ექსპრემიერი გიორგი გახარია 9 აპრილის მნიშვნელობაზე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
"უკვე 32 წელია ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს. გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა. გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას. დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. #დიდებაგმირებს", - წერს გახარია.