ავტორი:

"საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ გაგრძელებას" - ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებაზე საუბრობენ

"საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ გაგრძელებას" - ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებაზე საუბრობენ

"მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების საქართველოს პარლამენტში მიღება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ODIHR– ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების საჭიროებას" - აღნიშნულის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ აქვეყნებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რეფორმები მთავარია ნდობის აღსადგენად.

"ვადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი მუშაობისადმი და მივესალმებით მის შეთევაზებას პოლიტიკური პარტიებისადმი, რაც კიდევ უფრო ზრდის მედიაციის გამჭვირვალობას. უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ნდობის აღდგენა. ამ შეთანხმების შინაარსი ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის: საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის განაწილება და რაც მთავარია, მომავალ არჩევნებთან და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ საქმესთან დაკავშირებული გამოსავალი, რომელიც პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას.

  • პოლიტიკური პარტიების მხრიდან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელებას. კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის, მომავალში თანხების გამოყოფის შეჩერების, მაკროფინანსურ დახმარებასთან და ევროკავშირის მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისთვის შემდგომი ზიანის მიყენება, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები.საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს მაღალი რანგის 7 ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, "ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი და ლიეტუველი დეპუტატი ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუშტრევიჩიუსი.