„წიგნი იმედზე“ უფრო სწორად კი იმაზე, რატომ ვკარგავთ მას ან როგორ ჩნდება ის - ეს მარკ მენსონის ახალი ბესტსელერია, რომელმაც წინა გამოცემის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების“ მსგავსად, მსოფლიო დაიპყრო.
პოპულარულმა ბლოგერმა და ავტორმა, მარკ მენსონმა, თავის წინააღმდეგობებით აღსავსე ახალ წიგნში დაგვისვა ბევრი პროვოკაციული კითხვა და კვლევებით, მაგალითებითა და მწყობრი, ლოგიკური მსჯელობით გაგვარკვია, ცხოვრების უმძიმეს ეტაპზე იმედის ნაპერწკალის გაჩენას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ამის საილუსტრაციოდ კი აუშვიცის ბანაკში, ცენტრალური ევროპის ამ ნამდვილ სასაკლაოში გამოკეტილი ადამიანების სუპერგმირის, პოლონელი ოფიცრის ვიტოლდ პილეცკის მაგალითიც მოიყვანა, რომლის წაკითხვაც ერთ რამედ ღირს.
ავტორი კარგ ცხოვრებას მიჩვეულ, განებივრებულ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიურობასაც ძირითადად, სიამოვნების მიღებაზე ზრუნვა წარმოადგენს, თვალს აგვიხელს და გვახსენებს, რომ რაც უფრო მეტს ვფლობთ, მით უფრო მეტი გვაქვს დასაკარგი, რაც უფრო მეტ მატერიალურ კეთილდღეობას ვაღწევთ, მით მეტად ვნერვიულობთ მის გარეშე დარჩენის შესახებ და გვიპყრობს უიმედობა... დიახ, უფრო იმედით კი არა, მეტად და მეტად უიმედოდ შევყურებთ მომავალს და ამ ბედნიერ, ჯანმრთელ, მდიდარ, განათლებულ საზოგადოებაში იზრდება სუიციდისადმი მიდრეკილება და სამწუხაროდ, რიგ ქვეყნებში სუიციდის შემთხვევები.
ავტორი მსჯელობს, რატომ ხდება ასე, აღწერს, რატომ მუშაობს ადამიანის გონება გაორმაგებული, გასამმაგებული დატვირთვით, როცა მას დასაკარგი მართლაც არაფერი აქვს და პირიქით, რატომ იპყრობს გულგრილობა და ინდეფერენტულობა, როცა ყველაფერი დაკარგა. ამ კითხვებზე პასუხს მარკ მენსონის ახალ ბესტელერში იპოვით.
მარკ მენსონი ჩვეული ირონიით, სხარტი იუმორით მსჯელობს იმედის აღმოცენების მნიშვნელობაზე მაშინ, როცა თითქოს მისი ადგილი აღარ დარჩა.
წინა რომანში - „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“, ავტორმა გვიჩვენა, რამდენად გაამარტივა ტექნოლოგიებმა, პრიორიტეტად არასწორი რაღაცები დაისახო და შემდეგ ამან „გმართოს“. წიგნი გვასწავლის, როგორ განვსაზღვროთ სწორი პრიორიტეტები და როგორ ვფოკუსირდეთ მასზე, „როგორ ვიპოვნოთ ტკივილი, რომლის შენარჩუნებაც გვსურს“.
ახალ წიგნში კი რომელიც იმედის შესახებაა, ავტორი ჩვენს ცხოვრებაში ისევ განიხილავს ტექნოლოგიური მომავლის როლს, რომელსაც სამწუაროდ, ბედნიერება ვერ მოაქვს და მისი წყალობით მუდმივად ახალ „შიმშილს“ განვიცდით, რომელიც ვერა და ვერ დავიკმაყოფილეთ...
„ჩვენ იმდენად მიჯაჭვულები ვხდებით მატერიალისტურ წყაროებზე, რომ ვივიწყებთ, რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია სოციალიზაცია და თვითანალიზი“, - ვკითხულობთ წიგნის ერთ-ერთ მიმოხილვაში.
მენსონის მოყვანილი ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თანამედროვე ადამიანი სულ უფრო ნაკლებს საუბრობს თავის პირად ცხოვრებასა და გრძნობებზე და სულ უფრო მეტად ვიწროვდება იმ ახლობელთა რიცხვი, რომელსაც აღნიშნულს უზიარებს. ეს წარმოაჩენს, რამდენად ჩაკეტილები ვხდებით საკუთარ თავში, რამდენად ნაკლებად გვსურს, სხვას გავუზიაროთ ჩვენი რეალური გრძნობები. შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ სოციალური ქსელების ეპოქაში ეს ასე არ არის, თუმცა კვლევა სულ სხვა რამეს გვეუბნება.
ავტორის არგუმენტირებული მსჯელობა თანამედროვე ადამიანისთვის მართლაც ერთგვარ სილის გაწნას ჰგავს, რომელიც ცოტა მტკივნეულია, მაგრამ აფხიზლებს.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან საიტზე.