კოვიდთან ბრძოლის, კარგი გაგებით აგრესიული საინფორმაციო კამპანიის დანაკლისი მაქვს, ცხადია, მისი გაძლიერება, მეტი ჩართულობა, ინტენსიურობაა საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარდაუვალია.
"პანდემიის დროს გადაწყვეტილების მიღება ყველაზე რთულია. ესაა - არასაბრძოლო მოქმედებების ომი! რაც შეეხება, საინფორმაციო კამპანიას, ცხადია, მისი გაძლიერება, მეტი ჩართულობა, ინტენსიურობაა საჭირო. ბევრად უფრო მეტი საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს. წინასაარჩევნო პერიოდის დროს მთელი საინფორმაციო სივრცე წალეკილია წინასაარჩევნო გზავნილებით, ამაზე უფრო ინტენსიური უნდა იყოს კოვიდთან ბრძოლის კამპანია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ დანაკლისის განცდა მაქვს“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, გავრცელებული მოსაზრება, რომ ექიმების დიდი ნაწილი ვაქცინაციის წინააღმდეგია, სიმართლეს არ შეესაბამება.
"რატომღაც გავრცელდა ასეთი მოსაზრება, რომ ექიმები წინააღმდეგი არიან. მე შემიძლია, კონკრეტული მაგალითი გითხრათ, როდესაც ვაქცინაციის ზღვარი 55 წლამდე ჩამოვიდა, ვეცადე რეგისტრაცია გამევლო და გამეკეთებინა, მაგრამ ვერ დავრეგისტრირდი, ყველა ადგილი შევსებული იყო. ეს დაკავებული ადგილები სამედიცინო პერსონალისგან იყო, მაშინ სხვა დაშვება იქ არ ყოფილა. ასე რომ გავრცელებული მოსაზრება, ექიმების დიდი ნაწილი წინააღმდეგია, ასე არ არის“, - განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, მისივე თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარდაუვალია, "უბრალოდ, მოდიფიკაცია შეიძლება რა სიმძიმის იქნება“.
"არ მინდა ვინმე დაიძაბოს, მაგრამ მოსახლეობის როლი ამაში ძალიან მაღალია“, - განაცხადა სერგეენკომ.