ავტორი:

"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა, მეგონა, ის თუ არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა" - აფხაზი გოგონას ემოციური მიმართვა

"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა, მეგონა, ის თუ არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა" - აფხაზი გოგონას ემოციური მიმართვა

ენგურზე მომხდარმა ტრაგედიამ გუშინ მთელი საქართველო შეძრა. აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოსვლის დროს, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, გალის რაიონის სოფელ წარჩეს ოთხი მკვიდრი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან ცოლ-ქმარი მაყვალა გამისონია და ჯონი გვალია, მათი ბიძაშვილი თამუნა ცატავა და მათი გამცილებელი 62 წლის თამაზ ბასლანძე. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტს საზოგადოება ორი დღეა სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ. ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს, რომელმაც ენგურსიქით მცხოვრებთათვის 5-დღიანი კარანტინი დააწესა. სხვების თქმით, სამი ადგილობრივი გარდაცვალების ფაქტზე, ქართული მხარის დანაშაულთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაც არ უნდა დაავიწყდეთ, რომელმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

ფაქტია, რომ რეალობა, რომელსაც ოკუპაცია ჰქვია, ყველასთვის ერთნაირად მწარეა. ორი დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ აფხაზეთში გაზრდილი გოგონას ელენე გვაგვალიას პოსტს:

"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა. მეგონა, თუ ენგურის ხიდი არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა და აღარ შემეშინდებოდა ყოველ ჯერზე საქართველოს სხვა რეგიონში მოხვედრის, აღარ გამეჩხირებოდა ყელში ბურთი რუსის ჯარისკაცების დანახვისას და არ წამსკდებოდა სიმწრისგან ცრემლები იმ მოხუცების დანახვისას, რომლებიც დიდი პარკებით დატვირთულები ფეხზე ძლივს მდგომნი უძლებდნენ “მესაზღვრეთა” ირონიულ და დამცინავ კომენტარებს.

წელიწადზე მეტია ეს ყველაფერი, ეს შიში, სიბრაზე და უსამართლობის გრძნობა არ განმიცდია, ბოლო ვიზიტისას გადავიღე ზუსტად ეს ფოტოც. წელიწადზე მეტია სახლი არ მინახავს, არ ჩამისუნთქავს იქაური ჰაერი, ჩემი ოჯახის წევრები არ ჩამიკრავს გულში. ჩემი მშობლებიც ამ ხნის განმავლობაში სულ სამჯერ ვნახე ალბათ ჯამში 20 დღით.

ვისაც იქ არ უცხოვრია, ვერასდროს განიცდის ამ გრძნობათა კორიანტელს. იქ მცხოვრები ქართველები ისედაც ცხოვრებისეულად იზოლირებულები არიან, მათი არსებობა ორად არის გახლეჩილი. სამწუხარო იცით რა არის? ვისთვისაც ვიხლიჩებოდით ამ ხნის მანძილზე, ის სახელმწიფოც არ გვაღიარებს სრულყოფილ მოქალაქეებად. აქამდე მხოლოდ ოკუპაცია გვიხლეჩდა გულს, მხოლოდ “დიდი მტრები” გვჩაგრავდნენ. და ახლა?! სად არის ჩემი საქართველო ახლა? რატომ ამწყვდევს ამ გაუბედურებულ, წამლების საყიდლად ან ექიმთან მისასვლელად გადმოსულ ხალხს 5 დღით კარანტინში?ვინმემ ხომ შეიძლება ამ კითხვებზე პასუხი გაგვცეს?" - წერს აფხაზი გოგონა.

რას წერს გოგონა ფოტოდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა - "ბრძოლას დამთავრებულად ჩავთვლი, როცა საბოლოოდ ამოიძირკვება ოკუპანტი ჩემი მიწიდან"

"დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც კოვიდინფიცირებული ვარ..." - რას წერს ნინო სურგულაძე "ფეისბუქზე"?

"ძალიან რომ მიჭირდა მითხარი, "ისინი დაგეხმარონო"... ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?" - რას წერს კარინა გრეგორიანი ჟორჟოლიანზე და რას პასუხობს ტელეწამყვანი?