ზესტაფონში მომხდარ შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში მოხდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ირაკლი თოფაძეა. იგი აჯამეთში ცხოვრობდა და შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მასწავლებლიდან ბრუნდებოდა.
"ჭოგნარიდან მოდიოდა. კლასელებთან ერთად იყო. ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაუგია. კლასელები უკან მოყვებოდნენ და მატარებელი რომ დაუნახავთ, ქვებს ესროდნენ თურმე, რომ ენიშნებინათ, მაგრამ ვერ გააგებინეს" - გვიყვება ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.