კულტურის, სპორტისა და ახაგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ იცის, პოლიტიკოსისთვის ცინიზმი რამდენად მომგებიანია, თუმცა ცხოვრება, ცინიზმის გარეშე ძნელია. აღნიშნულის შესახებ მან "იმედის" ეთერში გადაცემაში "სტუმრად ნოესთან" ისაუბრა.
"მე ჩემ თავთანაც ძალიან დიდი ცინიკოსი ვარ და ჩემმა ოჯახის წევრებმა ეს იციან. მაგალითებიც შემიძლია გითხრათ, ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ჩემი ცინიზმის მსხვერპლია უსამართლოდ. მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად. ვცდილობ, საკუთარ თავს გარედან შევხედო და ახლობლებს ბევრჯერ უსაყვედურიათ - ნუ იცი ხოლმე ასე შენი თავის დაცინვა, დაკნინება არ ვარგა.
ამ დროს ვეუბნები, რომ რატომაც არ ვარგა. მუდმივად სერიოზულად თუ შეხედე საკუთარ თავს, შეიძლება ძალიან დიდ უბედურებაში გაეხვე. ფრანგულში არის ასეთი გამოთქმა, ვიღაცაზე რომ მკითხავენ, როგორი ადამიანია, თუ გიპასუხეს, რომ "ო, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც თავს სერიოზულად აღიქვამს“, ეს ძალიან ცუდი დახასიათებაა ფრანგებისთვის.
იუმორის ნიჭი ბოძებული ნიჭია და მე ეს დიდად, ალბათ, არ მაქვს, მაგრამ ეს არის უფრო ცინიზმი. მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ხუმრობა თუ ცინიზმი ადამიანებს მძიმე განცდებში არ აგდებს, რადგან ეს არ არის ჩემი მიზანი“, - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ არ ჰგონია, რომ მისი ვინმეს ეშინოდეს.
"გეშინია იმის, ვისგანაც შეიძლება, ელოდე ცუდ საქციელს“, - განაცხადა მან.
ამასთან, წულუკიანის თქმით, ძალიან მორწმუნეა და ეამაყება, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია და "ზემოდან დახმარების გარეშე", ის, "ერთი ქათმის წონა ქალი", ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა.
"ეს არის რწმენა, რომელიც ბევრ რამეში მეხმარება, ხელს მიწყობს, რადგან რაც არ უნდა ვიძახო, რომ მყარი ფსიქიკა მაქვს, შინაგანად სიმტკიცე მაქვს, სწორად აღმზარდეს, რომ უნდა იბრძოლო ცხოვრებაში და არ უნდა იყო ხელებჩამოშვებული, მწამს, რომ ამ ყველაფერს მე, ერთი ადამიანი, ეს ერთი ქათმის წონა ქალი, ვერ შევძლებდი. ამას ხშირად ვამბობ“, - განაცხადა წულუკიანმა.