საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ათასწლეულის ფონდისა და SDSU-Georgia-ს თანამონაწილეობით, Pre-ABET მინისიმპოზიუმი - „ABET აკრედიტაციისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების გამოწვევები“ - გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს რექტორმა დავით გურგენიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორმა ნოდარ სურგულაძემ, სან დიეგო/საქართველოს უნივერსიტეტის დეკანმა, პროფესორმა ჰალილ გიუვენმა და უნივერსიტეტის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ABET პროგრამების მომზადებაში არიან ჩართული.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და ახლაც არის ლიდერი უნივერსიტეტი საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში. მსოფლიოში ცნობილი ისეთი დარგობრივი ორგანიზაციის მიერ აღიარებული პროგრამები, როგორიცაა ABET, ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის კიდევ ერთი დადასტურება იქნება. მით უფრო, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენი მიზანია მოვამზადოთ წარმატებული სტუდენტები შრომის არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვისაც. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET აკრედიტაციისთვის 6 პროგრამა მზადდება ისეთ მოთხოვნად სპეციალობებზე, როგორიცაა მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერია, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერია, ბიოსამედიცინო ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები. მომავალ წელს ვგეგმავთ მივიღოთ ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებულ დიპლომს მიიღებენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და სან დიეგო-საქართველოს ხელმძღვანელობას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ამ მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი სიმპოზიუმის ინიცირებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში, პროფესორმა ჰალილ გიუვენმა მილენიუმისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ისტორია მიმოიხილა. პროექტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ჩართულობით 2015 წლიდან ამოქმედდა, 2019 წელს მთლიანად გადაეცა იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც პროგრამაში იყვნენ ჩართულნი, მათ შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.
„ჩვენს თანამშრომლობაში ახალი მიმართულება შემოდის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთ პროექტზე უკვე დაწყებულია მუშაობა და ეს ეხება კიბერუსაფრთხოების პროგრამას. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამას საქართველოს ტექნიკური და სან დიეგოს უნივერსიტეტები ერთობლივად შეიმუშავებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოდან არ გადის, პირიქით, ჩვენ ვაფართოებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ჰალილ გიუვენმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, Pre-ABET მინისიმპოზიუმი კი უნივერსიტეტისა და კონფერენციაში მონაწილე მისი ექვსი მეცნიერისთვის მოსამზადებელი ღონისძიებაა.
NS