ავტორი:

"ყველაზე კეთილი გადაცემა იყო" - როგორ ეხმაურება შორენა ბეგაშვილი "რუსთავი 2"-ზე მისი გადაცემის დახურვას

"ყველაზე კეთილი გადაცემა იყო" - როგორ ეხმაურება შორენა ბეგაშვილი "რუსთავი 2"-ზე მისი გადაცემის დახურვას

"რუსთავი 2"-ზე შორენა ბეგაშვილის გადაცემა "შორენას ეფექტი" დაიხურა. ამბავს მოდელი და ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"გემშვიდობებით, ყველაზე კეთილი გადაცემა იყო", - წერს შორენა.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის შემცირების გამო "რუსთავი 2"-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელი იყო კომპანია გაკოტრებულადაც გამოცხადებულიყო. ტელეარხზე რამდენიმე გადაცემა დაიხურა, მათ შორის მაია ასათიანის "პროფილი" და "თქვენი კლინიკა".

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, "პროფილის" დახურვა წამყვანის ინიციატივით მოხდა.

"თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა - "პროფილის" ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

"პროფილის" დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - "შორენას ეფექტი".

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედავად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

"რუსთავი 2" წარმატებას უსურვებს "პროფილის" შემოქმედებით ჯგუფს.

ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი", - ნათქვამი იყო პაატა სალიას განცხადებაში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან, რასაც კომპანიების წარმომადგენლები ადასტურებენ.