ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტსა და საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, პოზნერს ჰქონდა საქართველოში ჩამოსვლის უფლება. საზოგადოებას ჰქონდა მწვავე პროტესტის გამოხატვის უფლება. აი, ვახშამზე წასვლა კომენდანტის საათის დროს უკვე იყო უკიდურესი თავხედობა, სიბრიყვე და პროვოკაცია, არა იმდენად პოზნერის, არამედ:
1. მასპინძელი სუბიექტის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და შეათანხმა მთელი ეს მარშრუტი კომენდანტის საათის პირობებში.
2. სასტუმროს მხრიდან, რომელმაც ამაზე “ხელი მოაწერა”.
3. რესტორნის მხრიდან, რომლის ადმინისტრაცია და მთელი პერსონალი აგრეთვე მოქმედებდა კანონს მიღმა.
4. პოლიციისგან, რომელიც კანონით დაკისრებულ მოვალეობას უკუღმა ასრულებდა სავარაუდოდ ზეპირი ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რომელშიც ვლინდება ხელისუფლების მხრიდან არაფორმალური ინტერეს-ჯგუფების კანონზე მაღლა მოქმედებების აღიარება, ანუ ინსტიტუციური კრიზისი" - წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
აქტივისტების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.