ავტორი:

"...ეს გახდა საფუძველი ბოღმის ბუკეტი კობახიძისთვის, რომ მე რუსეთის აგენტი მეძახოს" - შოთა დიღმელაშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

"...ეს გახდა საფუძველი ბოღმის ბუკეტი კობახიძისთვის, რომ მე რუსეთის აგენტი მეძახოს" - შოთა დიღმელაშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

მოძრაობა "სირცხვილიას" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში პასუხობს.

"დღეს კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მე რუსეთის აგენტი ვარ და ამის მტკიცებულებად მოიტანა 2009 წლის აქცია-პერფორმანსი, რომელზეც ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლას "ვითხოვდით" ვოლტ ვიტმანის ქუჩით.

ბევრისთვის უცხო არაა ეს თემა, 12 წლის წინ, როცა პოეზია მიტაცებდა, ლექსების კითხვა მოვაწყე მეგობრებთან ერთად ჯორჯ ბუშის ქუჩაზე. წავიკითხეთ ჩემი საყვარელი ავტორების - ვიტმანის, რობინზონ ჯეფერსის, ალენ გინზბერგის ზოგმა საკუთარი ლექსებიც, რა დროსაც ადგილზე გაჩნდა პატრულის ეკიპაჟი და დაგვაპატიმრეს იმავე მუხლით, რა მუხლითაც აპატიმრებენ დღეს აქტივისტებს.

ეს გახდა საფუძველი ბოღმის ბუკეტი კობახიძისთვის, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება სავარძლის სერგეი გავრილოვის დათმობისთვის მოუწია, რომ მე რუსეთის აგენტი მეძახოს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში. არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს, ალბათ უნდა ვუჩივლო და დაველოდო სასამართლო როდის გათავისუფლდება, რომ ამ სიტყვებზე პასუხისგება მოუწიოს" , - წერს დიღმელაშვილი.

"ეს ხალხი მხოლოდ რუსულ საქმეს კი არ აკეთებს, არამედ რუსეთის აგენტები არიან, ასეთი ვიზიტების შესახებ ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე საიდან იგებს", - ამის შესახებ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტურის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„სინამდვილეში ისინი არიან რუსული საქმის მკეთებელი ხალხი. ვინ არის გიგა მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესსპიკერი. ვინ არის შოთა დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას საქართველოში. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, არამედ ისინი არიან რუსეთის აგენტები. როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ელენე ხოშტარია საიდან იგებს? მესიჯების „სქრინები“ რომ ჰქონდათ, გამართული რუსულით დაწერილი. ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტორული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.