კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკოლოზ ანთიძის წასვლას ეხმაურება "საყდრისის კომიტეტი“ , რომელიც საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"21 აპრილს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. აქამდე უცნობია რა გახდა ამ საკადრო გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი, თუმცა ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით ნიკოლოზ ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლება გელათის საკითხს უკავშირდება.
ვინაიდან ეს გადაწყვეტილება "საყდრისის კომიტეტისთვის“ ქმნის სრულიად ახალ მოცემულობას, მოვუწოდებთ კულტურის მინისტრს გამოიჩინოს გამბედაობა, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი და გელათის, ხელოვნების მუზეუმისა და ქართული საგანძურის ბედით დაინტერესების პარალელურად დაიწყოს საყდრისის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესწავლა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან ნიკოლოზ ანთიძის წასვლის თაობაზე AMBEBI.GE უკვე წერდა. ჩვენს გამოცემას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში შემდეგი განუცხადეს:
"ნიკოლოზ ანთიძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით მიმართა და მინისტრმა დააკმაყოფილა აღნიშნული განცხადება".