„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.
ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.
დადგენილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან 14 აპრილს მომავალი უცხოელი სტუდენტების (მიუხედავად მოქალაქეობისა) საკარანტინო ხარჯები დაფინანსდება ერთჯერადად, მხოლოდ 6 დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 8 დღის განმავლობაში საკარანტინო ხარჯებს ისინი საკუთარი ხარჯით დაფარავენ.
ცნობისთვის, ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობაა პანდემიის დაწყების დროიდან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს კიდევ 1 038 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 14.1 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვმა კი 173 123-ს მიაღწია. საავადმყოფოებში, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თავისუფალი საწოლებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია.