ავტორი:

5 წიგნი, რომელსაც ყველა ბავშვი ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავს

5 წიგნი, რომელსაც ყველა ბავშვი ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავს

საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. მდიდარი საბავშვო ლიტერატურის აუცილებლობაში დაგვარწმუნა პანდემიამ, როდესაც მილიონობით ბავშვი მსოფლიოს გარშემო იძულებული გახდა ბაღსა თუ სკოლაში წასვლის ნაცვლად სახლში დარჩენილიყო და რეალური ურთიერთობები კომპიუტერის ეკრანმიღმა კომუნიკაციით ჩაენაცვლებინა.

საბავშვო ლიტერატურა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, ხელს უწყობს მის გონებრივ და სულიერ განვითარებას. საბავშვო ლიტერატურის მწერლები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ და ხშირად სწორედ მათი ნაწარმოებების დამსახურებაა, რომ ბავშვებს კითხვა უყვარდებათ. ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის, ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაციისა და ახალი ნიჭიერი ავტორების წახალისების მიზნით გამომცემლობა „პალიტრა L“ ახალ ლიტერატურულ კონკურსს იწყებს - „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 15 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ დამწყებ თუ გამოცდილ მწერლებს აძლევს უნიკალურ შანსს, თავისი შემოქმედება ქართველ მკითხველს გააცნონ და ბესტსელერების ავტორები გახდნენ.

სანამ კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ ჟიური ახალ საბავშვო მწერლებს აღმოაჩენს, 5 თანამედროვე ქართველი ავტორის საბავშვო წიგნი შევარჩიეთ, რომლებიც კითხვას შეაყვარებენ იმ ბავშვებსაც კი, რომლებიც წიგნებს ჯერ ვერ დაუმეგობრდნენ.

„ანბანი“ - თამრი ფხაკაძე

ერთხელ ანბანის თეატრის ბრაზიან დირექტორს ანბანის პაწია თოჯინები გაუნაწყენდნენ. გაეპარნენ და ყველა სათითაოდ დაიმალა. ეს რომ ბავშვებმა შეიტყვეს, ამ გაქცეულებს ზედ მიაყოლეს ბრაზიანი დირექტორიც; ხოლო მათ შორის ყველაზე ყოჩაღებმა გადაწყვიტეს, რომ დამალულები მოეძებნათ. ნამდვილი თავგადასავალი კი ერთ დიდ მინდორში დაიწყო...

საინტერესოა, თავად მწერლის თავგადასავალი როგორ დაიწყო. როგორც თამრი ფხაკაძე იხსნებს, შემოქმედებითი საქმიანობისთვის დიდი ბიძგი ერთ-ერთი ლიტერატურული კონკურსი აღმოჩნდა: „ბევრი ადამიანია მეტისმეტად თვითკრიტიკული და არათავდაჯერებული, რომელიც წერს, მაგრამ ვერ გაუბედავს თავისი შემოქმედების მზის სინათლეზე გამოტანა. კონკურსში უფრო ადვილია გაბედვა. ამასთან ერთად, არც ისე დიდია ქართული საბავშვო ლიტერატურის ბაზა, უცნობი ავტორების აღმოჩენის დროა. ამიტომ ყველას, ვინც ამ მიმართულებით წერს, ვურჩევდი გაბედონ, გადადგან ეს ნაბიჯი და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში,“ - აღნიშნავს თამრი ფხაკაძე.

„ნეტავ მალე გავიზრდები?!“ - ვასო გულეური

„ნეტავ მალე გავიზრდები?!“ თანამედროვე ქართველი ავტორის - ვასო გულეურის საბავშვო ლექსების ახალი კრებულია.

ამ წიგნში ბავშვები აღმოაჩენენ ლექსებს საკუთარ სახელებზე და არა მარტო, რომლებსაც ძალიან მალე შეიყვარებენ და ხალისით ისწავლიან.

მწერალი ვასო გულეური აღნიშნავს, რომ თანამედროვე ბავშვებს თანამედროვე ტექსტები სჭირდებათ: „ძალიან მნიშვნელოვანია საბავშვო ლიტერატურის ხელშეწყობა, რისთვისაც ერთ-ერთი საშუალება სწორედ ლიტერატურული კონკურსებია. ასევე, საჭიროა ახალი, თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის გამდიდრება, ამიტომ ყველას, ვისაც აქვს რამე დაწერილი ან ფიქრობს დაწერას, ვურჩევდი, რომ გამოგზავნოს და ძალები მოსინჯოს ამ ასპარეზზე,“ - აღნიშნავს ვასო გულეური.

„თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა“ - ლელა ცუცქირიძე

ამ ზღაპარში თოვლის გუნდა მეგობრის პოვნას ცდილობს, დედა ბუს კი თავისი შვილი, სახელად ტუსურა, დაჰკარგვია და მის მოსაძებნად მიეშურება. ბავშვები ზღაპრის გმირებთან ერთად დაიწყებენ მოგზაურობას და ბევრი თავგადასავალი გადახდებათ.

როგორც ზღაპრის ავტორი აღნიშნავს, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლიტერატურული კონკურსები: „რაც უფრო მეტი კონკურსი იქნება, მით უკეთესია ქართული საბავშვო მწერლებისა და საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის. კონკურსში „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ მონაწილეობის მიღებას ვურჩევ როგორც დამწყებ ავტორებს, ასევე მათაც, ვისაც ჯერ არ მოუსინჯავთ საბავშვო ლიტერატურაში კალამი, რადგან მსგავსი კონკურსები მწერლებისთვის ძალიან კარგი მოტივატორია, გამარჯვებული წიგნები იბეჭდება და მათ მთელი ქვეყანა ეცნობა,“ - აღნიშნავს ლელა ცუცქირიძე.

„კესანემ გაზაფხული მოიყვანა“ - მარიამ ხუცურაული

წიგნის პირველ ნაწილში რვა წლის კესანე უშუალოდ და გულწრფელად ჰყვება ნამდვილ ამბებს _ თანამედროვე ქალაქელი ბავშვის თვალით დანახულ სოფლის ცხოვრების დეტალებს, დამოკიდებულებას თაობებს შორის, დიდ ოჯახში თანაცხოვრების მხიარულ და სევდიან ამბებს.

წიგნის მეორე ნაწილში ავტორი მოგვითხრობს, ერთი მხრივ, თაობათა შორის ყოველდღიური კავშირის მნიშვნელობაზე და, მეორე მხრივ, იმაზე, თუ თამაშითა და თვალსაჩინოებათა მომარჯვებით როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ბავშვი და გავუჩინოთ კითხვისა და სწავლის ინტერესი.

როგორც აღვნიშნეთ, მარიამ ხუცურაულის ეს საბავშვო წიგნი რეალობით არის ნასაზრდოები. როგორც მწერალი აღნიშნავს, სწორედ ეს იზიდავთ თანამედროვე ბავშვებს ყველაზე მეტად - რეალური პერსონაჟების რეალური ისტორიები: „მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საბავშვო ლიტერატურას ძალიან დიდი ისტორია აქვს, ქართული წიგნებით მაინც და მაინც განებივრებულები არ არიან ჩვენი პატარები. მით უმეტეს ახლა, როცა ბავშვების დიდი ნაწილი ტექნიკას მიეჯაჭვა, მათი ლიტერატურით დაინტერესება უმნიშვნელოვანესია. ამ მხრივ, ლიტერატურული კონკურსები კიდევ ერთი ბიძგია თანამედროვე ავტორებისთვის, რომ წერონ ბავშვებისთვის და თავიანთი შემოქმედება მთელ ქვეყანას გააცნონ,“ - აღნიშნავს მარიამ ხუცურაული.

„თოვლზე ნაწერი წერილები“ - დიანა ანფიმიადი

ახალი წელი ახლოვდება და გიოს ოჯახშიც წინასაახალწლო ფუსფუსი და სამზადისია. მაგრამ რატომაა ბიჭუნა ნაღვლიანი? - გიომ იცის, რომ სადღაც შორს, ცხელი უდაბნოს ერთ-ერთ ქვეყაანში ომია და ამ ომმა ერთ პატარა გოგონას ყველაფერი წაართვა... და ნეტავ, ვინ მიულოცავს მას ახალ წელს? „თოვლზე ნაწერი წერილები" - ეს არის ერთი დიდი ამბავი სიკეთესა და გულისხმიერებაზე.

დიანა ანფიმიადი აღნიშნავს, რომ საბავშვო ლიტერატურით იწყება მკითხველის ჩამოყალიბება და სწორედ ის განაპირობებს, „სადიდო ლიტერატურას“ ეყოლება თუ არა მკითხველი: „მსოფლიო ლიტერატურა საინტერესო და კარგია, მაგრამ ეროვნული საბავშვო ლიტერატურა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მესმის, რთულია შიშის დაძლევა. მეც ვშიშობდი, რამდენად შევძლებდი ბავშვებისთვის წერას, მაგრამ ყველას ვურჩევ, რომ გაბედოს, მიიღოს მონაწილეობა; გაიხსენოს, თავად როგორი იყო ბავშვობაში.“

ლიტერატურული კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ უკვე ყველა დამწყებ თუ გამოცდილ მწერალს, რომელიც საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წერს, აძლევს შესაძლებლობა თავისი შემოქმედება მთელ ქვეყანას გააცნოს და ბესტსელერის ავტორი გახდეს.

პირველ ეტაპზე აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და თქვენი საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერის გაგზავნა. კონკურსის წესები და პირობები დაწვრილებით იხილეთ აქ.

შეგახსენებთ, განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

აი, ეს შიშია ანტიქრისტე! ქრისტე კი არის იმედი, სიყვარული, სიხარული, სინათლე და დაუსრულებელი ბედნიერება!

საინტერესო ფაქტები ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი წიგნს მჩუქნიდა ხოლმე და აწერდა ასეთ ფრაზას... - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა