ტკივილი არ ნელდება, უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. ჩემი შვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან, - ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ოჯახის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ.
გივი ტატუნაშვილის განცხადებით, 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების იზოლატორში წამებით მოკლეს მისი შვილი.
„ტკივილი არ ნელდება, უფრო და უფრო, გაუსაძლისი ხდება. ჩემი შვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან. ხელისუფლება ითხოვს, რომ დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ რუსეთი ამის გამკეთებელი არ არის“, - განაცხადა გივი ტატუნაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის "ძმათა სასაფლაოზე" სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.