რუსეთი ყირიმში სამხედრო ბანაკს აშენებს. ამის შესახებ „უკრინფორმი“ გამოცემა „შპიგელის“ მიერ გამოქვეყნებული თანამგზავრის სურათების მიხედვით იუწყება.
მედიასაშუალება წერს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რკინიგზის მეშვეობით ტანკები, ჰაუბიცები და ტრანსპორტიორები გადაჰყავთ.
მისივე ცნობით, ბანაკი საკმაოდ დიდია და იქ 1000-ზე მეტი ტრანსპორტია განთავსებული.
მათივე ინფორმაციით, გარდა დიდი ბანაკისა, სატელიტიდან მიღებულ ფოტოზე ჩანს, რომ რუსეთს ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მცირე ბანაკიც აქვს მოწყობილი.
აღნიშნული სამხედრო ბანაკი ქალაქ მარფოვკადან 30 კილომეტრში მდებარეობს.
სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიამ ახალი დროებითი სამხედრო ბაზა ააშენა ვორონეჟის სიახლოვეს, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც "შპიგელის“ კორესპონდენტიც იმყოფებოდა. საავტომობილო ნომრების თანახმად, ჯავშანმანქანები და სატვირთოები, რომლებიც იქ არის განთავსებული, გადაყვანილია რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქიდან, რომელიც ვორონეჟიდან ასობით კილომეტრით არის დაშორებული.