ავტორი:

"აღმოჩნდა, რომ მოპარული ვარ და არა გაშვილებული" - როგორ ყიდდნენ ბავშვებს სამშობიაროებიდან და როგორ იპოვა ბებიის გაშვილებულმა ეკატერინე ჭონიაშვილმა ოჯახი

"აღმოჩნდა, რომ მოპარული ვარ და არა გაშვილებული" - როგორ ყიდდნენ ბავშვებს სამშობიაროებიდან და როგორ იპოვა ბებიის გაშვილებულმა ეკატერინე ჭონიაშვილმა ოჯახი

ამ ცოტა ხნის წინ, თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში შექმნა ჯგუფი "ვეძებ“, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ბიოლოგიური ნათესავების პოვნაში ეხმარება და უკვე 30-მდე ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს. მისი თქმით, 1970-2000 წლებში საქართველოს სამშობიაროებიდან ძალიან ბევრი ბავშვია მოპარული და გასხვისებული. ერთ-ერთი ასეთი სქემის მსხვერპლია ეკატერინე ჭონიაშვილი, რომელზეც დედას უთხრეს, - დაიღუპაო. მან ბიოლოგიური ოჯახი მხოლოდ 45 წლის შემდეგ იპოვა. თამუნა მუსერიძე ბავშვების გაყიდვის სქემას, ხოლო ეკატერინე თავის ისტორიას AMBEBI.GE-ს უზიარებს.

თამუნა მუსერიძე:

- სიცრუე აღმოჩნდა ის, რომ თითქოს ამდენ დედას უკვდებოდა შვილი. მათ 90%-ს ატყუებდნენ, - ბავშვი დაიღუპა და მას ჩვენ დავასაფლავებთო. გაირკვა, რომ თურმე, თბილისის არცერთ სამშობიაროს თავისი სასაფლაო არ ჰქონია. თუ ბავშვი რეალურად კვდებოდა, გარდაცვლილ პატარას მშობელს ატანდნენ. ამის გარკვევის შემდეგ, დედებმა იუსტიციის სახლში დაიწყეს დაბადების მოწმობების, საკუთარი მშობიარობის დამადასტურებელი ამონაწერების მოძიება და მივედით ძალიან მძიმე ფაქტამდე, გაირკვა, რომ ამ ბავშვების დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები არ არსებობს. ყველაზე რთული აღმოჩნდა ის, რომ ეს ქალბატონები ვერ ამტკიცებენ, რომ იმშობიარეს - ამის დამადასტურებელი ჩანაწერი არსად ფიქსირდება. ეს რომ ერთეული შემთხვევა ყოფილიყო, ვიფიქრებდით, შეცდომა დაუშვეს, არ ჩაწერეს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ათი ათასობით დედაა, რომელთაც უთხრეს, რომ შვილი გარდაეცვალა და მას სამშობიაროს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ, მაგრამ ბავშვი სად წაიყვანეს, არავინ იცის. დავადგინეთ ისიც, რომ ეს ბავშვები არიან გაყიდული და პირდაპირ აღმზრდელი მშობლების შვილებად გატარებული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავიდან, როცა ამ ქალბატონებს ვესაუბრებოდით, ყველა დაახლოებით ერთნაირ ტექსტს ამბობდა, - სამშობიაროში ჩემი ნათესავი, ნათლია ან მეგობარი მუშაობდა და ამას არ გამიკეთებდაო. აღმოჩნდა, რომ სწორედ, ახლობლებს უკეთებდნენ. ახლახან გვქონდა შემთხვევა, როდესაც დედამ შვილი 38 წლის მერე იპოვა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო... არადა, იმ საავადმყოფოში, სადაც იმშობიარა, გინეკოლოგად მისი ნათლია მუშაობდა.

- თუ დაუკავშირდით რეალურ ადამიანებს, ვინც იმ პერიოდში სამშობიაროებში მუშაობდნენ?

- დაგვიკავშირდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც იმ დროს სამშობიაროში მუშაობდნენ და გვითხრეს, რომ კვალის არევის მიზნით დედას ზოგჯერ იმასაც კი ეუბნებოდნენ, რომ ბიჭი გაჩნდა, სინამდვილეში კი ახალშობილი გოგონა იყო და პირიქით... არსებობენ ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ადასტურებენ, რომ სამშობიაროებში ბავშვების გაყინული ცხედრები ჰქონდათ. ინახავდნენ ქერა და შავგვრემან ბავშვებს და თუ რომელიმე მშობელი კატეგორიულად მოითხოვდა შვილის ცხედარს, მშობლების გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ ცხედარს და მათ სხვის შვილს ატანდნენ. იმ ექიმებიდან ბევრი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ გვაქვს კონტაქტი იმ ქალბატონებთან, რომლებიც სამშობიაროებში იმ პერიოდში მუშაობდნენ. ტყუპის სქემა ცალკე იყო, უამრავი ტყუპისცალია გაყიდული. უფრო იმას აშვილებდნენ, რომელიც შედარებით ჯანმრთელი იყო. ყველა სამშობიაროდან ხდებოდა გაშვილება, მაგრამ მოწინავე იყო - თბილისის პირველი და მეორე სამშობიაროები, ასევე, სიღნაღის, სენაკის, რუსთავის...

- შენს საქმეში ხომ არ არის სიახლე?

- აღმოჩნდა, რომ ვარ მოპარული და არა გაშვილებული. არ ვიცი, რომელ სამშობიაროში დავიბადე. როგორც გავიგეთ, ბავშვი ერთ სამშობიაროში იბადებოდა, ის შემდეგ მეორეში გადაჰყავდათ და იქედან აშვილებდნენ.

  • "ბიოლოგიურ ბებიას არ ვუნდოდი, მაგრამ გამზრდელი ბებიისთვის ოთხი შვილიშვილიდან მე ვიყავი საფიცარი"

ეკატერინე ჭონიაშვილი:

1975 წელს გორში დავიბადე. საუკეთესო ოჯახში ვიზრდებოდი. ძალიან კარგი მშობლები მყავდა. ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ბიძის ოჯახში ვიყავი, სადაც არასასურველად ვიგრძენი თავი და ეჭვები გამიჩნდა. დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო, მას არავინ მამსგავსებდა და თუ ვინმე უცხო შეგვხვდებოდა, ყველა ამბობდა, - ეს ნანის გოგოა? რაღაც არ ჰგავსო. 10 წლის ვიყავი, როდესაც მეზობლის ბავშვმა წამომაძახა, რომ ნაშვილები ვიყავი. იმ პატარა ასაკში გადავწყვიტე, რომ რაღაც ინფორმაციები მომეძიებინა. ამ ყველაფრის გარკვევა ოჯახში არ მიცდია, იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს და ისეთი კარგი ბავშვობა მქონდა, რომ არ მინდოდა, ოჯახში დისკომფორტი შემექმნა, ამიტომ ნათესავებს ვეკითხებოდი. ყველა თავის ვერსიას მიყვებოდა, მეუბნებოდნენ, რომ ქართველი არ ვიყავი და რომ მოლდოვადან ჩამომიყვანეს. ხან ბოშა ვიყავი, ხან ებრაელი, ხან სომეხი. მთელი ცხოვრება ამ გაურკვევლობაში გრძელდებოდა. ჩემთვის ეს დიდი სტრესი იყო, მაგრამ ოჯახის წევრები იმდენად კარგად მექცეოდნენ, რომ ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ბავშვთა სახლში არ ვიზრდებოდი.

მერე, უკვე სტუდენტობის პერიოდში, როცა შეიძლება ვიღაცას მოვწონებოდი, ეს უკვე ნაკლად მეთვლებოდა. ე.წ. სადედამთილომ წამომაძახა, - სახლში ვერ შეგიშვებ, იმიტომ, რომ ვისი დაწყებულ-დამთავრებული ხარ, არ ვიცითო. უკვე აქ დაიწყო ჩემი სტრესული ცხოვრება. დაახლოებით, 20 წლის ვიქნებოდი, როდესაც ჩემი დაწყებითი კლასის მასწავლებელთან ერთად, ჩვენთან ვიღაც კაცი მოვიდა. დედას მის დანახვაზე გული წაუვიდა, მე ვერ მივხვდი, ვინ იყო, ვიდრე დედა მოვასულიერე, ეს კაცი უკვე წასული დამხვდა. მერე მეზობლებმა მითხრეს, - მამაშენიაო. არ დამიწყია კვლევა. გადიოდა წლები. მთელი ცხოვრება ერთადერთი რამის გარკვევა მინდოდა, მაინტერესებდა, რა ეროვნების ვიყავი. ქართველი რომ არ ვიყავი, ამას ყველა მეუბნებოდა. ამასობაში დედა დამეღუპა.

როდესაც თამუნა მუსერიძის ამბავი გავიგე, თანაგრძნობის ნიშნად მივწერე და ჩემი ამბავიც მოვუყევი, რათა გაეგო, რომ მარტო არ იყო და მის მდგომარეობაში სხვებიც ვიყავით. თითქოს ბედს შევეგუე, მაგრამ ეს ბოლო ორი თვე ძალიან ავფორიაქდი და ერთ ნათესავს ვკითხე, ხომ არ იცოდა, საიდან ვიყავი ჩამოყვანილი. მან მითხრა, - ჩამოყვანილი არ ხარ, თუ არ ვცდები, შენი მშობლები აქ, თბილისში უნდა იყვნენ, მაგრამ ქართველები არ არიანო. ეს რომ გავიგე, ვიფიქრე, თუ ჩემი მშობლები თბილისში არიან, მე კი შვილი მეზრდება და არ არის გამორიცხული, რამე გადაკვეთა მოხდეს-მეთქი. სასწრაფოდ დავუკავშირდი ერთ ნათესავს, რომელმაც მითხრა, - შენი მშობლები კახეთიდან არიან, ბებიას არ უნდოდა, რომ გაჩენილიყავი და შენთვის სხვა მშობლები იპოვაო. თურმე, გამზრდელ დედას უთხრეს, რომ ბავშვი დედამ მიატოვა, ბიოლოგიურ მშობელს კი მოატყუეს, რომ ბავშვი დაიღუპა. წლების მერე ის ბებია ჩამოვიდა და შენს თავს ითხოვდაო. ეს ინფორმაცია თამუნამ ჯგუფში გამოაქვეყნა. მეორე დღეს დამიკავშირდა ჯგუფის ადმინისტრატორი და მითხრა, რომ დედის მხრიდან ბიძაშვილები მეძებდნენ. შოკში ჩავვარდი, არასდროს მიფიქრია, რომ ქართველი ვიყავი. პირველად ბიძაშვილმა დამირეკა და კამერაში რომ დავინახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, ვერ აღვწერ. ვუყურებდი, უცხო იყო, მაგრამ თან ძალიან ჩემიანი. ბიძაშვილებს იმდენად ვგავარ, შიშიც კი მიპყრობს, მე ხომ არასდროს არავის ვგავდი. მათ, ყველას, გარდაცვლილი ვეგონე, მხოლოდ მამამ იცოდა, რომ ცოცხალი ვიყავი.

როგორც მამამ მიამბო, ბებიას არ მოსწონდა სიძე, დედის მხარე არ მალავს იმას, რომ ბებია თავისებური ქალი იყო. ყველას თავის ჭკუაზე ატრიალებდა. როდესაც დედა მამაჩემს გაჰყვა ცოლად, ბებიას რამდენჯერმე უცდია მათი ოჯახის დანგრევა. დედა არ უჯერებდა, თუმცა ორსულობის ბოლო თვეებში ბებიას მაინც დაუთანხმებია, უთქვამს, - რომ იმშობიარებ, ცოტა ხანს ჩემთან იყავი, მე გიპატრონებო...

მამასგან ვიცი, რომ ბებიამ დედა გორში წაიყვანა სამშობიაროდ, იქიდან კი ბავშვის გარეშე დაბრუნდნენ, თქვეს, - დაიღუპაო. თურმე ბებია მანამდე ჩასულა გორში და ეს ოჯახი მოუძებნია, რომ ბავშვი სარფიანად გაესხვისებინა.

მამა დედას არ შერიგებია, თუმცა ერთმანეთი უყვარდათ და ჩუმად ხვდებოდნენ, ამასობაში დედა მეორე ბავშვზე დაორსულდა. ბებიამ ისევ წაიყვანა სამშობიაროდ, მაგრამ დედამ გარდაცვლილი ბავშვი გააჩინა, თვითონაც სისხლი მოეწამლა და მშობიარობას გადაჰყვა.

მე რომ სკოლაში შევედი, აღმოჩნდა, ჩემი მასწავლებელი, რომელიც წარმოშობით კახეთიდან იყო, ჩემს მშობლებს იცნობდა, ამ ქალს მამისთვის უთქვამს, ჩემს კლასში ერთი გოგო მოიყვანეს, ზედგამოჭრილი მარინეაო (დედაჩემი). ოჯახს ის ბავშვი ნაშვილები ჰყავს, წამოდი, ნახე, იქნებ, შენი შვილი ცოცხალიაო. მამას არ დაუჯერებია, მერე სხვა შეხვედრია და იმასაც იგივე უთქვამს... მამა მართლაც ჩამოსულა ჩემს სანახავად და ამის შემდეგ თურმე მთელი ცხოვრება ჩუმად დამყვებოდა, ყველა ჩემი სამსახური იცოდა... 2008 წლის ომის შემდეგ გორიდან წამოვედი და მამამაც ჩემი კვალი დაკარგა.

მადლობა უფალს, რომ ბავშვთა სახლში არ აღმოვჩნდი. სამი ათას მანეთად მიყიდეს ჩემმა მშობლებმა. საოცრად კარგი დედა მყავდა. ბიოლოგიურ ბებიას არ ვუნდოდი, მაგრამ გამზრდელი ბებიისთვის ოთხი შვილიშვილიდან მე ვიყავი საფიცარი.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია