"პარლამენტში მივდივართ, მაგრამ არ შევდივართ“, - ასე განმარტავენ "გირჩელები“ საკუთარ გადაწყვეტილებას, რაც ორშაბათიდან პარლამენტში მათი საქმიანობის დაწყებას უკავშირდება. პარტია "გირჩის“ სამეული - იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი, როგორც თავად ამბობენ, "გირჩის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში გადატანას და ჯერჯერობით მის ოფისად გამოყენებას“ აპირებენ. მათივე თქმით, ისინი სესიებს და კომიტეტის სხდომებს არ დაესწრებიან იქამდე, ვიდრე მმართველი პარტია მათი 7 - პუნქტიანი მოთხოვნიდან მინიმუმ ერთს მაინც არ დააკმაყოფილებს. მანამდე კი, "გირჩი“ყველა იმ ბერკეტით ისარგებლებს, რაც პარლამენტარს აქვს, გარდა - ხელფასისა. ბერკეტად ისინი განიხილავენ თუნდაც იარაღის ტარებას, რომელიც დეპუტატს კანონით აქვს მინიჭებული.
ვახო მეგრელიშვილი:
"ეს არ არის შესვლა, ეს არის მისვლა პარლამენტის შენობაში იმ გეგმის განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ. ჩვენ გვინდა შევქმნათ პოლიტიკური ველი, სადაც "გირჩს“ შეეძლება ოპერირება მომავალ არჩევნებამდე. კულუარული საპარლამენტო საქმიანობა უნდა ვაწარმოოთ, რომ ჩვენ დავიჯეროთ, ქვეყანაში "ოცნების“ უმრავლესობაში ყოფნის შემთხვევაში მართლა შესაძლებელია თუ არა იმ საკითხების გადაწვეტა, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს. თუ დავრწმუნდებით, ჩვენ შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად - სესიაშიც მივიღებთ მონაწილეობას, ხელსაც დავაჭერთ, მაგრამ ვიდრე ჩვენ ეს არ გაგვირკვევია, მანამდე მივდივართ პარლამენტის დერეფანში".
იაგო ხვიჩიამ კი "ტვ პირველთან" განაცხადა:
"არ ვმონაწილეობთ არც საკომიტეტო, არც საპარლამენტო, არც რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობაში. არ დავდივართ მივლინებებში და ასეთ ადგილებში მანამ, სანამ ჩვენი 7 მოთხოვნიდან 1 მაინც არ დაკმაყოფილდება. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ "გირჩის სამეფო“ გადავიტანოთ პარლამენტში და ზოგადად, იქიდან ვაწარმოოთ საარჩევნო კამპანია, გამოვიყენოთ ე.წ. ოფისად, სადაც ყველაფერია, მართლა ამისთვის არის მოწყობილი. ცხადია, მერე ეს საკითხები ოპოზიციის მხრიდან დავიწყებას მიეცა, მაგრამ ჩვენ არ დაგვვიწყნია. ჩვენი 7 საკითხიდან 5 საკითხი არის ამ შეთანხმებიდან“.