ავტორი:

"სოხუმში ყველაფრის დეფიციტია... რუსული პროდუქცია ადრეც ძვირი იყო, მაგრამ ახლა, რადგან ქართული მხარე ჩაკეტილია, ყველაფერს ცეცხლი წაუკიდეს" -  გაიხსნება თუ არა ე.წ. ენგურის საზღვარი

"სოხუმში ყველაფრის დეფიციტია... რუსული პროდუქცია ადრეც ძვირი იყო, მაგრამ ახლა, რადგან ქართული მხარე ჩაკეტილია, ყველაფერს ცეცხლი წაუკიდეს" -  გაიხსნება თუ არა ე.წ. ენგურის საზღვარი

"არ ვიცი, რამდენი ხნით, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, მაინც დიდი შეღავათია ჩვენთვის, ხალხი გადმოვა და სურსათისა და პროდუქტის მარაგს მაინც შევქმნით. ვიცით, რომ ძველი რეალობა, როდესაც მიკროავტობუსები დადიოდა, არ დაბრუნდება, მაგრამ ამ სიცივეში, ზურგზე მოკიდებული ტვირთით ენგურში შეტოპვა რომ არ მოგვიწევს და რუსი სამხედროების გაწვრთნილი ძაღლები არ გამოგვეკიდებიან, დიდი შვებაა..." - ასე ეხმიანება ერთ-ერთი გალელი AMBEBI.GE-სთან საუბარში ე.წ ენგურის საზღვრის გახსნის საკითხს.

ენგურის ადმინისტრაციული საზღვრის გახსნაზე სოხუმში ლაპარაკი დაიწყეს, თუმცა, ქართული მხარე ჯერჯერობით მოლაპარაკებებში ჩართული არ არის.

"რამდენიმე კვირაა სოხუმშიც ყველაფრის დეფიციტია, მათ შორის, სიცხის და წნევის დამწევი მედიკამენტების. აქამდე ენგურს იქიდან მოწოდებული წამლებით გაგვქონდა თავი. ბევრი რამ ან ძალიან გაძვირდა, სამმაგ ფასს ვიხდით, ან საერთოდ არ არის... ეს რაც შეეხება მედიკამენტებს, ჩაკეტვის და მესამე ტალღის დაწყების კვალდაკვალ, კატასტროფულად გაძვირდა ბავშვის საკვები, ასევე, სურსათი, პური, შაქარი, ზეთი და ა.შ.

რუსული პროდუქცია ყოველთვის ძვირი იყო, რადგან როგორც ამბობდნენ, ტრანსპორტირება ჯდებოდა ძვირი, მაგრამ ახლა რომ იციან, ქართული მხარე ჩაკეტილია, ცეცხლი წაუკიდეს - თუ არ გინდათ, ნუ იყიდითო, გვეუბნებიან!" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი გალიდან.

"აფხაზები ყოველდღე გვწერენ, არაფერი შეიცვალაო? ისიც ჩვენსავით განიცდიდნენ ამ დეფიციტს, შეზღუდვებს. მათაც გათვლილი აქვთ დრო, დილით ჩამოდიოდნენ და საღამოს უკან ბრუნდებოდნენ, დღის განმავლობაში ზუგდიდსა და ქუთაისში უამრავ საქმეს აგვარებდნენ და იმავე დღეს უკან ბრუნდებოდნენ. ასე ვიქცეოდით ჩვენც. ამას წინათ, აეროზოლი დამჭირდა, ასთმა მაქვს და ფეხით წავედით ოჩამჩირემდე, იქიდან კი ავტობუსით სოხუმამდე და დაღამებულზე მოვედი სახლში, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ვიხრჩობოდი. 1 ცალი ვიყიდე სამის ფასად..." - გვეუბნება 43 წლის ნანა, სოფელ ჭუბურხინჯში.

მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის დაღუპვას როგორც ქართველ, ასევე, აფხაზ საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი დიდი ნაწილი, ე.წ. აფხაზ და რუს მესაზღვრეებთან ერთად, მომხდარში მთავრობასაც ადანაშაულებდა, რადგან რომ არა გალის რაიონის მოსახლეობისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინი, მათ ენგურის ერთადერთი "გამშვები პუნქტით" სარგებლობა შეეძლებოდათ.

აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, აქამდე ენგურის ხიდით სარგებლობა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ჯგუფებს, მათ შორის პენსიონერებს და შშმ პირებს, ასევე რეგულარული მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებს შეეძლოთ.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება, რაც ნიშნავს, რომ 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.

ასევე, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ნებაყოფლობით ჩაერთვებიან.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი, შემდეგში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათია იმ აფხაზებისთვისაც, ვისაც ქართულ მხარეს სხვადასხვა საჭიროების გამო უხდება გადმოსვლა.

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?