თბილისში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის განცხადებით, კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად სახიფათო არ არის.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ადგილობრივებს კორპუსში შესვლა შეეძლებათ.
რაც შეეხება გარდაცვლილს, კახა სამხარაძის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გზაში გარდაიცვალა.
“როგორც იცით, სამგორის დასახლებაში აფეთქება მოხდა. რამ გამოიწვია აფეთქება, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, მერიის სამსახურები ადგილზე იმყოფებიან, შეამოწმეს და პირველადი დასკვნით, კორპუსს საფრთხე არ ემუქრება, საცხოვრებლად სახიფათო არ არის. ერთ-ერთ მეზობელს კედელი აქვს დაზიანებული, მაგრამ საცხოვრებლად უვარგისი არ არის. მთლიანად სადარბაზო არის ევაკუირებული. სამწუხაროდ, ჩემი ინფორმაციით, დაშავებული ქალი გზაში გარდაიცვალა", - განაცხადა კახა სამხარაძემ.