ავტორი:

„როცა სხვა ადამიანების მსგავს ისტორიებს ვუსმენ, ვხვდები, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა...” - სმენადაქვეითებული პატარების ცხოვრება და შანსი, რომ სამყარო სრულად შეიგრძნონ

„როცა სხვა ადამიანების მსგავს ისტორიებს ვუსმენ, ვხვდები, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა...” - სმენადაქვეითებული პატარების ცხოვრება და შანსი, რომ სამყარო სრულად შეიგრძნონ

“ლუკა იმაზე ადრე მოგვევლინა, ვიდრე ველოდით. ის საკმაოდ ხმაურიანად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. მახსოვს, ათასგვარი განცდა ირეოდა მაშინ ჩემში - მისი დაბადებით მოგვრილი სიხარული, მისი ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული წუხილი, ნერვიულობა, სასოწარკვეთა, თუმცა ყველაფერზე გავიმარჯვეთ და როცა გვეგონა, რომ საბოლოოდ გავედით ფონს, ახალი გამოწვევის წინაშე დავდექით. გაჩნდა ეჭვი, რომ ლუკას, შესაძლოა, სმენასთან დაკაშირებული პრობლემები ჰქონოდა. ჩვენი იმედი, რომ ეს მხოლოდ ვარაუდი იყო იმედად დარჩა. მისი დიაგნოზი ამგვარად ჟღერდა - მე-4 ხარისხის ორმხრივი სენსონევრალური სმენის დაქვეითება. მაშინ არც ვიცოდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს, რას ნიშნავდა ეს ხარისხი, რა ესმოდა ლუკას, რა არ ესმოდა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ დიაგნოზს. ვხვდებოდით მხოლოდ იმას, რომ რაღაც ძალიან ცუდის წინაშე ვიდექით და არაფრის გაკეთება შეგვეძლო. მქონდა განცდა, რომ ყველაფერი დასრულდა...

ეს სასოწარკვეთა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. პირველად ჩემი მეუღლე გამოერკვა და მიხვდა, რომ დროებით ემოციები განზე უნდა გაგვეწია და დაგვეწყო მოქმედება. მეუღლის შემართება მეც გადმომედო და დაიწყო გზა, რომელსაც ერთად შევუდექით სამნი - ლუკა, დედიკო და მამიკო.

როცა სხვა ადამიანების მსგავს ისტორიებს ვუსმენ, ვხვდები, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა. ინფორმაცია თითქოს თავად გვპოულობდა და თავისთვად ხდებოდა ჩვენს თავს სასიხარულო ამბები. იმედის პირველი ნაპერწკალი მაშინ აინთო, როცა კოხლეარული იმპლანტის არსებობის შესახებ შევიტყვეთ. დიახ, მე ამას დავარქმევდი იმედს. იმედს, რომ ლუკაში სმენითაც შევიდოდა სამყარო მთელი თავისი მრავალხმიანობით...

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა, ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ მოკლე მონაკვეთი იყო ჩვენი გზის და ამის შემდეგ საჭირო იყო ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ჩვენ აქაც გაგვიმართლა, ამ ჩვენი რთული, მაგრამ საინტერესო გზის პირას იდგა თბილი და ნათელი სახლი - „აი ია“ და გველოდა ჩვენ. თითქმის ხუთი წელია, რაც ამ სახლის ბინადრები ვართ და ყოველი დღე არის წინსვლის და წარმატების. ლუკას დიდი შედეგი აქვს, დღეს ჩვენი კომუნიკაციის ფორმა ზეპირი მეტყველებაა, გვესმის და ვსაუბრობთ, ვხალისობთ, საიდუმლოებებს ვუჩურჩულებთ ერთმანეთს და ეს არის ბედნიერება. თუმცა, ამით არ ვკმაყოფილდებით. ყოველთვის ვცდილობთ, რომ უფრო მეტი და მეტი ვიშრომოთ და განვვითარდეთ. ეს გახდა ჩვენი ცხოვრების მიზანი. ეს გზა არ არის მარტივი, ის ბევრ დროს, შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან, მაგრამ ის, რაც მიადვილებს ამ ყველაფერთან გამკლავებას, არის იმედი. წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ვცდილობთ, რომ ბავშვური, ლამაზი ფერებით გაიაროს ლუკამ ეს გზა.

ახლა, როცა თვალს გადავავლებ ჩვენს გავლილ გზას, ვიხსენებ, რომ არაერთი სირთულე გადაგვილახავს. ამ შედეგის მისაღწევად ჩვენ ბრძოლა დაგვჭირდა, მაგრამ გული მაინც მადლიერებით მევსება. ჩვენთვის ხელშესახები გახდა ის, რაზეც სხვა ბავშვებს თუ ოჯახებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ დღეს ჩვენს ქვეყანაში. ვისურვებდი, რომ ყველა ოჯახში აკიაფდეს ასეთი იმედის ნაპერწკალი. ვისურვებდი, რომ მეტი ადრეული, დროული და ხარისხიანი მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი შვილებისთვის…“ - ეს ფონდის „აი ია“ ბენეფიციარის ირინა სალთხუციშვილისა და მისი პატარა ბიჭის ისტორიაა.

ლუკას პრობლემების მოგვარებაში უდიდესი როლი სწორედ ფონდმა „აი ია“ შეასრულა. ფონდი ხუთი წელია არსებობს და ის უფასოდ ემსახურება 25 ოჯახს უწყვეტი 5 წლიანი რეაბილიტაციის კურსის ფარგლებში. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში ბევრად მეტ ბავშვს სჭირდება დახმარება და ამიტომ მსგავსი საქველმოქმედი ფონდების სიმრავლე და სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია. ფონდის „აი ია“ საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს და მისი მთავარი მიზანი პატარების დახმარებაა. ფონდის აქტივობების დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე მისი საქმიანობით დავინტერესდით და დეტალების შესახებ სასაუბროდ ფონდის კონსულტანტსა და პროექტების განვითარების მენეჯერს, ოკუპაციურ თერაპევტს, ბავშვთა ადრეული ინტერვენიის სუპერვიზორ/ტრენერს სალომე ბარბაქაძეს მივმართეთ.

მოგვიყევით ფონდის დაარსების ისტორია და მისი საქმიანობის მიზანი

ფონდი „აი ია“ „სმარტ კაპიტალ ჯგუფის” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2016 წლის 14 აპრილს დაარსდა ივანე ჩხარტიშვილისა და მისი მეუღლის ნანა გოთუას მიერ.

სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ყველა წარმატებული, მზარდი კომპანიისთვის, ასევე „სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის“, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ჯგუფი სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს. სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში ჯგუფის სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლებიც ჩართული გვყავს. ამით ვცდილობთ, ჩვენი ჯგუფი თითოეული წევრისთვის იყოს მეტი, ვიდრე დამსაქმებელი და კომპანია.

რაც შეეხება ფონდის ისტორიას, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული და ჰქონდეს სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ ფონდის მისიაა სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მაღალ ხარისხიანი, საჭირო და შესაბამისი რეაბილიტაციის მდგრადად განვითარებადი სისტემის ჩამოყალიბების, საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით. ჩვენი ფონდის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა: რეაბილიტაციის კომპლექსური სერვისი და ოჯახზე ცენტრირებული მიდგომა რომელშიც შედის აუდიო-ვერბალური თერაპევტის, მეტყველების, მუსიკისა და არტ თერაპიის, ფსიქოლოგისა და სპეციალური პედაგოგის მომსახურება; სმენის პრობლემების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და სმენის დაზიანების მქონე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, სპეციალისტების თუ პედაგოგთა გაძლიერება. გვაქვს სხვადასხვა პროექტები, ვქმნით ქართულ ენაზე რესურსებს, სახელმძღვანელოებს პროფესიონალებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტებისთვის, ანიმაციებს ბავშვებისთვის და ა.შ. 2021 წლის 14 აპრილს ფონდის დაარსებიდან 5 წლის თავს აღვნიშნავთ.

რამდენ ადამიანს დაეხმარა ფონდი 5 წლის განმავლობაში?

ამ ეტაპისთვის ფონდი სრულიად უფასოდ ემსახურება 25 ოჯახს უწყვეტი 5 წლიანი რეაბილიტაციის კურსის ფარგლებში. ამის გარდა ფონდს აქვს კონსულტაციის დღეები, როდესაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების რეკომენდაციები. ამ დრომდე დაახლოებით 200-მდე ადამიანს გაეწია კონსულტაცია. ფონდი ასევე წელიწადში ორი-სამჯერ ახორციელებს საქველმოქმედო ტიპის ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც უამრავ ბავშვს დავუჭირეთ მხარი. მაგალითად, კოვიდით დაინფიცირებული ბავშვებისთვის ჩავატარეთ არტ თერაპიისა და მუსიკა თერაპიის ონლაინ სეანსები, ერთ ერთ ახალ წელს 15 ბავშვს ავუხდინეთ ოცნება და ა.შ.

რაოდენობის ზუსტი დასახელება გამიჭირდება, თუმცა ამ 5 წლის მანძილზე გვქონდა შესაძლებლობა უამრავი ადამიანისთვის ინდივიდუალურად მათზე მორგებული საჭიროებები დაგვეკმაყოფილებინა.

მოგვიყევით თქვენი რამდენიმე გამორჩეული პროექტის შესახებ...

ყველა ის პროექტი და იდეა, რომელიც „აი იაში“ იბადება ბავშვივით გვიყვარს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგალითად, ნორდოფ-რობინსის მუსიკა თერაპიის მიდგომაზე დაფუძნებული მუსიკა თამაშების კრებული, დუდა - შველი კოხლეარული იმპლანტით, რომელიც ბავშვებისთვის შეიქმენა და პატარა ასაკიდანვე აჩვევს მათ განსხვავებულობის მიღებასა და მხარდაჭერის მნიშვნელობას, მუსიკალური ლექსი სავარჯიშოების კრებული, რომელიც მოძრაობის, მუსიკისა და ლექსის თანადროულად გამოყენების პრინციპზეა აგებული და ბავშვებისთვის სწავლების მხიარულ, მათ თანამონაწილეობაზე დაფუძნებულ გზას წარმოადგენს. ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით განვახორციელეთ ინკლუზიური სპექტაკლი ,,წუნა და წრუწუნა“ ჩვენი ბენეფიციარების და მათი მეგობრების მონაწილეობით.

როგორია ფონდის პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი დახმარებით რა პროექტები ხორციელდება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით თითქმის ყოველ წელს აღვნიშნავთ სმენის საერთაშორისო დღეს. ასევე „აი ია“ არის საერთაშორისო საზოგადოება კოხლეარული იმპლანტის დამფუძნებელი წევრი. ეს ორგანიზაცია 2021 წელს დაარსდა, რათა ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლას შეუწყოს ხელი. ვფიქრობთ, მსგავსი ორგანიზაციების არსებობა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში დარგის განვითარებისა და ბავშვების საკეთილდღეოდ. გვაქვს თანამშრომლობა დარგის ექსპერტებთან გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ვისთან ერთადაც რეაბილიტაციის სერვისის მუდმივ განვითარებაზე ვმუშაობთ. ყველასთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო მონაკოს პრინცესას მისი უდიდებულესობა შერლინის ვიზიტი ფონდში. იგი ჩაერთო ბავშვებთან ერთად თერაპიულ პროცესში და გაეცნო ფონდის საქმიანობას. ფონდის დამფუძნებელი ბორდის გადაწყვეტილებით მას სამეთვალყურეო საბჭოს საპატიო წევრობა მიენიჭა.

რამდენად მუშაობთ საზოგადოების/მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე და როგორ შეიცვალა ამ კუთხით მდგომარეობა 5 წლის განმავლობაში?

რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. გასვლები და უფასო კონსულტაციები გვაქვს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. სხვადასხვა პროექტის და პარტნიორობის ფარგლებში ყოველთვის ვავრცელებთ სმენის დაზიანების საკითხებზე ინფორმაციას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბაგა -ბაღების მართვის სააგენტოსთან, უნივერსიტეტებთან.. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ სმენის დაზიანება ეს ბიო-ფსიქო-სოციალური საკითხია და ამ მხრივ სხვადასხვა სისტემების თანადროული მუშაობაა ერთადერთი ეფექტური გამოსავალია, ამიტომაც ძალიან ხშირად ბავშვების მდგომარეობის აღმოჩენა და მისი მართვა იწყება პირველ რიგში მშობლისგან და მეორე რიგში, ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმომადგენლისგან, რომელიც დარგის სპეციალისტებისა და ოჯახის თანამშრომლობით გრძელდება, რაც საბოლოო ჯამში ბავშვის ასაკის შესაბამისად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვით სრულდება - იქნება ეს ბაღი თუ სკოლა.

ვის და რა ფორმით შეუძლიათ მოგმართონ დახმარებისთვის?

ვისაც სმენის დაზიანებასთან დაკავშირებიული წუხილი აქვს, ყველას შეუძლია მოგვწეროს ფეისბუქის გვერდზე და კონსულტაციის თარიღი ჩანიშნოს.

რას ურჩევთ განვითარების სხვადასხვა პრობლემის მქონე პატარების ოჯახის წევრებს?

პირველ რიგში ვეტყვით, რომ მშობლობა ბედნიერებაა. ზოგადად, ეს პრობლემა ემოციურად რთულია, ისინი შეიძლება განიცდიდნენ დაბნეულობას, ქაოსს და ხანდახან ბრალის განცდასაც კი, რომ თავად დააშავეს რაღაც, რამაც ბავშვზე მოახდინა გავლენა. ეს უსარგებლო ფიქრებია, რომელიც მათზე და მათ ბავშვთან კავშირზე უფრო ცუდად აისახება. ამის სანაცვლოდ ვურჩევთ, რომ დაინახონ მცირედი დეტალები, რითიც გაბედნიერდებიან ბავშვთან ურთიერთობაში, მიიღონ პატარები ისეთი, როგორებიც არიან და დაიწყონ სხვადასხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებსა თუ მშობლებთან დაკავშირება, რომლებმაც იგივე გზა გამოიარეს. პრობლემას შეხედონ როგორც გამოწვევას და ეცადონ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიებას, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და აუცილებლად გადალახავენ ყველა იმ სტრესს, რაც ბავშვთან დაკავშირებულ სირთულეებს მოაქვს. იგრძნონ ბავშვთან ურთიერთობის მომენტები, წამები, რომლითაც ისინი გაბედნიერდებიან. ყოველთვის არსებობს რაღაც, რის გამოც ადამიანი შეიძლება მადლიერი იყოს. მათ ეს დეტალები უნდა დაინახონ.

მნიშვნელოვანია, სპეციალისტთან დროული მიმართვიანობა, რომ ბავშვს მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარონ. ადრეული ჩარევა საუკეთესო გამოსავალს იძლევა.

როგორ ავითარებს მაკდონალდსი ეკონომიკას და კვების ინდუსტრიას საქართველოში

რა არის გლუტენი, რომელსაც ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რატომ არის ის მავნე?

სახლის აქსესუარები საკუთარი ხელით - ახალი ვლოგი „სახელოსნო“ ბევრ საინტერესო პროექტს გთავაზობთ