პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. ის მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა.
"მშვიდობით, მეგობარო! შევხვდებით უკეთეს სამყაროში, სადაც მხოლოდ პოეზიის დიქტატურა იქნება..." - დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა.
ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად. 2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა, სწორედ იქ დაუდგინდა სიმსივნის დიაგნოზი.
"დღეს ახალი ეტაპი გადავიარეთ! ზურამ გაიგო რომ მძიმე ონკოლოგიურ სენს უნდა ებრძოლოს! ყველაზე მეტად ეს დღეები ამ დღის მეშინოდა! რა კითხვებს დასვამდა, რა რეაქცია ექნებოდა... როგორ უნდა გაგვესწორა თვალი რეალობისთვის! იტირა, ღმერთო რატომო! ახლა უკვე მეც ვეღარ შევიკავე თავი... 4 დღის დაგროვილი სევდა და ტკივილი თვალებიდამ წამსკდა.
ხელები ჩავჭიდეთ და ერთად ვიტირეთ, დავიცალეთ ამ დღეებში დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან. მერე თვალებზე ცრემლი მომწმინდა და რამდენი დარჩაო!!! მე ვუპასუხე - ეს შენზეა დამოკიდებული თქო! ჰოდა, ვიბრძოლებო!!! შენ იყავი მაგრადო... ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!!! ხალხო, თქვენ არ იცით რამხელა ძალა ხართ ჩვენთვის!" - წერდა იმხანად, სოციალურ ქსელში, პოეტის მეუღლე ნინო ამირეჯიბი.
სამწუხაროდ, ეს ბრძოლა 54 წლის პოეტის დამარცხებით დასრულდა...
ის არაერთი პოეტური კრებულის ავტორია: "ირექცია”, "აპოკრიფი", "პოეზიის დიქტატურა" და ა.შ.
ამბობდა, რომ მისთვის ცხოვრება ყველაზე პოეტური გამოწვევა იყო, მეომრის პოზა კი - ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა...