოს. ამ კუთხით რომ შეხედო, ახლა დავისვენებ, თავს მივხედავ, ვივარჯიშებ... სულ ვცდილობ, ძალით ჩავტენო დადებითი იქ, სადაც არ არის, თორემ, თუ დავჯექი და ვიფიქრე: ვაიმე, არ არის სამუშაო, რა მეშველება – აუცილებლად დავითრგუნები.

შვილები როგორ შეხვდენენ თქვენი დაშორების ამბავს?

– შვილებმა უფრო განიცადეს და არ გვეთანხმებოდნენ. გოგოს ძალიან უყვარს მამა და განსაკუთრებულად განიცადა. ჩვენ სულ ისე ვცხოვრობდით, არასდროს ერთმანეთი არ მოგვიტუებია, ერთმანეთისთვის ცუდი არაფერი გვიკადრებია. ბევრი ოჯახი ვიცი, ერთმანეთს ატყუებენ, ოღონდ ერთად იყვნენ და ტყუილში თუ გამოიჭერ, უფრო მეტად ეცდება მოგატყუოს. ოღონდ ოჯახი არ დაინგრეს და ვინმე ჩუმად მყოლოდა, ასეთი ოჯახი ვერასდროს მექნებოდა, რა საჭიროა? თუ სხვა გინდა, წადი, ღმერთმა მშვიდობით გატაროს! რომ ეღალატა და ამიტომ წასულიყო, ბევრად გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ვიქნებოდი. არც კი გვიეჭვიანია ერთმანეთზე. ახლა ისიც მარტო ცხოვრობს, არც ვეკითხები და არც ვინტერესდები, რა ჩემი საქმეა.

მამათქვენი, თემურ ჩხეიძე თუ ჩარეულა თქვენს პირად ცხოვრებაში, თუნდაც რჩევის სახით?

– მამა არასდროს ჩარეულა ჩემს პირად ურთიერთობაში. თემურმა ყველაზე ბოლოს, ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ ქმარს გაშორებული ვარ. იცის, შტერი და ცანცარა ქალი არ ვარ და თუ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, ცუდს არაფერს გავაკეთებ, ვიღაც ისეთს არ გადავეყრები, რომ ცხოვრებაში შეცდომა დავუშვა.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია