ავტორი:

"პარლამენტში მისვლა და პრესბანერთან კომენტარის გაკეთება იქ შესვლას არ ნიშნავს - რაც შეეხება იარაღს, მის გამოყენებას ვისწავლით, ვივარჯიშებთ" - იაგო ხვიჩია

"პარლამენტში მისვლა და პრესბანერთან კომენტარის გაკეთება იქ შესვლას არ ნიშნავს - რაც შეეხება იარაღს, მის გამოყენებას ვისწავლით, ვივარჯიშებთ" - იაგო ხვიჩია

სიმართლე ისაა, რომ ეს არაა პარლამეტში შესვლა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, პარტიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატის იმუნიტეტს გამოიყენებენ, ასევე ისარგებლებენ იარაღის ტარების უფლებით და გამოიყენებენ პარლამენტის შენობას, პრესბანერთან კომენტარების გასაკეთებლად.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, პარლამენტის შენობაში შესვლა პარლამენტში კონსტიტუციურ საქმიანობას არ ნიშნავს.

„ნებისმიერი მესამე გზა არის მძიმე და მოჰყვება კრიტიკა. პირადად ჩემთვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ნიშნავს იმას, რასაც ნიშნავს ნორმალური ადამიანებისთვის. არ მინდა ტყუილი ვთქვა, ვიღაც ჩათვლის, რომ ეს შესვლაა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს არაა პარლამეტში შესვლა. პარლამენტის შენობაში შესვლა, არ არის პარლამენტის კონსტიტუციური საქმიანობა. იმისთვის, რომ პარლამენტში შეხვიდე როგორც წევრი, სულ სხვა რაღაცებია გასაკეთებელი. გვინდა ამის გაკეთება, განა შესვლა არ გვინდა. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს ხელისუფლებისკენ პირველი კონსტრუქციული ნაბიჯია, რომ შევცვალოთ არსებული ვითარება - შეიძლება ასე ფორმით დავეთანხმო ამას და ახლა ბურთი თქვენს მოედანზეა. ვიღაცები ამას შესვლას დაარქმევენ, ვიღაცები გაგვაკრიტიკებენ, რატომ არ შევდივართ“,- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, რომ „გირჩი“ იარაღის ტარების პრივილეგიას გამოიყენებს, ხვიჩიას განმარტებით, არასწორია, რომ პარლამენატარებს იარაღის ტარების შესაძლებლობა აქვთ მაშინ, როდესაც სხვა მოქალაქეებს ეს უფლება არ აქვთ.

„მე რომ პარლამენტში იარაღით ჩავივლი, ადამიანებს ვეტყვი, რომ პარლამენტის წევრი ვარ და ამიტომ მაქვს იარაღის ტარების უფლება, თქვენც უნდა გქონდეთ. ამიხსენით, რატომ ხართ უფლებრივად ნაკლები, რომ არ გქონდეთ იგივე უფლება.

იარაღის გამოყენებას ვისწავლით, ყველამ არ ვიცით, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ვივარჯიშებთ. ყოველ შემთხვევაში, ვეცდებით ფრთხილად ვიყოთ, რომ არავინ დავაზიანოთ. მაგრამ, მიზანი არის, ადამიანებს დავანახოთ, რომ პარლამენტის წევრებს რაღაც უფლება აქვთ და მათ არ აქვთ. მე მინდა ყველას ჰქონდეს. სწორედ იმის დემონსტრირებას ემსახურება ეს, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც იარაღის ლეგალიზაციას ითხოვს. გვინდა ეს ისე გავაკეთოთ, რომ ჩანდეს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტი იყოს და არა ის, რომ ჩვენ მაგარი მსროლელები ვართ და თავს კარგად დავიცავთ იარაღით“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა „გირჩს“ მოლოდინი, რომ პარტიის მოთხოვნებიდან რომელიმე პუნქტს „ქართული ოცნება“ გაიზიარებს, ხვიჩია ამბობს, რომ „ამაში დარწმუნებულები არ არიან“.

„ამაში დარწმუნებულები რომ ვიყოთ, უკვე პარლამენტში ვიქნებოდით. საზოგადოებას „გირჩის“ გზა გავაცანით ამ საგიჟეთში, როდესაც მხარეები ჩხუბობენ და შერიგება არ უნდათ, რა უნდა გააკეთოს „გირჩმა“ და რა გვგონია ჩვენ გამოსავალი. ამავდროულად „ქართული ოცნება“ ხშირად გვაბრალებს ოპოზიციას არაკონსტრუქციულობას და რას ითხოვენ. 7-ვე საკითხი გვაინტერესებს, უბრალოდ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ - ერთი მაინც შეასრულეთ, თუ პატიოსანი ხალხი ხართ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, როდის დაიწყებენ „გირჩის“ წევრები დეპუტატთა პრივილეგიების გამოყენებას, ხვიჩია ამბობს, რომ ადეკვატურ ვითარებას დაელოდებიან.

„გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, მაგრამ დაველოდებით ადეკვატურ ვითარებას, მარტო იარაღთან დაკავშირებით არა, შენობის დათვალიერებაზე მაინც. იქით კვირიდან ვიმოქმედებთ სიტუაციის ადეკვატურად“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება.

„გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას.

  • „ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.
  • კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან.
  • რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ.

(მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში)

  • პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული.
  • ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.
  • რესტიტუცია - ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.
  • მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

თუ მეათე მოწვევის პარლამენტი შეძლებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილების სრულფასოვნად განხორციელებას, „გირჩი“ ამ პარლამენტში შევა და მიიღებს მონაწილეობას ამ რეფორმათა განხორციელებაში.

ხოლო თუ მმართველ პარტიის წევრებს, პარლამენტში მარტო დარჩენილთაც კი, არ უნდათ არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე ძალაუფლების სხვისთვის, თუნდაც მცირედი, მაგრამ რეალური გადანაწილება მოხდეს - ეს გარემოება ჩვენთვის, 3-4 ადამიანისგან შემდგარი ფრაქციისთვის, პარლამენტს უინტერესოს ხდის, რადგან გასაგებია, რომ მმართველ პარტიას ძალიან უცნაურად ესმის პარლამენტარიზმის მნიშვნელობა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მცირე ძალებით, დანარჩენ ოპოზიციის გარეშე ამ ფაქტს ვერ ვცვლით.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ დაადასტურა არჩევნების გაყალბების ფაქტი, გვიწევს ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა:

თუმცა, ჩვენი ბოიკოტი განსხვავებული იქნება ჩვენი კოლეგების ბოიკოტისგან:

  • ჩვენ არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.
  • არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო

სხდომებში.

  • არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით

გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ:

  • პარლამენტის წევრის იმუნიტეტს.
  • იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს).
  • პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას.

ჩვენ პარლამენტში ჩამოთვლილი საკითხების მოსაწესრიგებლად შევდიოდით, სწორედ ამ მიზნით ვურთიერთობდით მთელი წელი ოპოზიციასთან, რათა

მათი დახმარებით მიგვეღწია ჩვენი მიზნისთვის. იგივეს გაგრძელებას ვეცდებით "ქართული ოცნების" დეპუტატებთან, პარლამენტის დერეფანში და თუ მეათე მოწვევის პარლამენტს აღმოაჩნდება ამ ფუნდამენტური საკითხებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის უნარი მაინც, ჩვენ ჩავთვლით, რომ პარლამენტი შედგა

და მონაწილეობას მივიღებთ მის საქმიანობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

გოგაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა 18-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს - "დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი"

"ხინკალზე დავნიძლავდითო", თქვა მარიხუანას პლანტაციის მონამ... თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი" - ჩარკვიანი ხვიჩიას პასუხობს

"შარლ მიშელს რომ ჰკითხო, პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ვინ არის, ვერ გეტყვის, მაგრამ იაგო ხვიჩია იცის" - რომან გოცირიძე