რეალურად, ვაქცინაციის პროცესი არ არსებობს, ხელისუფლება აცრის საშუალებას არ აძლევს იმ მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვს, - ამის შესახებ, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა "ინტერპრესნიუსთან“ საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალოიანი განმარტავს, ვაქცინების ის რაოდენობა, რაც ქვეყანას აქვს, კრიტიკულად ცოტაა.
"ვაქცინაციის მთავარი გამოწვევა არის ვაქცინების არარსებობა. ის რაოდენობა, რაც ხელისუფლებამ უზრუნველყო, კრიტიკულად ცოტაა. ყველა შედეგი აქედან გამომდინარეობს, მათ შორის, არარსებული საინფორმაციო კამპანია, მეტ-ნაკლებად ცუდად ორგანიზებული პროცესი, თუმცა, ამოსავალი წერტილი არის ვაქცინების კრიტიკულად მცირე რაოდენობა. შანსი ამ თვალსაზრისით გაშვებულია. ჩვენ ჩავდექით ვაქცინების ძალიან გრძელ რიგში, რომელიც არავინ იცის, როდის მოგვიწევს.
რეალურად ვაქცინაციის პროცესი არ არსებობს. 30 ათასი მოქალაქეა აცრილი, ეს ჩვენი მოსახლეობის 0. 8%-ია. სურვილის შემთხვევაშიც კი არ არის ის რაოდენობა, რამდენიც მსურველია. ხელისუფლება არ იჩენს მოქნილობას და მობილობას, არ აძლევს იმ მოქალაქეებს აცრის საშუალებას, ვისაც ამის სურვილი აქვს. ვაქცინა უბრალოდ არ არის, ეს შანსი დავკარგეთ შარშან, როდესაც იყო შანსი მოვხვედრილიყავით პირველი ვაქცინების მიმღებთა რიგებში. ამას უნდოდა პასუხისმგებლიანი ნაბიჯები, რაც სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა“,- აცხადებს კალოიანი.
ვახტანგ კალოიანმა კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციები იყოს ზომიერი, მის აღსრულებაზე კი ძალიან მკაცრი და მიზანმიმართული კონტროლი.
"თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა არსებული რეგულაციების შესრულების მკაცრი კონტროლი, ის მისთვის ჩვეულ სტილში ეცდება შეამციროს მობილობა, რაც დამღუპველი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აცხადებს კალოიანი.