ავტორი:

"ახლანდელ საქართველოში რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, დააქციოს... საშინელება ხდება. რამდენი ცრუ პატრიოტია? ეგეთი ძნელი დრო არც მახსენდება" - ამონარიდები დოჩანაშვილის ინტერვიუებიდან

"ახლანდელ საქართველოში რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, დააქციოს... საშინელება ხდება. რამდენი ცრუ პატრიოტია? ეგეთი ძნელი დრო არც მახსენდება" - ამონარიდები დოჩანაშვილის ინტერვიუებიდან

პირველად მას 2008 წლის ივნისში პატარა „ყვითელ ავტობუსში“ შევხვდი და აქედან დაიწყო ჩვენი ნაცნობობაც და ზღაპრული მოგზაურობაც თბილისიდან სვანეთისკენ. მარჯვენა მხარეს იჯდა, მარტო, უჩუმრად და მიხვეულ-მოხვეულ აღმართსა და სვანეთის მშვენიერებას აღფრთოვანებით გაჰყურებდა. დაუვიწყარი დღეები გავატარეთ ლატალში და კარგად მახსოვს, გზადაგზა, შესვენებებისასაც და ლატალ-მესტიაშიც, ავტობუსში მჯდომი 3 ჟურნალისტი ფოტოს მის გვერდით გადაღებაში როგორ ვეცილებოდით ერთმანეთს. იქ ინტერვიუს ჩაწერა ფანტასტიკის სფერო იყო, მაგრამ, აბა, რას წარმოვიდგენდი, რა მელოდა სულ რაღაც 2 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი - „პალიტრა მედიის“ წიგნების სერია „ქართული პროზის საგანძურის“ პირველი - მისი წიგნის გამოცემიდან მოყოლებული, ჩვენი ზუგდიდური მოგზაურობებითა და თბილისური შეხვედრებით გაგრძელებული, დღემდე, ამ გამორჩეული ადამიანის ცხოვრებაში ერთი ციდა ადგილს მეც რომ დავიკავებდი.

ჩვენი ეპოქის დიდებული ადამიანის და, განურჩევლად ასაკისა, უამრავი ქართველის საყვარელი კლასიკოსი მწერლისთვის - ბატონი გურამ დოჩანაშვილისთვის რომ გეთქვა, ჟურნალისტი ვარო, სათოფეზე არ მიგიკარებდა, ისე კი - იცოცხლე, დაუზარლად გაგესაუბრებოდა, დაგარიგებდა, მოგესიყვარულებოდა. მახსოვს, ზუგდიდში სამი დღის განმავლობაში ერთად ვიყავით და მხოლოდ გზადაგზა საუბარში ვკრებდი თითოეულ სიტყვას, რადგან... საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბატონი გურამი ვერ იტანდა ვიდეოკამერებს, მიკროფონებს, დიქტოფონებს, ტელეფონებს და, შესაბამისად - ინტერვიუებს. არადა, ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობის განმავლობაში, ვინ იცის, რამდენი სტატია მაქვს მასზე დაწერილი, თანაც - ინტერვიუს სახით... სინამდვილეში ეს უსაყვარლესი, უთბილესი, ხან ბუზღუნა, ხან გაცისკროვნებული, ხან ბავშვივით ცელქი გამოხედვის მქონე ადამიანი შესანიშნავი მოსაუბრე იყო, თუკი ზემოთ ჩამოთვლილ საგნებს ვერ ხედავდა. მე მასთან „მისასვლელი გზა“ მაინც გამოვნახე - ბატონი გურამის მეუღლე, ქალბატონი ნათელა სეფიაშვილი. მასთან ალიანსით, შინ ვსტუმრობდი თუ სადმე ერთად ვიყავით, ბატონ გურამს გვერდიდან არ ვცილდებოდი... ფარულად ჩართული დიქტოფონით და მის ყოველ ნათქვამს ვიწერდი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენ რამეს ვიგებდი მისგან და რამდენი ჭკუისსასწავლებელი დასკვნა გამომქონდა.

ძნელი დრო, რაც დღეს არის, არც მახსენდება

- მძიმე დროში ვიცხოვრე, მაგრამ ღმერთმა დიდი წყალობა მომცა, რომ საუკეთესო უფროსი მეგობრები მყავდა... მყავდა კი არა, ახლაც მყავს - ბატონი რეზო თაბუკაშვილი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, ბატონი ოთარ ნოდია, ბატონი რომან მიმინოშვილი. ყველა მათგანი პარტიული იყო. რატომ? მე ხომ ვიცი, კომუნისტური პარტიისადმი რა დამოკიდებულება ჰქონდა, მაგალითად, ბატონ ნიკო ჭავჭავაძეს, მაგრამ სხვაგვარად ვინ დანიშნავდა მას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელად მაშინ, როდესაც ფილოსოფია პარტისტორიად აღიქმებოდა, არადა, ბატონმა ნიკომ სწორედ ამით გაათავისუფლა ქართული ფილოსოფიური აზრი მარქსიზმ-ლენინიზმისგან და რა ხალხი გაზარდა? - თუნდაც მერაბ მამარდაშვილი! ან ვინ დანიშნავდა ბატონ რეზო ჩხეიძეს კინოსტუდიის დირექტორად, პარტიული რომ არ ყოფილიყო? ბატონი რეზო თაბუკაშვილის გარდა ვინ გადაიღებდა იმ ფილმებს და ვინ ჩამოუტანდა საქართველოს უდიდეს განძს? ეს ხალხი პარტიულები იყვნენ, მაგრამ მათი პარტიულობა სრულიად სხვა იყო და დიდად განსხვავდებოდა მათგან, ვინც პარტიულობიდან გამომდინარე, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გამგედ უნდა დაენიშნათ...

შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო, იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ. ვერც იმას გაიგებ დღეს, ვინ ვისი მეგობარია. მხოლოდ დროებით შეეკვრებიან ხოლმე ერთმანეთს... თუნდაც ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი რომ იყო, ისიც ჩემი უფროსი მეგობარი, რომელიც ექვსჯერ გამოიქცა სტალინის ბანაკებიდან, რუსული სიტყვით რომ ვთქვა - ექვსი „პაბეგი“ ჰქონდა. ეს, იცით, რას ნიშნავს? საოცარი კაცი იყო. მეგობრები ვიყავით, მაგრამ მისთვის „ბატონოს“ გარეშე არასდროს მიმიმართავს, რადგან... მართლაც ბატონი იყო! ან გურამ ასათიანი, დიდებული კაცი, რომელსაც, ასევე, დიდებული დედა ჰყავდა - დეიდა თინა, ქალბატონი თინა ჭიჭინაძე. გურამი რომ გარდაიცვალა, ვიღაცამ მიუსამძიმრა, თინა, შე საწყალო, რა შვილი გარდაგეცვალაო... - საწყალი კი არ ვარ, გურამ ასათიანის დედა ვარო, - ასე უპასუხა...

ჯემალ კასრაძის ფოტო: გურამ დოჩანაშვილი

წეღან ამ უფროს მეგობრებზე „მყავდა“ რომ ვთქვი და შემრცხვა, რა ვიგულისხმე, იცით? დღესაც, რამე რომ გამიჭირდება, ფიქრებით სულ მათ ვეკითხები ხოლმე რჩევას და ვერ წარმოიდგენთ, რა სიმართლეს მეუბნებიან. აბა, არ ვიცი, დღეს ვისთან მივიდე. თქვენ გეკითხებით - დღეს ვინმე გეგულებათ ეგეთი? ხანდახან მართლა მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი?! ეგეთი ძნელი დრო, რაც დღეს არის, არც მახსენდება. ერთადერთი, ჩვენ გვყავს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, იმისი ნათქვამი, ხმადაბლა რომ იტყვის ხოლმე, ეს არის ჩემთვის ყველაფერი. მხოლოდ ის მინდა, რომ მისი მრევლის წევრი მაინც ვიყო, თუნდაც - სულ უკანასკნელიო.

შემოქმედი არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს

- ერთ დროს სხვებივით მეც ძალიან მიჭირდა. ჩვენი უწმინდესის ინიციატივით პირველი უფასო სასადილო რომ გაიხსნა, მეც მივდიოდი ხოლმე. იქვე არ ვჭამდი, მაგრამ სუფრასთან საჭმელი რომ რჩებოდათ, ვიღებდი, ვახვევდი და შინ მომქონდა. ვიღაცას რომ დაენახა, იფიქრებდა, ეს ღორმუცელა ვინ არისო, არადა, ჩემთვის კი არ მინდოდა, ცოლ-შვილისთვის მომქონდა - ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ჩემს ცოლს - შვილი და ასე მაინც ხომ უნდა დავხმარებოდი! მანამდეც, ჩემს ბავშვობაშიც, დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და 3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდა, მაგრამ სულ გვინდოდა, ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე. მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და, ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციოს, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის - ცუდი... საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია! არ შეიძლება, ერთმანეთი გვიყვარდეს? ქართული გამოთქმა რომ არის, ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე - უცხო მტრისგან. ყველაფერს რაღაც უარყოფითს უძებნიან, არაფერი მოსწონთ, ყველას ლანძღავენ და ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან. ხალხსაც ჰგონია, რომ რაკი არაფერი მოსწონთ, მართლა მაგრები არიან! მაგრები კი არა, ხელმოცარულები არიან და უნდათ, ყველანი ხელმოცარულები იყვნენ! არ მგონია, რომ მეჩვენებოდეს... უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი ამბობდა, ნეტავ, ჰერმან ჰესესავით ვწეროო (მართალია, ჰერმან ჰესე ავსტრიელია, მაგრამ გერმანულენოვანი მწერალია, ნობელის პრემიის ლაურეატი) - თავად ბუმბერაზი მწერალი ამბობდა მეორე ბუმბერაზზე. ჩვენთან კი რა ხდება? იმის ნაცვლად რომ ერთმანეთში კარგი ეძებონ, ერთმანეთს გაუთავებლად ლანძღავენ. საქართველოში, იცით, რამდენი ცრუ პატრიოტია? მე მგონი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ცრუ პატრიოტი მოდის, ვიდრე - ნამდვილი პატრიოტი.

იცით, რატომ არ ვერევი პოლიტიკაში? არასდროს ვამბობ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-მეთქი, მაგრამ დიადი შემოქმედები კი ნამდვილად გვყავდა, მაგრამ... სხვა მაგალითს მოვიტან - ხომ აქებენ ბახსა და მოცარტს, წარმოგიდგენიათ, ამ შემოქმედებს რომ ეთქვათ, ჩვენი მუსიკა მოისმინოს ამ პარტიამ და იმ პარტიამ კი - არ მოისმინოსო? ან ბეთხოვენისთვის რომ ეკითხათ, რომელ პარტიას ეკუთვნიო? ვერც გაიგებდა, რას ეკითხებოდნენ. აბა, „მეცხრე სიმფონიის“ შექმნას რომელი პარტია უნდა?! ჩემს თავზე არ ვამბობ, დიდი შემოქმედი ვარ-მეთქი, არც იმას ვამბობ, მე სწორად ვიქცევი ან ვცდები-მეთქი, მაგრამ ერთი ნაღდია, რომ შემოქმედი არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს, თუკი უნდა, დიდ შემოქმედებით წარმატებას მიაღწიოს... ამიტომ არასდროს არც ერთი პარტიის წევრი ვყოფილვარ, ეგ კი არა, კომკავშირშიც არ შევსულვარ და ამიტომ არ ვერევი პოლიტიკაში! როგორც ეძახიან ხოლმე, ეგ ერთი პლუსი მაქვსო...

კისტის თოფი, ვიოლინო და „კარმენი“

- არაჩვეულებრივი კაცი იყო ჩემი ბავშვობის, სკოლის მეგობარი ჯონდო მეტრეველი, ძალიან ნიჭიერი. დღედაღამ ერთად ვიყავით. მხოლოდ დასაძინებლად შევდიოდით სახლებშიო, - იხსენებს ბატონი გურამი თანაკლასელსა და განუყრელ მეგობარს.

ბაკურიანში - ჯონდო მეტრეველი, ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი

მაშინ ტელეფონები სად იყო და ბატონ გურამს მისი ბებია, არაჩვეულებრივი ქალბატონი მერი, ხან მეგობრებთან დაეძებდა, თურმე, ხან ქუჩაში. ერთხელაც ბატონი გურამი თავის თანაკლასელსა და მეგობარ მერცია სულაქველიძეს გრძელი პალტოთი მიდგომია შინ. პალტოს შიგნიდან, საყელოსთან თოფის ლულა მოუჩანდა. - აბა, თუ იცით, რა მაქვს ამის ქვეშო? - უკითხავს თანაკლასელისთვის და მისი უმცროსი დისთვის. - თოფი გაქვსო, - მოკლედ მოუჭრია ქალბატონი მერციას დას. - როგორ მიხვდიო? - გაოცებულა და დაუყოლებია, - ეს კისტის თოფი ბაბუაჩემმა მიყიდა, იქნებ, სახლში დაჯდეს და გაერთოსო. მე კიდევ ამიანად წამოვედიო, - კვდებოდა, თურმე, სიცილით მომავალი მწერალი...

გურამ დოჩანაშვილი ბავშვობაში

ბატონ გურამს აბსოლუტური სმენა ჰქონია და ვიოლინოზეც არაჩვეულებრივად უკრავდა. ერთხელ თბილისში ცნობილი დირიჟორი მელიქ ფაშაევი ჩამოსულა და მწერლის ბებიას - ქალბატონ მერის და ჯონდო მეტრეველის დედას ბიჭები ოპერაში, „კარმენზე“ წაუყვანიათ. მეგობრებს ძალიან ეზარებოდათ სპექტაკლზე დასწრება და რომ გამოპარულიყვნენ, გეგმა შეუმუშავებიათ: სამმოქმედებიანი წარმოდგენის პირველი ანტრაქტის შემდეგ ვითომ დააგვიანეს დარბაზში, კარი დაკეტილი დახვდათ და „გალიორკაზე“ ავიდნენ, სინამდვილეში კი კვლავ მერცია სულაქველიძეს მიადგნენ შინ, გასართობად. თან, თურმე, რადიო ჩაართვევინეს მეგობარს, ოპერიდან პირდაპირი ტრანსლიაციისთვის რომ ესმინათ, - ემანდ, რამე რომ მოხდეს, არ გამოგვეპაროს და არ „გავიყიდოთო“. მესამე მოქმედებისთვის კი კვლავ მიბრუნებულან ოპერაში... ეს ამბავი ქალბატონი მერციასგან მოვისმინე და მახსოვს, ბოლოს სიცილით დააყოლა, სულ მიკვირდა, ასეთი განათლება როდის მიიღეს ჩვენმა ბიჭებმა-მეთქი, როდესაც ზვიად გამსახურდიაც, ჯონდო მეტრეველიც, გურამ დოჩანაშვილიც და დანარჩენებიც მუდამ ქუჩაში იყვნენო. არადა, ფაქტია - ზეგანათლებულები იყვნენ - ეს სამეული, უკვე იმ სოფელში გადასული.

P.S. ძვირფასო ბატონო გურამ, ჭეშმარიტად ქრისტიანო და სახალხო მწერალო, ყველა თაობის საყვარელო მწერალო, გარდა იმისა, რომ თქვენი მოთხრობილი ამბები და საუბრები ჩემს არქივს შემორჩა, ბავშვობაში მეზობლის ვენახში მოპარული ხილის გამორჩეული გემოსი არ იყოს, თქვენთან სწორედ ამგვარი, ყოველგვარ იძულება-ვალდებულებას მოკლებული ურთიერთობა და სიყვარულით, სითბოთი და ადამიანური ტკივილებით გაჟღენთილი ცხოვრებისეული ამბების მოსმენა, შემოქმედზე, კაცზე, რომლის მასშტაბსაც არათუ ჟურნალისტი, ვერც ერთი უბრალო მოკვდავი ვერ მოაქცევდა საკუთარ კალაპოტში, ასიათასჯერ საინტერესო და მიმზიდველი იყო. გემშვიდობებით ტკივილით და თქვენტან გატარებულ ყოველ წუთთან, სელფებთან თუ უსელფოდ გადაღებულ ფოტოებთან ერთად მეხსიერებაში მრჩებით იოსებიძის ქუჩის სახლში, მისაღები ოთახის მარჯვენა კუთხეში, თქვენს საყვარელ სავარძელში, მიფარებული საყვარელი პლედით, ქუდით, იქვე, იატაკზე ჩამომწკრივებული წყლის ჭიქით, სათვალითა და მობილურით...

ირმა ხარშილაძე

5 წიგნი, რომელსაც ყველა ბავშვი ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავს

აი, ეს შიშია ანტიქრისტე! ქრისტე კი არის იმედი, სიყვარული, სიხარული, სინათლე და დაუსრულებელი ბედნიერება!

საინტერესო ფაქტები ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან