19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება ერთგვარი პრელუდია 15 მაისის აქციისთვის, რომ მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.
„დღევანდელი შეკრება იყო უფრო 19 აპრილისთვის, 19 აპრილს, 15:00 საათზე დავგეგმეთ რიყეზე შეკრება, ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ,“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მან კრისტიან დანიელსონის მედიაციის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტიც შეაფასა, რომელსაც მმართველმა პარტიამ ხელი გუშინ მოაწერა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს აკლია ორი მთავარი საკითხი- ეს არის პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ ის არ არის სრულფასოვანი.
„იმ დოკუმენტში არ არის ის ორი მთავარი პუნქტი, რისთვისაც ოპოზიციამ ეს ყველაფერი გააკეთა. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს ბოლო დოკუმენტია და ამის იქით საუბარი არ იქნება. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა, რადგან დემოკრატიის გზაზე ასე სიარული არ შეიძლება. პოლიტპატიმრებზე საუბარი თუ არ არის და ვადამდელ არჩევნებზე, აბა ის რა დოკუმენტია?
რაც შეეხება 40%-იან დათქმას, 40%-ს კი არა 80%-ს მიიღებს იმ საარჩევნო სისტემით თუ რეფორმა არ მოხდა სისტემის,“- განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევებზე „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ის განიხილავს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.