ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება - ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას კრიზისის მოგვარებისთვის მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან ექნება.
"გეთანხმებით, ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება, ამისათვის ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე, ბუნებრივია გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან, შეიძლება ეს იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შეიძლება იყოს კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ. ჩვენ გვექნება მცდელობა და რა თქმა უნდა, გვექნება ყველა შემთხვევაში კონსტრუქციული მიდგომა ყველა თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმრავლეობის წევრებს შეხვედრაზე გუშინდელი შეხვედრის დეტალები გააცნეს.
"აინტერესებდა გუნდს ეს დეტალები და ყველა ნიუანსზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდებოდა გუშინდელ დიალოგს. დანარჩენი საჯაროდაც გავრცელდა და იცით, რა ხდებოდა მოლაპარაკების გარშემო, ვინ აყენებდა ულტიმატუმებს და ვინ არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ არა. იყო ოთხი თემა, რაზეც ჩვენ მსჯელობის გაგრძელების სურვილი გვქონდა, მაგრამ არც ერთთან დაკავშირებით ულტიმატუმი არ დაგვიყენებია. რაც შეეხება ოპოზიციას, იყო ორი ძირითადი ულტიმატუმი: ერთი, ეს იყო არჩევნების პლებისციტის თემა და მეორე - რურუას თემა. გარდა ამისა, ზოგიერთმა პარტიამ, მაგალითად, დააყენა ულტიმატუმის სახით მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ნულოვანი ბარიერით. მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძემ დააყენა ეს. სხვებმა სხვა დამატებითი ულტიმატუმები დააყენეს. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ თუ არ აისახებოდა მუდმივი ნულოვანი ბარიერი კონსტიტუციაში, ამ შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძე ხელს არ აწერდა დოკუმენტს. ეს არის ულტიმატუმი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეები მე-10 მოწვევის პარლამენტში უკვე არჩეულები არიან, შესაბამისად, ამ საკითხს თან ახლდა პერსონალური უხერხულობა.
"კომიტეტებთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობის გაგრძელება გვინდოდა. ჩვენ დავაფიქსირეთ აზრი, რომ ეს არის კარგი პრაქტიკა და ეს საქართველოშიც უნდა დაინერგოს. კომიტეტების 1/3 აქვს ოპოზიციას - ეს პრაქტიკა არის ბევრ ევროპულ ქვეყანაში. მათ შორის, საკვანძო კომიტეტების თავმჯდომარეებიც კი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს არის კარგი პრაქტიკა, შესაბამისად, მომხრე ვართ ამ პრაქტიკის დამკვიდრების. ერთადერთი, ჩვენ გვინდოდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო რეალიზებადი ამ ამოცანის შესრულება ამ მოწვევის პარლამენტში, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის პერსონალური და პერსონალურთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები. ჯერ კიდევ ნოემბერში ვაფიქსირებდით მზადყოფნას ამასთან დაკავშირებით. ინიციატივა თავის დროზე ჩვენგან იყო წამოსული, როდესაც იმართებოდა პირველი და მეორე რაუნდი. დიალოგის მონაწილეები ამას დაადასტურებენ. ერთადერთი საკითხი არის ის, რომ კომიტეტების პერსონალური შემადგენლობა არის დაკომპლექტებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს არამხოლოდ უხერხულება, არამედ ცოტა მეტიც. ჩვემ მზად ვიყავით მსჯელობის გაგრძელებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, "ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალური ბარიერი დაიწევს და 3% იქნება.
,,ეს ეხება საარჩევნო რეფორმას, პაკეტი არის ინიცირებული და ამაზე გაგრძელდება მსჯელობა. ასევე დაველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას ამ პროექტთან დაკავშირებით. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ 2024 წელს ბარიერი დაიწევს საპარლამენტო არჩევნებში და მაქსიმალური ბარიერი იქნება 3%. ჩვენ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ ვიმსჯელებთ უფრო დაბალი ბარიერის შემოღებაზეც 2024 წლის არჩევნებისთვის და შემდგომი არჩევნებისთვისაც უფრო დაბალი ბარიერის შენარჩუნებაზე. აქ კარი ჩაკეტილი არ არის. მთავარია ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში გამომდინარე იქიდან, რომ 113 ხმა არის საჭირო.
სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ დროებით შეჩერდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცედურა, ვიდრე არ დასრულდება კანონპროექტის მიღება. ეს პროცესი დასრულდება ხვალ და იქნება მიღებული შესაბამისი კანონი, სადაც იქნება ასახული ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაცია. საქმე ეხება კენჭისყრის ღიაობას, გასაჩივრების პროცედურას და სხვას. ასევე, შესწავლილი იქნება სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღები საერთაშორისო ექსპერტების პარტნიორობით, ამის საფუძველზე შეიქმნება წინადადებები და გაგრძელდება რეფორმირება სასამართლოს რეფორმირებაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის კინოდარბაზში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, უმრავლეობის ვიცე-სპიკერები, კომიტეტის თავმჯდომარეები და "ქართული ოცნების“ რიგითი დეპუტატები.