ავტორი:

"წარვადგენთ უტყუარ მტკიცებულებებს... ნიკა მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი" - რას ამბობს პროკურორი სასამართლოს დაწყებამდე

"წარვადგენთ უტყუარ მტკიცებულებებს... ნიკა მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი" - რას ამბობს პროკურორი სასამართლოს დაწყებამდე

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ყველა უტყუარი მტკიცებულება, რაც ცალსახად ადასტურებს მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

ამის შესახებ მან გენერალურ პროკურატურაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის საქმის განხილვა. მოცემული საქმის განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ყველა უტყუარი მტკიცებულება, რაც ცალსახად ადასტურებს ნიკა მელიას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. საქმის არსებითი განხილვისას მოხდება მოწმეთა დაკითხვა, გამოკვლეული იქნება ვიდეოჩანაწერები, რომელიც ნათლად ასახავს ნიკანორ მელიას დანაშაულებრივ ქმედებებს, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას.

გამოკვლეული იქნება ყველა ის მტკიცებულება, რაც სასამართლოს ნათლად დაარწმუნებს მის ბრალეულობაში. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ასპექტში ბრალდების მხარე იქნება წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებითა და მყარი პოზიციით, რასაც სასამართლო ნათლად დაინახავს ამ საქმის განხილვის ეტაპზე.

ნიკანორ მელიას მიმართ წარდგენილი ბრალდების შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტი არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოს მიერ, სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს ერთი მხრივ, დასაბუთებული ვარაუდი მის მიერ დანაშაულის ჩადენისა და მეორე მხრივ, ალბათობის მაღალი ხარისხი მტკიცებულების სტანდარტთან დაკავშირებით. საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკა მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას, რომელიც საბოლოო ჯამში, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა“,- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

როგორც გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელიასთვის პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის წინადადება პროკურატურამ ჯერ კიდევ 25 თებერვალს დააყენა, როცა მხარეს გირაოს გადახდა შესთავაზა. თუმცა, გულუაშვილის თქმით, "ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია“.

"რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს, იმის გამო, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, სასამართლოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს მის მიერ გამოყენებული პატიმრობა ან საკუთარი ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს იქნა გაკეთებული შეთავაზება დაცვის მხარისთვის და შევთავაზეთ მათ ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა.

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა უფრო მუსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

"ნამახვანთან რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, მივიღეთ კარვების გატანის გადაწყვეტილება" - შსს

"იმართებოდა ფართომასშტაბიანი ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით - სამი პირი ჯამში 22 000 ლარით დააჯარიმეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბექა ფერაძე

"ამბობენ, რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა და დეპრესია ჰქონდაო..." -  მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, ჰესის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა