უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ჩინეთში, უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში მომუშავე ადამიანები "იდუმალი პნევმონიით“ დაავადდნენ, მალე კი მისი გამომწვევი კორონავირუსი მთელ მსოფლიოს მოედო. მეცნიერები კვლავ აგროვებენ ცნობებს SARS-CoV-2-ის შესახებ.
ვირუსის წარმომავლობაზე გამოძიებას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მეცნიერული მიზეზებით უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, გარდა ამისა, ყოველივეს გარკვევა უმნიშვნელოვანესია იმ ფონზეც, რომ აღნიშნული საკითხი ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის უკიდურესად გამწვავების მიზეზი გახდა.
დღემდე კორონავირუსის წარმოქმნის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, მათ შორის ბევრია "შეთქმულების თეორიებიც". ყველაზე პოპულარული მოსაზრების თანახმად, ვირუსი ადამიანში ღამურიდან, პირდაპირი შემხებლობის შედეგად გადავიდა - ეს არის ყველაზე გავრცელებული, თუმცა არა ყველაზე სარწმუნო თეორია.
2021 წლის 14 იანვარს ჩინეთის ქალაქ უჰანში ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, 17-კაციანი შემადგენლობით, რათა სიღრმისეულად გამოეკვლიათ კორონავირუსის წარმოშობის და მისი ადამიანში გავრცელების საიდუმლო.
ექსპერტები კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ამ ეტაპზე ჯანმოში ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ მოსაზრება, რომლის თანახმადაც. კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით გადაცემა ყველაზე სარწმუნო სცენარია. აღნიშნულის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა კვლევის დასკვნაში. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია "უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა.”
Associated Press-ის ინფორმაციით, ესქპერტთა ჯგუფი მუშაობს რამდენიმე თეორიაზე, რომელთა შორისაც ერთი ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ, ორი - შესაძლებლად, ხოლო ერთი "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოდ".
ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ჩინეთში ჩატარებული მოკვლევისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს, თუმცა მან თავიდანვე იცოდა, რომ შესაძლო იყო, ყველა კითხვაზე პასუხი ვერ ეპოვათ.
"წამოიჭრა კითხვები, მოხდა თუ არა ზოგიერთ ჰიპოთეზაზე უარის თქმა. გუნდის ზოგიერთ წევრთან საუბრის შემდეგ, მინდა დავადასტურო, რომ ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ ანალიზსა და შესწავლას. ზოგიერთი სამუშაო, შესაძლოა ჩვენი ჯგუფის მისიის ფარგლებს გარეთ იყოს.
ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს მისია ყველა კითხვაზე პასუხს ვერ ნახავდა. თუმცა მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, რაც კოვიდ 19-ის ვირუსის წარმოშობის ახსნასთან გვაახლოებს", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსის წარმოშობის შესახებ ზუსტი დასკვნის გაკეთებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, უჰანის დიდ აფეთქებამდე ვირუსი შედარებით დაბალ დონეზე სხვაგანაც ცირკულირებდა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, იან ლიპკინი ABC-სთან ამბობს, რომ ძალიან რთულია აღდგეს სრული სურათი იმისა, თუ როგორ დაიწყო ეპიდაფეთქება. "შესაძლოა, ზუსტი პასუხი ვერასდროს გავიგოთ“, - ამბობს ლიპკინი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის თქმით, იმ ფაქტმა, რომ ჩინეთმა მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტებისთვის კორონავირუსის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია შეზღუდა, პანდემია გააუარესა.
"ჩინეთმა არ მისცა საერთაშორისო ექსპერტებს წვდომის საშუალება და არ გაუზიარა ინფორმაცია რეალურ დროში, იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო. შედეგად, ვირუსი უფრო სწრაფად გახდა უკონტროლო და ვფიქრობ, ბევრად უფრო უარესი შედეგები მივიღეთ,“- განაცხადა ბლინკენმა NBC– სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია უფრო დამაჯერებელი ანგარიშის მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო პანდემია.
"ჩვენ სრულად უნდა გავიგოთ, რა მოხდა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება საუკეთესო სურათი გვქონდეს, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის ფსკერამდე ჩასვლა“, - განაცხადა ბლინკენმა.
ინფორმაციისთვის, COVID-19 2019 წლის მიწურულს ჩინეთის ქალაქ უჰანში გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოს მოედო. 2020 წლის 12 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე მსოფლიოში 138 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით ვირუსს, გლობალური მასშტაბით, 2,9 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
მომზადებულია abcnews.com-ზე დაყრდნობით