საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ სტუდენტური პარლამენტის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უნივერსიტეტსა და სტუდენტურ პარლამენტს შორის სამომავლო ურთიერთობების გამყარების სურვილი გამოთქვა.
„თქვენ დღეს იმყოფებით უნივერსიტეტში, რომელიც მომავალ წელს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს არის უნივერსიტეტი, რომლის კედლებში აღზრდილმა თაობებმა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ააშენა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ სიტყვით გამოსვლისას. ამის დასტურად მან მოიყვანა ენგურჰესი, რომელიც დაპროექტდა და აშენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებში აღზრდილი სპეციალისტების მიერ, რაც ჩვენი სიამაყეა, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური ბაზისური ჰიდროელექტროსადგური. „თქვენ ჩვენი საქმე უნდა გააგრძელოთ. თქვენ ქმნით საქართველოს მომავალს, ისტორიის ახალ ფურცლს წერთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ახალგაზრდების იმ წამოწყებებს, რომელიც საქართველოს მომავალზეა ორიენტირებული, მხარი არ დავუჭიროთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი. სიტყვით გამოსვლისას დავით ოქიტაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულებთან, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობა. „მადლობა მინდა გადავუხადო სტუდენტური პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიის თავმჯდომარეს სალომე ცინდელიანს ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობისთვის - ჩვენი კარი თქვენთვის მუდამ ღია იქნება. უახლოეს დღეებში, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კომისია შეიქმნება. მოხარული ვიქნებით, თუ საიუბილეო ღონისძიებათა ორგანიზებაში სტუდენტური პარლამენტი ჩაერთვება“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.
სტუდენტური პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიის თავმჯდომარემ სალომე ცინდელიანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ სტუდენტური პარლამენტისათვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ არა ერთი ერთობლივი პროექტი განხორციელდება, რომელშიც ჩართული იქნებიან სხვადასხვა დარგის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, 100 წლის იუბილეს მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებების ციკლი მიეძღვნება. საზეიმო სამზადისსა და ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის მიერ აღზრდილი თაობების ის ღირსეული წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობითა და მოღვაწეობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სახელი გაუთქვეს.