დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილშია აღნიშნული, ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს.
"გოლოგიური, გეოდეზიური და გეოფიზიკური კვლევების საფუძველზე, ვასკვნით, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია.
მეწყერის გამომწვევი მიზეზებია: მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები (ფერდის დატვირთვა)
მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის.
მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად მოწყვეტის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას. გეოფიზიკურ პროფილებზე ცხადად დაიკვირვება შესაძლო მოწყვეტის ზედაპირები.
მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისათვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება. (ლიდარული გადაღება, ექსთენსომეტრი, ვიწრო სიხშირულსპექტრიანი სეისმომეტრები და სხვა)
მეწყრის დაძვრის შემთხვევაში, აუცილებელია განვიხილოთ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სრულყოფილი მონიტორინგისთვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად.
ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია.
ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა“, - აღნიშნულია ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილში.
ამასთანავე, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აუცილებელია შეფასდეს ცუდი სცენარი, რომელიც ყველა შესაძლო გართულებას მოიცავს, რათა მოხდეს პროცესის მართვა, ისე რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა.
"მეწყრის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ აგენტებად განიხილება ჭარბი ნალექი და მიწისძვრა. ასეთ შემთხვევაში მეწყერი აზიანებს მაგისტრალურ წყალსადენის სამ 900 მმ-იან და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენებს, რის გამოც მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყრის ამგებ ლოდნარ მასას შეერევა, რაც მეწყრის დენას ფერდობის ქვედა მიმართულებით (გელოვანის ქუჩისკენ) გაამარტივებს და სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება ღვარცოფული ნაკადი.
მეწყრულ-ღვარცოფული აქტივობა სავარაუდოდ მოიცავს:
მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას. ასევე ზედა მეწყრის დაცურება გამოიწვევს ქვედა მეწყრის შერევას და გაზრდის დაცურებული მასის მოცულობას, რომელიც გელოვანის ქუჩამდე მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს. დასათვლელია სცენარები, თუ რა მიმართულებითაა შესაძლებელი მეწყრის გავრცელება და რა დასახლებულ პუნქტებს შეეხება ის.
მეწყრის მოცულობიდან გამომდინარე (მოწყვეტილი მასა), რომელიც თავისი მასშტაბით ვერეს 2015 წლის მოვლენების დროს დაძრული მასის ტოლფასია, აუცილებელია შევაფასოთ ცუდი სცენარი, რომელიც ყველა შესაძლო გართულებას მოიცავს, რათა მოვახდინოთ პროცესის მართვა, ისე რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა“,-აღნიშნულია ანგარიშში.